ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად სომხეთის მიერ ფინანსური შენატანების დაგვიანებას უკავშირდება, თუმცა ის ერევნის დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის გაძლიერების ფონზე მიიღეს.
სომხეთს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ/კუხო) ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა. ამის შესახებ 11 ნოემბერს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ეს ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაუარესების კიდევ ერთი გამოვლინებაა.
სომხეთის ხელისუფლებისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. ერევანმა სამხედრო ალიანსში წევრობა ფაქტობრივად 2024 წლის მაისში შეაჩერა, როდესაც განაცხადა, რომ ორგანიზაციისთვის აუცილებელი ფინანსური შენატანების განხორციელებას შეწყვეტდა.
მანამდე, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, სომხეთი ორგანიზაციის არცერთ მნიშვნელოვან შეხვედრასა თუ სამხედრო წვრთნას არ დასწრებია. ამის მიზეზი გახდა ის, რომ კუხომ არ უპასუხა ერევნის თხოვნას სამხედრო დახმარების შესახებ მას შემდეგ, რაც 2021 და 2022 წლებში აზერბაიჯანი სომხეთის ტეროტირიას თავს დაესხა.
გასულ კვირას, როდესაც ჟურნალისტებმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ჰკითხეს, როგორ შეხვდებოდა ორგანიზაციის საბჭოს მიერ 25-ე მუხლის ამოქმედებას – იმ ზომას, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა ბლოკმა დღეს მიიღო, ფაშინიანმა განაცხადა:
„მინდა, ერთხელ და სამუდამოდ განვაცხადოთ, რომ ОДКБ/კუხოს მიმართ ჩვენი ინტერესი ამოწურულია“.
მიმდინარე წლის დასაწყისში სომხეთი კუხოდან, ასევე, მოსკოვის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლითაც დაიმუქრა. ამის მიზეზი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებული სავაჭრო შეზღუდვები გახდა. სხვადასხვა სახის პროდუქციაზე დაწესებული აკრძალვები, ოფიციალური განმარტებით, პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებს, თუმცა ისინი დაემთხვა პერიოდს, როდესაც სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობებს აახლოებს.
მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დიმიტრი პესკოვმა განაცხადა:
„ეს საკითხი განხილული იყო და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
ვინაიდან სომხეთი რამდენიმე წლის განმავლობაში არ ასრულებდა საკუთარ ვალდებულებებს, ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, შეთავაზებული და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, სომხეთს ჩამოერთვას ხმის მიცემის უფლება, ასევე, ОДКБ/კუხოში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე საკუთარი წარმომადგენლების წარდგენის უფლება“.
ОДКБ/კუხომ გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღო, როდესაც სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ნაბიჯებს დგამს. მათ შორისაა ევროპული ორგანიზაციის სტანდარტებთან შესაბამისი ბიომეტრიული პასპორტების შემოღება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, სამშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სომხეთისთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამის მიზეზი ОДКБ/კუხოს ბიუჯეტში სომხეთის შენატანების ორ წელზე მეტი ხნით დაგვიანებაა.
რუსმა მინისტრმა ასევე აღნიშნა:
„ჩვენ კარს ბოლომდე არ ვხურავთ“.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.