გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმეს. ამის შესახებ მედიასთან ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბრალდებულს პროკურატურა ცემასაც ედავება და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წაუყენეს.
„ნაცვლად იმისა, რომ პროკურატურას საერთოდ შეეწყვიტა დევნა უდანაშაულო ადამიანის მიმართ, დღეს წაუყენეს ახალი ბრალდება, თითქოს მან სცემა ერთ-ერთ ადამიანს, ვინც მას თავს ესხმის. ისევე, როგორც სხვა ნაწილში, ამ ნაწილშიც საქმე არის სრულიად აბსურდული. საქმეში არ არსებობს არცერთი უტყუარი მტკიცებულება და რაც მთავარია, ვიდეოკამერის ჩანაწერებს ეწინააღმდეგება ბრალდების პოზიცია“, – ამბობს ადვოკატი „მთავარ არხთან“.
ადვოკატის თქმით, ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, როგორ ესხმის რამდენიმე ადამიანი თავს ბრალდებულს, თუმცა არცერთი მათგანი არ დაუკავებიათ.
16 თებერვალს გუდაურში მომხდარი შემთხვევის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს და ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, დღეს კი – ადვოკატის თქმით – ცემის მუხლიც.
გუდაურში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე დააკავეს ერთი პირი – შსს