დღეს, 27 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავებული კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
„საპარლამენტო არჩევნების წინ საკუთარი პროპაგანდისტული კამპანიის წარმოებისთვის „ქართულმა ოცნებამ” ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც კარტოგრაფები მუშაობდნენ, ადვოკატებს მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის გაცნობის საშუალებას არ აძლევს, რაც ამორალობის ახალი საფეხურია „ქართული ოცნების“ პირობებშიც კი.
დოკუმენტაციის გაცნობაზე უარი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გამოძიება ფორმალობაა და რეალურად ხელისუფლებამ ორი ადამიანი გაწირა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებისთვის“, – ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები.
აქციის ორგანიზატორებს შორის არიან პოლიტიკური პარტიები, მათ შორის, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი“; მოძრაობების – „გხედავ“, „შეცვალე“, „სირცხვილია“ წარმომადგენლები;
აქციაზე ადამიანები მისულები არიან პლაკატებით წარწერით – „სირცხვილი“; „აქ უნდა ეხატოს სირაქლემა“; „დღეს დუმილი დანაშაულია“, „შემდეგი იქნები შენ“. სიტყვით გამოსვლებისას მოწოდებებში ისმოდა ფრაზა: „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ აქტივისტებმა გაუშვეს თეთრი და შავი კვამლი, ასევე ისმის სირენისა და სტვენის ხმაც. შენობის შესასვლელში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დგანან.
აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 8 ოქტომბრიდან პატიმრობაში არიან. გამოძიების მტკიცებით, საზღვრების შეთანხმებისას მათ არ გამოიყენეს ერთ-ერთი რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიერ მტკიცებულებად მოყვანილი რუკის გამოყენება არ შეიძლებოდა.
4 დეკემბერს გაიმართება სასამართლო სხდომა, რომელზეც მელაშვილი-ილიჩოვას აღკვეთი ღონისძიება გადაიხედება. ადვოკატები აპირებენ, რომ მოითხოვონ მათი თავდებობით გათავისუფლება. ისინი თავდებში ჩადგომის მსურველების ხელმოწერებს აგროვებენ.