„ბათუმი რივიერას“ საქმეზე საია-მ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

პუბლიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არ დააკმაყოფილა „ბათუმი რივიერას“ საქმეზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ და ორგანიზაცია „ბათომმა“ საია-ს დახმარებით შეიტანეს.

საია-ს ინფორმაციით, დღეიდან დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლებს. სასამართლოში მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობასთან ერთად, მოთხოვნილია გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება.

ორგანიზაციის ცნობით, 2019 წლის 20 აგვისტოს, ქალაქ ბათუმის საკრებულომ ბათუმის ისტორიულ ნაწილში – იაკობ გოგებაშვილის ქუჩასა და ზღვის სანაპიროს შორის მდებარე პროექტში მითითებულ 9.7 ჰა ტერიტორიაზე, დაამტკიცა განაშენიანების რეგულირების გეგმა. გეგმის მიხედვით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში შესაძლებელი ხდება არაერთი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა. ამ საკითხზე დავა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

„აღსანიშნავია, რომ გეგმის დამტკიცების შემდეგ, 2019 წლის 24 დეკემბერს, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც შეთანხმდა ქალაქ ბათუმში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის და ზღვის სანაპიროს შორის მდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური მაღალსართულიანი შენობის „სილქ თაუერისა“ და ლაგუნას არქიტექტურული პროექტი და კონსტრუქციული სქემა, რაზეც გაიცა მშენებლობის ნებართვა”, – ამბობენ საია-ში.

მათივე ცნობით, საქმის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ მშენებლობის ნებართვა გაიცა კანონმდებლობის უხეში დარღვევით.

ორგანიზაციის შეფასებით. გადაწყვეტილებების მიღებისას არ არის შეფასებული პროექტის გავლენა გარემოზე, ბულვარზე, ზღვაზე, სანაპიროზე, ადამიანთა ჯანმრთელობაზე, ქალაქის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და ეკონომიკაზე. შესაბამისად, სახეზეა იმ ტიპის დარღვევები, რომლებიც მშენებლობის ნებართვის ბათილობის საფუძველი უნდა გახდეს.