ბათუმში ირაკლი ჩავლეიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის მთავარი არსი მოღალატის დასჯაა. მის მიმართ ქცევა, და შემდეგ ამ ქცევის წაქეზება „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერის მიერ, გამოხატავს გზავნილს – მოღალატე და გადამრბენი მიიღებს სანქციას!
მოდით ამ მიდგომას შევხედოთ. ღალატი მტკივნეული რამაა. „ვისაც ჩავაცვი, მან გამხადა სწორედ“ – რთული გადასატანია. ისარგებლა რესურსით, პარტიული მხარდაჭერით, მიიღო გამოცდილება და ხელსაყრელ მომენტში გადგა ან სულაც, იერიში წამოიწყო. რომ არა ღალატი, ისტორია ალბათ ძალიან მოსაწყენი წასაკითხი იქნებოდა. „შენც ბრუტუს“ – ყველა ლიდერის კოშმარია. შესაბამისად, იდეას, რომ ღალატს უნდა მოჰყვეს სანქცია, შეიძლება ჰქონდეს მხარდაჭერა. თუმცა…
პოლიტიკური სპექტრი სავსეა „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული, განზე გამდგარი პოლიტიკოსებით – „ყოფილებით“. ისინი ჩამოყალიბდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში და მიხეილ სააკაშვილის ჩრდილქვეშ. აქ შეიძინეს გამოცდილება და შემდეგ ცალკე პოლიტიკური პროექტები წამოიწყეს. ხშირად „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკითაც არიან დაკავებულნი.
ბოკერია, უგულავა და მთელი „ევროპული საქართველო“, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ბევრი სხვა სწორედ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილი პოლიტიკური კადრებია, ახლა უკვე დამოუკიდებელი პროექტებით. რატომ არ მოხდა და ხდება მათ მიმართ „ურნის ილეთის გამოყენება“? იმიტომ ხომ არა, რომ ამ ხალხს იმდენი მომხრე მაინც ჰყავთ, რომ ერთი ურნა მაინც შეიძლება უკან მოხვდეს მსროლელს? და თუ ეს ასეა, მაშინ დემონსტრაციულად დასჯისთვის სუსტი ფიგურის გამოყენება ხომ მის მიმართ თანაგრძნობას განაპირობებს? და ეს შემდგომ რამდენად აღწევს „სანქციის“ მიზანს?!
პირიქითაც ხდება – როცა საჭიროა „ყოფილებთან“ პოლიტიკური თანამშრომლობაც მოსულა: ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძის თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ამის ცხადი მაგალითია. პრაგმატული პოლიტიკური მიზნებიდან ესეც გასაგებია. თუმცა „ყოფილებთან“ დამოკიდებულებას ეს თანმიმდევრულობას აკლებს. ზოგი „ყოფილი,“ (სუსტი) „ყოფილია“ და ზოგი „ყოფილი“ „ყოფილი“ არ არის. შერჩევითი სანქცია კი ძლიერი სანქცია ვერ იქნება.
ურნის შემთხვევას სხვა პრობლემაც აქვს: ურნიდან ქურდულ გარჩევამდე, ამხანაგურ სასამართლომდე, ზონდერ ბრიგადების სადამსჯელო ოპერაციებამდე, Narcos სტილით საჯარო შურისძიებამდე არც ისე შორი მანძილია. ასეთი პარალელები კი ისეთ მეხსიერებას ააქტიურებს აუდიტორიაში, რომ არა მგონია ეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას აწყობდეს.
ასე რომ „ყოფილების“ საკითხი კარგად დასაფიქრებელია. იქნებ ღირდეს, მიუხედავად ემოციური სირთულისა, სუნ ძის ათასწლოვანი სიბრძნის დაჯერება და რაღაც ხნით მდინარის პირას ჩამოჯდომა…