ჩხოროწყუს მერიასთან ხმაურია - მოითხოვენ მერის გადადგომას

პუბლიკა

ჩხოროწყუს მერიის წინ ხმაურია – აქტივისტები, ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები მერის გადადგომას მოითხოვენ. ისინი პროტესტს გამოთქვამენ, იმის გამო, რომ მოსწავლეებს მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს და აცხადებენ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა უნდა დადგეს როგორც მერის, ასევე მერიის იმ თანამშრომლებისა, რომელთაც მსგავსი ფაქტი დაუშვეს. მერიის შენობასთან ადგილი ჰქონდა პოლიციასთან შეხლა-შემოხლასაც, ვინაიდან აქციის მონაწილეები მერიის შენობაში შესვლას ცდილობდნენ.

„აქ არ არის მხოლოდ სკოლის დირექტორის თუ მასწავლებლის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში არის მერიის პასუხისმგებლობა. მერმა უნდა დატოვოს თანამდებობა, იმიტომ, რომ ბავშვებისთვის მორალური შეურაცხყოფის ანაზღაურება შეუძლებელია და პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველამ, ვინც ამაში დამნაშავეა”, – აცხადებს აქციის მონაწილე.


მედიაში გავრცელდა კადრები, თუ როგორ ასუფთავებენ სკოლის მოსწავლეები ადგილობრივი მერიის საპირფერეშოს.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ  სსკ-ის 150-ე მუხლით მოკვლევა დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. პასუხისმგებელი პირების დადგენის მიზნით მომხდარზე მოკვლევა დაიწყო განათლების სამინისტროს შიდა აუდიტმაც.

გუშინ, 2 თებერვალს ჩხოროწყუს მერმა, დავით გოგუამ „პუბლიკას“ უთხრა, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჯერჯერობით მერიის თანამშრომლები არ გამოკითხულან, გამოიკითხნენ მშობლები, ბავშვები და მასწავლებლები. მისი თქმით, ადგილობრივი მერიის თანამშრომლები მზად არიან, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ყველა კითხვას გასცენ პასუხი. გოგუა ამბობს, რომ ამ ეტაპზე გამოკვეთილია „ყველა ფიგურანტი“, თუმცა მომხდართან დაკავშირებით „მორალურ პასუხისმგებლობას არავინ გაურბის“.

ადგილობრივი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა აქცია გუშინაც გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ თუკი ჩხოროწყუს მერი და მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობას არ დატოვებენ, ისინი ქუჩაში გამოვლენ და საპოტესტო აქციას გამართავენ.