საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. 16 დეკემბერს ქართველი კანონმდებლები IRI-ის პრეზიდენტ დენიელ თვინინგსა და IFES-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ სვეტლიკს შეხვდნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპუტატებმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საარჩევნო და მართლმსაჯულების სფეროში გატარებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს კონგრესმენთა განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ კონკრეტულ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უზრუნველყოფს, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება.
„საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება ვაშინგტონში და უზრუნველყოფს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას“, – განუცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებს კონფერენციის დაწყებამდე .
აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს და შეშფოთებას გამოთქვამს „ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებაზე, უარი თქმულიყო დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე, ისევე, როგორც ძალადობის შესახებ ცნობებზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ“.