პარტნიორებისგან ყველა სახის კრიტიკას სამუშაო რეჟიმში ვიღებთ – გახარია კონგრესმენებზე

პუბლიკა

მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორებისგან ყველა სახის კრიტიკაზე ჩვენი პოზიცია გვაქვს, მაგრამ ყველა სახის კრიტიკას ვიღებთ სამუშაო რეჟიმში. აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, –  აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილზე კომენტირებისას.

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს და შეშფოთებას გამოთქვამს „ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებაზე, უარი თქმულიყო დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე, ისევე, როგორც ძალადობის შესახებ ცნობებზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ“.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

„კონგრესმენები არიან საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები. ჩვენ მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორებისგან ყველა სახის კრიტიკას ვიღებთ სამუშაო რეჟიმში, აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. არსებობს გარკვეული კითხვები და ამ კითხვებს ვუპასუხებთ. ეს არის სწორედ პოზიტიური თანამშრომლობის, პოზიტიური მეგობრობისა და პოზიტიური სტრატეგიული თანამშრომლობის ნაწილი. არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომელიც უკვე გავლილია, ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება და საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ვერავინ. ეს არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი და პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო. სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი. როგორც იცით, ელჩების მეშვეობით ეს დიალოგი მიმდინარეობს და ვნახოთ. ერთი რამ არის – საქართველოს მთავრობას, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ჩვენს მეგობრებს, ყველას გვაღელვებს ერთი რამ – ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარება, რაშიც ეჭვი არავის ეპარება. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც გვაქვს დღეს, არ გვქონია არასოდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება ისეთი დაცული, ღია და გამჭვირვალე არ ყოფილა, როგორიც დღეს არის.

„აქციის დაშლასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სრულად მივაწვდით ინფორმაციას – რეალურ და ობიექტურ ინფორმაციას და ამ ნაწილშიც ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, იმიტომ, რომ დარწმუნებულნი ვართ ყველა იმ ნაბიჯში, რომელიც აქციების დროს გადაიდგა სამართალდამცავი სისტემის მიერ. არასოდეს გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში ისეთი დაცული, ღია და ტრანსფარენტული არ ყოფილა, როგორც არის დღეს. ეს ფაქტია და ამას მე არ ვაფასებ მარტო, ამას აფასებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და ა.შ.“, – განაცხადა გახარიამ.