„მოხდება კინოთეატრების ბლოკირება“ - „ქართული მარში“ ფილმის ჩვენების ჩაშლას გეგმავს

პუბლიკა

„ქართული მარშის“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ არ დაუშვებენ ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საქართველოს კინოთეატრებში პრეზენტაციას.

როგორც სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, 8 ნოემბერს, როდესაც ფილმის პრემიერაა დაგეგმილი ისინი „მშვიდობიანი ფორმით მოახდენენ კინოთეატრის ბლოკირებას“. ბრეგაძე დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.

„8 ნოემბერს, იმ დღეს, როდესაც დაგეგმილია გეი პროპაგანდის ფილმის ჩვენება, თბილისის და ბათუმის კინოთეატრებში, ის  ჩაიშლება. ესაა  თითოეული ქართველის მოვალეობა, ესაა ჩვენი მუსლიმი ძმების და სხვა რელიგიური აღმსარებლების მოვალეობაა, რომ არ დაუშვან ამ სიბილწის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში. მოხდება კინოთეატრების ბლოკირება.  ეს იქნება მშვიდობიანი ფორმა და ამ მშვიდობიანი ფორმით არ დავუშვებთ შევიდნენ კინოთეატრში“,- განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

მისივე თქმით, ბათუმელმა მხარდამჭერებმაც გამოთქვეს სურვილი, რომ დედაქალაქის მსგავსად ფილმის პრემიერა ბათუმშიც გააპროტესტონ.

ბრეგაძემ ეკლესიასაც მიმართა თხოვნით, დააფიქსირონ მკაფიო პოზიცია ფილმთან დაკავშირებით და მრევლს მოუწოდონ „მშვიდობიანი ფორმით ჩაშალონ“ ფილმის ჩვენება.

წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის  ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართულ-შვედური კოპროდუქციაა, რომელიც შვედეთმა „ოსკარზე“ წარადგინა.

თბილისის კინოთეატრებში ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბილეთების 99,6% პრემიერამდე 5 დღით ადრე გაიყიდა.

ფილმის პრემიერის ჩაშლის შესახებ განცხადება სანდრო ბრეგაძემ 30 ოქტომბერსაც გააკეთა. „პუბლიკას“ შს სამინისტროში განუცხადეს, რომ განსაკუთრებული ზომების მიღებას არ გეგმავენ და „პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად“.