დვალმა და აქიმიძემ პროკურატურაში „რუსთავი 2-ის“ საქმის მასალების გაცნობა მოითხოვეს

პუბლიკა

„რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას მიმართეს და საქმის მასალების გადმოცემა მოითხოვეს.

„საქმის მასალების მიღებით გახდება ცნობილი, რასთან გვქონდა საქმე და რა დანაშაულია ჩადენილი. ამასთანავე, ვაფრთხილებ პროკურატურას, არ გამოიტანოს რაიმე დადგენილება, ხელი არ წაუცდეთ, რომ ისინი დაზარალებულთა სიიდან ამორიცხონ. ეს იქნება კიდევ ახალი დანაშაული”, – განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

დავით დვალის თქმით, 2015 წელს ტელეკომპანიის წილების მათთვის უკანონოდ წართმევის გამო დაზარალებულად იყვნენ ცნობილი, თუმცა საქმის მასალების გაცნობის საშუალება არ ჰქონდათ და ეს შესაძლებლობა კანონის შეცვლის შემდეგ მიეცათ.

დვალის განმარტებით, არსებული მასალებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, რა დანაშაულებრივი სქემა იყო შემუშავებული.