წიგნის ფესტივალი 24-27 ივნისს ფიზიკური სახით გაიმართება

პუბლიკა

თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალი წელს 24 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით,  ტრადიციულად, „ექსპო ჯორჯიას“ პავლიონებში გაიმართება.

COVID-უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პავილიონებში მოსული დამთვალიერებლების ნაკადების გასაკონტროლებლად, ფესტივალზე სტუმრობის მსურველთათვის  აუცილებელი იქნება წინასწარი რეგისტრაცია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ვებგვერდზე – www.tbilisibookfestival.ge

ორგანიზატორების ცნობით, აღნიშნულ ვებგვერდზე მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა ექნება დეტალურად გაეცნოს ფესტივალის პროგრამას, რომელიც ეტაპობრივად გახდება ცნობილი და მიიღოს სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია ფესტივალის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ფესტივალი იქნება ჰიბრიდული და ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, მომხმარებლებს, სურვილის შემთხვევაში, წიგნების შეძენა, აღნიშნულ ვებგვერდზე, საფესტივალო ფასებად ონლაინ რეჟიმშიც შეეძლებათ.

„თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2021-ის პროგრამა იგეგმება რამდენიმე მიმართულებით: ახალი წიგნების პრეზენტაციები და მკითხველების შეხვედრა თანამედროვე ქართველ ავტორებთან, მთარგმნელებთან, გამომცემლებთან, ლიტერატურის კრიტიკოსებთან; პანელ-დისკუსიები სხვადასხვა აქტუალურ ლიტერატურულ თემაზე, ქართველი და უცხოელი სპიკერების მონაწილეობით; საერთაშორისო საგამომცემლო კონფერენცია სფეროს პროფესიონალებისთვის, ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით; საბავშვო პროგრამა სპეციალურად პატარა მკითხველებისთვის, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის გათვლილ გასართობ-შემეცნებით აქტივობებსა და ღონისძიებებს მოიცავს”, – ნათქვამია განცხადებაში.