კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ კულტურის სამინისტროს შენობაში 7 ფერწერული ნამუშევარი არ აღირიცხება, თუმცა აღნიშნავს, რომ ნამუშვრები დაკარგული არ არის. მინისტრის თქმით, ამ ნამუშევრებიდან 4 ჩეხეთშია ამჟამად, ხოლო 3 – მუზეუმში.
„ჩვენ გვაქვს ფაქტებით გამყარებული ვარაუდი, რომ ეს ექსპონატები დაკარგული არ არის, თუმცა ვთანხმდებით დღეს ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ჩვენ – სამინისტრო და მუზეუმთა ჯგუფში ჩვენი რწმუნებული, ბატონი ნიკა ახალბედაშვილი, რომ დავიწყებთ იმ 4 ექსპონატის ჩეხეთიდან დაბრუნებას, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, 2010 წელს გაუტანიათ მაშინდელ კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობას და როგორც კი ეს ექსპონატები დაბრუნდება 11 წლის შემდეგ საქართველოში, რა თქმა უნდა, ის ადგილს დაიდებს ფონდებში. ასევე, არის 3 ექსპონატი, რომელიც, დოკუმენტების მიხედვით, უნდა იყოს სამინისტროში, მაგრამ აქ არ არის, არსებობს ფაქტებით გამყარებული ინფორმაცია, რომ ისინი უკვე არის მუზეუმებში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, ჩეხეთიდან დაბრუნდება: მხატვარ ირაკლი სუთიძის ნატურმოტი; თენგიზ ცხონდიას „ქართლი“; გურამ ნავროზაშვილის „აღორძინება“; ომარ კაჭკაჭიშვილის „ადრეული გაზაფხული“.