აბრაგულ-ვაჟკაცურ-განგსტერულ-დიდაქტიკური – ვოლსკი კადიროვის გამონათქვამებზე

პუბლიკა

„ჩვენ ვერ შევცვლით ვერც კადიროვის რიტორიკას, ვერც გაბუნიას რიტორიკას“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ საქართველომ თავისი მოქალაქე უნდა დაიცვას, საერთაშორისო თანამეგობრობამ კი კადიროვის გამონათქვამები დანაშაულების გრძელ სიაში ჩაწეროს.

„საერთაშორისო თანამეგობრობამ კიდევ ერთი მაგალითი უნდა ჩაწეროს დანაშაულებების იმ გრძელ სიაში, თვითონ პოზიციის, ამ ქვეყნის არსის, რომელიც სულ ახლა ბოლო პერიოდში შეიქმნა. თუნდაც კადიროვის გამონათქვამები – რაღაცა აბრაგულ-ვაჟკაცურ-განგსტერულ-დიდაქტიკური. ეს თემა არ არის ისეთი ადვილი და უბრალო. ჩვენ ვერ შევცვლით ვერც კადიროვის რიტორიკას, ვერც გაბუნიას რიტორიკას.

სულ არ აინტერესებს იმას არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც „ქართული ოცნება“. იმას აინტერესებს დესტაბილიზაცია. ამ დესტაბილიზაციაში, რასაკვირველია, „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო უწყობს ხელს“, – აცხადებს გია ვოლსკი.


ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, გუშინ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ არ დავიწყებია, როგორ შეურაცხყო გიორგი გაბუნიამ ვლადიმერ პუტინი და ტელეწამყვანს ურჩია: „გიორგი გაბუნიამ, როგორც ადრე ვამბობდი, ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს მომხდარისთვის“. კადიროვი ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქე კადიროვის დაკვეთით ქართველი ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა: „ბატონებო, დამიჯერეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი დავალებით, ის ამ დავალებას ასრულებს. ხოლო, თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, და მით უმეტეს უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა, ამის შესახებ ვერ გაიგებს“, – წერს კადიროვი.


„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, 2020 წლის 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

აღნიშნული, სავარაუდოდ, უკავშირდება 2019 წლის 7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გიორგი გაბუნიას მხრიდან რუსეთის პრეზიდენტის – ვლადიმირ პუტინის გინებას. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა თავად ვლადიმერ პუტინიც.

ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით განცხადებაც გაავრცელა.

უწყების თქმით, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

„ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა”, – აცხადებდა სუსი.