AfD-ის ყოფილი წევრი რუსეთის არმიაში „გერმანულ ბატალიონს“ ქმნის და ომის შემდეგ „გერმანიაზე გალაშქრებას აანონსებს“

პუბლიკა

ავტორი: ელიზავეტა ჩუხაროვა

AfD-ის ყოფილი ჩეჩენი წევრი ნოა კრიგერი რუსეთის არმიაში „გერმანულ ბატალიონს“ ქმნის და აცხადებს, რომ ომის შემდეგ „გერმანიაზე გაილაშქრებს“

ჩეჩნეთში დაბადებულმა ნოა კრიგერმა, რომელიც ასევე ცნობილია მურად დადაევის სახელით, განაცხადა, რომ რუსეთის არმიაში ქმნის დანაყოფს, რომელიც გერმანიის მოქალაქეებისგან იქნება დაკომპლექტებული და რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოლებს. კრიგერმა, რომელიც გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია Alternative für Deutschland (AfD)-ის ყოფილი ყოფილი წევრია, ამის შესახებ Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა და პირობა დადო, რომ „უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ“ „გერმანიაზე გაილაშქრებს“.

კრიგერის თქმით, დანაყოფს სახელი მისი გვარის, „Krieger“-ის (გერმანულად „მეომარი“) მიხედვით ერქმევა და ის რუსეთის მხარდამჭერი გერმანელებისგან დაკომპლექტდება. მას არ დაუკონკრეტებია, რამდენი ადამიანი შედის ამ ფორმირებაში, რა სტატუსი აქვს მას ან რა ადგილი უჭირავს რუსეთის არმიის სტრუქტურაში.

„აღარ მოვითმენთ, რომ ჩვენი მთავრობა გვღალატობს და ჩვენი გადახდილი გადასახადების ფულს უკრაინაში აგზავნის. მოვითხოვთ, ეს თანხები უკან დაბრუნდეს და ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში ჩაიდოს. დღეს რუსეთს მივმართავ, რათა ვაჩვენოთ, გვაქვს თუ არა გამბედაობა, ერთხელ და სამუდამოდ გავწყვიტოთ კავშირი ამერიკასთან. დაე, ღმერთი და გერმანელი ხალხი ჩვენთან იყოს. როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, გერმანიაზე გავილაშქრებთ, რათა ჩვენი ქვეყანა გავათავისუფლოთ. წარმოიდგინეთ: 300 გერმანელი სრულ საბრძოლო აღჭურვილობაში რაიხსტაგის წინ – მაშინ იქ, ზემოთ მსხდომები შიშით შარვალში ჩაისველებენ და სასწრაფოდ ამერიკაში გაიქცევიან“, – დაწერა მან გერმანულად.

მის კიდევ ერთ პოსტს თან ერთვოდა ვერმახტის დევიზი „Gott mit uns“ -„ღმერთი ჩვენთანაა“.

კრიგერი, იგივე დადაევი, ჩეჩნეთში დაიბადა, მოგვიანებით კი გერმანიაში გადავიდა, სადაც პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა. ის დაკავშირებული იყო ულტრამემარჯვენე წრეებთან და AfD-თან თანამშრომლობდა. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ კრიგერი საჯაროდ უჭერდა მხარს რუსეთის პოლიტიკას და აკრიტიკებდა უკრაინის ხელისუფლებას.

კრიგერი გერმანულ სოციალურ მედიაში ცნობილი ფიგურაა – Instagram-ზე მას 400 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. მისი საჯარო რიტორიკა ნაციონალისტური და პროვოკაციულია: ის მხარს უჭერს იმ ადამიანების დეპორტაციას, რომლებიც, მისი თქმით, „ქცევა არ იციან“, და აცხადებს, რომ აუცილებელია „გერმანიის გაწმენდა ყველა უღირსისგან“.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე AfD-მ კრიგერის წინააღმდეგ შიდა გამოძიება დაიწყო, რომლის მიზანიც მისი პარტიიდან გარიცხვა იყო ჩეჩნეთის ხელმძღვანელობასთან მისი კავშირების გამო. ამის შემდეგ კრიგერი რუსეთში გაემგზავრა.

რუსეთში ჩასვლის შემდეგ კრიგერი ჩეჩნეთის პარლამენტის სხდომას დაესწრო, შეხვდა ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვთან დაკავშირებულ მაღალი რანგის უსაფრთხოების წარმომადგენლებს, მათთან ერთად გაიარა მომზადება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში და ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, ახმედ დუდაევს Luftwaffe) ხანჯალი გადასცა, რომელზეც სვასტიკა იყო გამოსახული.

ივლისის დასაწყისიდან კრიგერი აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდეოებს, სადაც რუსეთის სამხედრო ფორმა აცვია და ამტკიცებს, რომ უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა. საკუთარ პოსტებში ის აცხადებს, რომ რუსეთის არმიას უჭერს მხარს.

ასევე ივლისში კრიგერმა მიიღო მედალი „სამხედრო მამაცობისთვის“. ჯილდო მას გადასცა Storm-ის დანაყოფის მეთაურმა. ეს დანაყოფი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პატიმრებისგან ჩამოაყალიბა. მედალი მას 2 ივლისს გადაეცა – იმავე დღეს, როცა კრიგერმა უკრაინიდან პირველი ვიდეო გამოაქვეყნა.

კრიგერი სულეიმან დადაევის ძმაა. ავსტრიის სასამართლომ სულეიმან დადაევს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უმარ ისრაილოვის მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის. ისრაილოვი რამზან კადიროვის ყოფილი მცველი იყო, რომელმაც ჩეჩნეთიდან გაქცევა შეძლო. 2022 წელს სულეიმანი ვადამდე ადრე გაათავისუფლეს და რუსეთში დაბრუნდა.

გერმანული გაზეთი HAZ ასევე იუწყებოდა, რომ გერმანიის სასამართლომ დადაევს ორი წლითა და ოთხი თვით პატიმრობა მიუსაჯა, მათ შორის, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ძალადობის, მძევლად აყვანისა და უკანონო იძულების ბრალდებებით. საქმის დეტალები უცნობია. განაჩენი 2025 წლის აგვისტოში შევიდა ძალაში. დადაევმა გერმანია მხოლოდ ექვს თვეზე მეტი ხნის შემდეგ დატოვა. დღემდე უცნობია, როგორ შეძლო მან ქვეყნის დატოვება.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.