ადამიანის უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონებს აფასებს და ამბობს, რომ არ ახსენდება პარლამენტი, რომელიც „დრაკონულ“ კანონებს ისეთი მასშტაბითა და სიჩქარით იღებდეს, როგორც ამას „ოცნების“ პარლამენტი აკეთებს.
კრივოშეევის განცხადებით, ეჭვი აღარ რჩება იმის თაობაზე, თუ რა მიზნები აქვს ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებსა და ცვლილებებს. შერჩევითი დაკავებები, ძალადობა, სამართლიანი სასამართლოს დაკარგული უფლება, დამოუკიდებელი მედიისთვის არსებობის წყაროების შეზღუდვა და გამკაცრებული რეგულაციები – კრივოშეევი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ავტორიტარული პრაქტიკის მაგალითებია.
„ჩვენ ამ რეგიონზე ვმუშაობთ და ბევრი პარლამენტი გვინახავს, რომელიც დრაკონულ კანონებს იღებს, მაგრამ არ მგონია, მენახოს, არ მახსოვს მენახოს პარლამენტი, რომელიც ამას ამ მასშტაბით და ასე სწრაფად, ასე მოკლე დროში აკეთებდეს.
საქართველოს ხელისუფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ისე უდგება, თითქოს მას შეუძლია, გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ხალხს მისი გამოყენება და როდის – არა. ეს ახალი კანონმდებლობაც მსგავსია, ამის შესაბამისია. ისინი ზღუდავენ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, გამოხატვის უფლებას.
ჩვენ ვიხილეთ თავდასხმები მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე და ყველაფერი, რაც მათ სურვილს ეწინააღმდეგება, რომ საჯარო სივრცის გაკონტროლება შეძლონ – როგორც ჩანს, თავდასხმის სამიზნე ხდება. ჩვენ გვაშფოთებს იმის ნახვა, თუ როგორ ამკაცრებენ ისინი წესებს, რომლებიც ისეთ რაღაცებს არეგულირებს, როგორიც საჯარო სივრცეა, და ხალხის უფლება და შესაძლებლობა პროტესტისა და სიტყვის თავისუფლებით ისარგებლოს. ახლა კი ვხედავთ გაზრდილ ჯარიმებს, რომლებიც აკრძალვებს უკავშირდება, რომლებიც თავადაა შერჩევითი და ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. [ვხედავთ] როგორ ზრდიან და აფართოებენ ამ დრაკონული წესების მასშტაბს და მათ გამოყენებას“, – ამბობს კრივოშეევი.
ის საუბრობს საპროტესტო აქციებზე დაკავებულების შესახებ და აღნიშნავს, რომ „Amnesty International”-ს დოკუმენტირებული აქვს „ასობით შემთხვევა, როცა ადამიანებს ცუდად მოეპყრნენ, სცემეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, არ მისცეს ადვოკატებთან დაკავშირების უფლება, დააკავეს თბილისში ან სხვა ადგილას, და შემდეგ პროტესტის, დაკავების ადგილიდან შორს გაათავისუფლეს, დიდი ხნის განმავლობაში ოჯახებთან დაკავშირების საშუალება არ მისცეს. და რაც ყველაზე მეტად შემაწუხებელია, რამდენი ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში. ეს ძალადობრივია, ეს დანაშაულებრივია”.
„ამისთვის, პოლიციამ, მათ ვინც ამას აკეთებს და მათ, ვინც ამის ბრძანებებს გასცემს, პასუხი უნდა აგონ. ახლა ეს არ ხდება, ამას ვერ ვხედავთ. ამგვარად, ამ ძალადობის მასშტაბი და სიმძიმე საკმაოდ შემაშფოთებელია.
ჩვენ ნამდვილად ვხედავთ ტენდენციას. უპირველესად, იმას, რომ ეს [დაპატიმრებული] ხალხი დემონსტრანტებს შორის შერჩევითადაა დაკავებული. არ არსებობს განსხვავება იმ ხალხს შორის, ვინც თუნდაც ძალადობდა, ან კანონს გადააბიჯა რამენაირად და ვინც იქ უბრალოდ, [ადგილზე] იყო. მას შემდეგ, რაც პოლიცია აკავებს, მათ უხეშად ექცევიან, აპატიმრებენ, მიჰყავთ პოლიციის განყოფილებებში და შემდეგ უარს ეუბნებიან ადვოკატებთან კონტაქტზე. შემდეგი პროცედურებიც, სასამართლო პროცესები ძალიან სწრაფად ტარდება, როცა მოსამართლეები ისმენენ პოლიციელთა ჩვენებებს დაკავებულთა მხრიდან შესაძლო დანაშაულების შესახებ და იღებენ ამას, როგორც დადასტურებულ ფაქტს.
პარალელურად, ჩვენ ვხედავთ ძალიან ბევრ მტკიცებულებას, დოკუმენტს იმისა, რომ პოლიცია დემონსტრანტებს სცემს, მათ უხეშად ექცევა, მათ ცხოვრებას ურთულებს ბევრი სხვადასხვა გზით… ბევრი კი, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, საერთოდაც საავადმყოფოში აღმოჩნდა და ეს ერთი შემთხვევა არაა. ათეულობით შემთხვევაც არაა. ძალიან საგულისხმო რიცხვებზეა საუბარი, რაც აჩვენებს, რომ ასე ექცევა პოლიცია დემონსტრანტებს. ბევრ ადამიანს აპატიმრებენ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ განსხვავებული ხმა აქვს. ამის გამო ეპყრობიან მათ ასე. ეს კი მიუთითებს, რომ ესაა წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკა იმისა, რომ დემონსტრანტებს, პროტესტის მონაწილეებს ასე, გამორჩეულად უხეშად, ძალადობრივად მოექცნენ. მათ, ვინც ამას აკეთებს, იციან, რომ თავისი ქმედებებისთვის არ დაისჯებიან”, – აღნიშნავს ის.
„საერთაშორისო ამნისტიის“ რეგიონული დირექტორი სასამართლო სისტემაზეც საუბრობს და ამბობს, რომ დაკავებული დემონსტრანტები სამართლიანი სასამართლოს უფლებას ვერ იღებენ.
„ჩვენ ვხედავთ ბრალდებების სისასტიკეს, როდესაც იმის არსი, რაც მათ გააკეთეს, არ შეესაბამება იმას, რაშიც ბრალს სდებენ. ვხედავთ, როგორ ადვილად და უხეშად იყენებენ ისეთ ზომებს, როგორიცაა, ხალხის გისოსებს მიღმა ჩასმა გამოძიების პერიოდში თუ სხვა. ეს ყველაფერი მათი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაა“, – აცხადებს კრივოშეევი.
ინტერვიუში საუბარი შეეხო „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმესაც.
ჟურნალისტმა დენის კრივოშეევს ჰკითხა, რას აჩვენებს მზია ამაღლობელის საქმე და მისი ციხეში დატოვება მაშინ, როცა ძალადობაში მხილებული სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.
კრივოშეევის თქმით, მზია ამაღლობელის საქმე გზავნილია ყველასთვის, ვინც გადაწყვეტს, რომ ქუჩებში პროტესტს შეუერთდეს.
„ეს იმას აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ნამდვილად განზრახული აქვს ყველას აჩვენოს, თუ რა სისასტიკით მოექცევა ნებისმიერ პროტესტს. ეს კომპლექსური საქმეა. ვხედავთ პოლიციელისთვის სილის გაწვნას. მაგრამ ჩვენ ვხედავთ კონტექსტსაც, რა ხდება იქ, რა ხდება მანამდე, და რა ხდება შემდეგ. ჩვენ ვხედავთ, რა ადვილად აკავებენ ამ ადამიანს უპირველეს ყოვლისა არაფრის გამო, პოსტერის გაკვრისთვის. შემდეგ, მას სვამენ გისოსებს მიღმა ძალიან ნაჩქარევი პროცესის შედეგად, როგორც საშიშ კრიმინალს. იმ გარემოებაში, როცა, ხალხს უფრო სერიოზული დანაშაულისთვის გამოძიების პერიოდში არ აკავებენ.
ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ მას მკაცრად ექცევიან, პოლიტიკურ შეხედულებებზე დაფუძნებით, როგორც გზავნილს ყველასთვის, ვინც გადაწყვეტს, რომ ქუჩებში პროტესტს შეუერთდეს”, – ამბობს ის.