„არანაირ მასობრივ შემოდინებასთან არ გვაქვს საქმე“ - პაპუაშვილი რუს ვიზიტორებზე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ რუსი ვიზიტორების ქვეყანაში შემოდინებასთან დაკაშირებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

„ ე.წ. მასობრივ შემოსვლას რაც შეეხება, ეს გახლავთ სწორედ ნაწილი იმ დისკრედიტაციული კამპანიისა, რომელიც მიმდინარეობს მთავრობის წინააღმდეგ. ეს არის სწორედ, რაც იწვევს კითხვის ნიშნებს ჩვენში – რატომ ხდება ასეთი ინფორმაციების გავრცელება ხოლმე.

არანაირ მასობრივ შემოდინებასთან ჩვენ საქმე არ გვაქვს.  ყველას შევახსენებ, რომ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია, სხვათა შორის, რუსეთის მხრიდან. იცით, რომ ლარსის საზღვარზე გადმოდის მხოლოდ ტვირთი და არ არის კერძო მიმოსვლა.

რაც შეეხება მონაცემებს, რაც მე ვნახე… გუშინ იყო ეს თემა განხილვის საგანი, ესეც გახლავთ ერთ-ერთი ნაწილი დეზინფორმაციული კამპანიისა, იმისთვის, რომ სწორედ შფოთი შემოვიდეს საზოგადოებაში და არ იყოს სიმშვიდე და მშვიდობა“,  – განაცხადა მან და მოუწოდა ჟურნალისტებს, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია.