С-დან B-ში – ნაკრების აღმასვლა გრძელდება

ეკა ელოშვილი

ძნელად თუ რამე შეედრება იმ შეგრძნებას, როცა შენი გუნდით ამაყობ და ამ სიამაყით გაჯერებული სიმშვიდის შეგრძნება გეუფლება. ყოველგვარ რაციონალიზმს კარგავ, ისვრი ფრაზებს ფანტაზიის ჟანრიდან – „გერმანიას გადავხევთ, ძმაო“! 

არადა, ერთა ლიგის სტატისტიკის შემხედველს, ძალიანაც გინდა, ამის მართლა გჯეროდეს: 

  ნაკრების რეკორდი – 11-მატჩიანი წაუგებელი სერია (9 მოგება, 2 ფრე);

  საუკეთესო შედეგი ერთა ლიგის С დივიზიონში და 16 ქულა; 

  B დივიზიონის საგზური; 

  ევრო 2024-ის პლეი ოფში ნახევარფინალის მასპინძლობის უფლება; 

  ხვიჩა კვარაცხელია, ერთა ლიგის ყველაზე პროდუქტიული მოთამაშე – 5 გოლი 6 მატჩში, 2 ასისტი და 3 მოპოვებული პენალტი.

ივნისში, მაღალ დონეზე და ერთი ამოსუნთქვით ჩატარებული მშვენიერი მატჩების შემდეგ, სექტემბრის სანაკრებო პაუზა ერთდროულად უსისტემო თამაშითა და ამავდროულად, ასპროცენტიანი შედეგით დავასრულეთ. 

გულშემატკივრებს შორის არ წყდება დავა და მსჯელობა, რა სჯობს, ტრადიციულად გულდაწყვეტილებმა ვიძახოთ, კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ, თუ ცუდად ვთამაშობთ და ვიგებთ (?!) რა თქმა უნდა, კარგად თამაში და მოგებაა იდეალური ვარიანტი, თუმცა ამ ორივეს იშვიათად ვამთხვევთ.

საქმე სტაბილურობაშია, რომლის მისაღწევადაც დიდი შრომა, ექსპერიმენტები და რისკია საჭირო. 

2024 წლის მარტში ერთა ლიგის ნახევარფინალში მეტოქედ ყაზახეთი გვერგო. ამ მნიშვნელოვან დაპირისპირებამდე საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ელის და თუ სანიოლის გუნდი ამ შესარჩევიდან შეძლებს გასვლას, რა თქმა უნდა, ერთა ლიგის პლეი ოფს აღარ ითამაშებს. 

მაკედონია ჩვენი მღელვარებისა 

არ ვიცი, რა დრო უნდა გავიდეს ან რამდენჯერ და რა ანგარიშით უნდა მოვუგოთ, რომ 2020 წლის ნოემბრის სიმწარე დაგვავიწყდეს. ჩრდილო მაკედონიელებს ტრაგედიების მოწყობა კარგად ეხერხებათ. ჩვენს თავსაც ვგულისხმობ და ჩემსმეორე ნაკრებსაც“ – სკუადრა აძურას, რომელიც მუნდიალს მიღმა დარჩა.

ფაქტია, მათთან ყველა მატჩს იმ მატჩის სახელით ვთამაშობთ და თითქოს, ყველა ჯერზე ვუმტკიცებთ თავს, რომ მაშინ ფეხბურთის, პანდემიის ამქვეყნიური და არაამქვეყნიურიღმერთებიყველა ერთად გაგვიწყრნენ. 

მოკლედ, ამჯერადაც მატჩამდე დიდი ვნებათაღელვა იყო.

სახელგანთქმული თბილისური საცობების გამო, მაკედონიელებმა სოფლის კოოპერატივს შეგვადარეს. კიდევ კარგი, მგზავრობა მეტროთი არ მოუწიათ, თორემ ნამდვილად უეფაში გვიჩივლებდნენ. 

საქართველოს ნაკრები 30-ე წუთის შემდეგ, შეცდომებისა და ბევრი დაკარგვის შემდეგ ათამაშდა და ცხადი იყო, სტუმრები თბილისიდან ქულასაც ვერ წაიღებდნენ. ფლანგიდან ფლანგზე მოხეტიალე კვარა შანსისმძებნელმა პირველი გოლიგააკეთა“. ერთერთი გამორჩეული იყო ბუდუ ზივზივაძე, რომელსაც მე თამამად დავასახელებდი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ. 

მატჩის დასრულების შემდეგ სიამაყის მყარი საფუძველი ნამდვილად გვქონდანაკრები B დივიზიონში აღზევდა. მოედანზე იყვნენ ვალენსიას, ნაპოლის, კრემონეზეს, კოპენჰაგენის, ბორდოს წამყვანი ფეხბურთელები და მეტი რა გინდა ადამიანს კმაყოფილებისთვის? 

შემდეგი გაჩერება?

გიბრალტარში ნაკრების წლის ბოლო ოფიციალურ მატჩში რამდენიმე აღსანიშნავი ფაქტი დაფიქსირდა. 11-მატჩიანი წაუგებელი სერიის გარდა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, გიორგი წიტაიშვილმა ეროვნულ გუნდში თავისი პირველი გოლი გაიტანა და რაც ყველაზე მთავარია, ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ მეასე მატჩი ჩაატარა ნაკრების მაისურით.

ლევან კობიაშვილისა და ჯაბა კანკავას შემდეგ, კაშია მესამეა, ვინც ასიანთა კლუბში შეაბიჯა. მისი პროფესიონალიზმის გათვალისწინებით, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენიკაპიტან ჯორჯიაეროვნულ ნაკრებში კიდევ არაერთ მატჩს ითამაშებს. 

ერთა ლიგის მომდევნო სეზონი კი, 2024 წელს, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყება. ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება ჯგუფური ეტაპის წილისყრა, თუმცა ის დანამდვილებით ვიცით, რომ B დივიზიონში ინგლისი, ავსტრია, ჩეხეთი, თურქეთი, ნორვეგია, საბერძნეთი და სხვები გველიან. უფრო მაღალი დონის მეტოქეები, მეტი ხარისხი და უფრო მეტი გამოწვევა.