60 დაღუპული ბოლო 3 წელიწადში თბილისში – რა უნდა ვიცოდეთ ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოებაზე

სალომე გორგოძე

იანვრის ბოლოს თბილისში, გლდანში, სავარაუდოდ, ნამწვი აირის ინტოქსიკაციის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს 3 მცირეწლოვანი და 2 ზრდასრული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ. სპეციალისტების შეფასებით, ასეთი შემთხვევის დროს ბინაში CO (ნახშირჟანგი/ნახშირბადის მონოოქსიდი) გროვდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა. „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები პირველადი დათვალიერების შედეგად ვარაუდობენ, რომ სწორედ აღნიშნული ფაქტი გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი.

რას ამბობს სტატისტიკა

თბილისში ბუნებრივი აირის ნამწვის ინტოქსიკაციით ბოლო რამდენიმე წელიწადში ათეულობით ადამიანი დაიღუპა. „თბილისი ენერჯის“ მიერ „პუბლიკისთვის“ მიწოდებული სტატისტიკური მონაცემებით, ამ მიზეზით, თბილისის მასშტაბით:

  • 2019 წელს 26 ადამიანი დაიღუპა;
  • 2020 წელს – 12;
  • 2021 წელს – 16;
  • 2022 წელს, პირველი ორი თვის განმავლობაში – 6 ადამიანი.

მათივე ცნობით, გასულ წელს შემოწმდა 22 268 აბონენტი, რომელთაგან დარღვევა დაფიქსირდა 2 061 შემთხვევაში.

ბუნებრივი აირის მოხმარებისას უსაფრთხოების წესების ყველაზე ხშირი დარღვევები

„ამ წლების განმავლობაში სტატისტიკის მიხედვით, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელიც იკვეთება, ესაა გაზის დანადგარის თვითნებური დამონტაჟება“, – უთხრა „პუბლიკას“ „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ, კანონმდებლობით, არცერთ მობინადრეს არ აქვს უფლება, თვითნებურად დაამონტაჟოს გაზის დანადგარი, სტატისტიკის მიხედვით, გარდაცვალების შემთხვევების 95%-ის მიზეზად იკვეთება ღია წვის დანადგარის, იქნება ეს გამათბობელი თუ წყალგამაცხელებელი, თვითნებური მონტაჟი.

მისივე განმარტებით, სასტიკად აკრძალულია ღია წვის კამერიანი დანადგარის დახურულ სივრცეში, ბინაში დამონტაჟება.

რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა

დანადგარები არსებობს ორი ტიპის: ღია წვის კამერის მქონე და დახურული წვის კამერის მქონე.

„როდესაც ბინაში ვაპირებთ დავამონტაჟოთ წყალგამაცხელებელი ან გამათბობელი და მივდივართ საყიდლად, ძალიან მარტივია, უნდა მოვითხოვოთ დახურული წვის კამერის მქონე გამათბობელი ან წყალგამაცხელებელი. შემდგომ, როდესაც დაამონტაჟებენ, აუცილებლად უნდა დარეკონ ჩვენი ცხელი ხაზის ნომერზე  – 240 40 04 და ჩვენი სპეციალისტები აღნიშნულ მონტაჟს შეამოწმებენ, სახლში მისვლით. ეს მომსახურება არის უფასო“, – განმარტავს გიორგი ლეფსვერიძე.

მისივე განმარტებით, კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში გამოიკვეთა,  ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებს უკავშირდება.

ამის მაგალითად სტატისტიკური მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, 2021 წლიდან 2022 წლის იანვრის ჩათვლით თბილისში ნამწვით გარდაცვლილი 21 ადამიანიდან 18 ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

ლეფსვერიძის განმარტებით, ეს არ არის უბრალო დამთხვევა, რადგან გასული წლების სტატისტიკაც ანალოგიურ ტენდენციაზე მიანიშნებს.

„ამიტომ, როდესაც დააპირებს ნებისმიერი მოქალაქე ბინის ქირაობას ან დაგირავებას, სანამ გადავა აღნიშნულ ბინაში საცხოვრებლად, ჩვენი ცხელი ხაზის ნომერზე 240 40 04 დარეკოს და გადაგვამოწმებინოს. მომსახურება უფასოა. თუ ჩვენგან იქნება თანხმობა, რომ აღნიშნულ ბინაში გაზის ქსელი, გაზის დანადგარები აკმაყოფილებს დღეს საქართველოში მოქმედ ნორმებს და უსაფრთხოების წესებს, შევიდეს აღნიშნულ ბინაში და იცხოვროს. თუ ჩვენი წარმომადგენლები მისცემენ მითითებას გამქირავებელს, რომ ამ ბინაში ცხოვრება არ შეიძლება, კონკრეტული ფაქტორების გამო და ჩვენ მიერ მოხდება ჩახსნა არასწორად დამონტაჟებული დანადგარების, დაელოდოს, სანამ გამქირავებელი არ მოაწყობს ისე, რომ უსაფრთხო იყოს ყველაფერი ბინაში და კიდევ ერთხელ გადაგვამოწმებინოს”.

გარდა მომხმარებლის ინდივიდუალური პასუხისმგებლობისა, რა ვალდებულება აქვს კომპანიას

ლეფსვერიძე ამბობს, რომ სემეკის წესების თანახმად, „თბილისი ენერჯი“ ვალდებულია, წელიწადში ერთხელ ყველა ბინაში შევიდეს და შეამოწმოს გაზის დანადგარები.

ლეფსვერიძე ამბობს, რომ, პანდემიის გამო, ბოლო წლებში ვერ მოხერხდა ამის სრულყოფილად განხორციელება, წელს კი აქტიურად განახლდა სამუშაოები ამ მიმართულებით.

მისი განმარტებით, აღნიშნული შემოწმების დროს იკვეთება კიდევ ერთი პრობლემური საკითხი. კერძოდ, სპეციალისტებს გაზის დანადგარის ქსელის შემოწმებისას  ვალდებულება აქვთ, აღმოჩენის შემთხვევაში, ქსელიდან ჩაჭრან ღია წვის კამერიანი და არასწორად დამონტაჟებული დანადგარი. მაგალითისთვის, 2019 წელს 64 500 ასეთი ტიპის დანადგარი ჩაჭრეს, თბილისის მასშტაბით.

თუმცა, როგორც ლეფსვერიძე ამბობს, გარკვეული პერიოდის მერე აღნიშნული ოჯახების გადამოწმების შედეგად სავალალო მონაცემები მიიღეს – მომხმარებელთა 45%-ს იმავე ტრაექტორიით, იგივე დანადგარი თვითნებურად ჰქონდა მიერთებული ქსელზე.

„მთავარი მითითებაა, რომ, როდესაც ჩვენ შევამოწმებთ ნებისმიერ ბინას, მივცემთ ინსტრუქტაჟს, მივცემთ მითითებებს და ჩავჭრით დანადგარს, შემდგომ ისევ თვითნებურად აღარ უნდა მიაერთონ. როცა სპეციალისტი გეუბნება, რომ ეს გამოიწვევს ინტოქსიკაციას, გარდაცვალებას; ეს დანადგარი არ გამოიყენო; ლოგიკურია, რომ უნდა გაითვალისწინო ეს გაფრთხილება.“

მისივე განმარტებით, სტატისტიკის მიხედვით, უბედური შემთხვევების კიდევ ერთი მიზეზი უყურადღებობაა, როდესაც მოშვებული რჩება გაზის ონკანი ან სადინარია გამომძვრალი ქსელიდან და დახურულ სივრცეში გროვდება აირი, პროვოცირების შედეგად კი, იქნება ეს ასანთისა თუ ელექტროენერგიის ანთება, ხდება აფეთქება.

„ოდნავ მაინც გაზის სუნს როგორც კი შეიგრძნობს მობინადრე, არ აქვს მნიშვნელობა, ქუჩა იქნება, სადარბაზო თუ ბინა, უნდა დავრეკოთ 114-ში. თუ დახურული სივრცეა და ბინაა, გავაღოთ ფანჯრები, გაზი გადავკეტოთ და დაველოდოთ სწრაფი რეაგირების სამსახურის მოსვლას. გაზი უნდა იყოს გადაკეტილ მდგომარეობაში. 114-ში  24 საათი კვირაში 7 დღე ვიღებთ ვალდებულებას, რომ დარეკვიდან უმოკლეს ვადაში მივიდეთ ადგილზე და გავატაროთ შესაბამისი ღონისძიებები“.

რას ამბობს დღეს მოქმედი კანონმდებლობა

მთავრობის დადგენილებით – „უსაფრთხოების წესები გაზის მეურნეობაში“, გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციაზე უსაფრთხოების პასუხისმგებელია მობინადრე.

ახალი ან გარემონტებული დანადგარის შეძენისას მის ექსპლუატაციაში გაშვებამდე მოქალაქე ვალდებულია, შეატყობინოს შესაბამის ლიცენზიანტს (ლიცენზიანტი, ამ შემთხვევაში, თბილისში „თბილისი ენერჯია“) და შეამოწმებინოს მონტაჟის სისწორე.

„მოქალაქეს აქვს ვალდებულება, რომ ახალ ან გარემონტებულ გაზზე მომუშავე დანადგარს რომ შეიძენს, ისე არ ჩართოს,თუ ჩვენ არ შეგვატყობინებს და შეგვამოწმებინებს. აქ არის დაზღვევა ჩადებული, რომ თვითნებურად, გაურკვეველი ხელოსნის მიერ დამონტაჟებული დანადგარით არ ისარგებლონ, რაც, სამწუხაროდ, ხშირად ხდება. შემოწმების შემდგომ მივცემთ მითითებას, შეიძლება თუ არა დანადგარის ექსპლუატაციაში დაშვება“.

ლეფსვერიძის ინფორმაციით, დღის წესრიგში იდგა არსებული კანონმდებლობის გამკაცრება. ამ მიზნით ცვლილებების პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე დაიწყო. ლეფსვერიძე ამბობს, რომ კანონპროექტს იცნობს და ცვლილებებს მიესალმება.

რა უნდა შეიცვალოს რისკის შესამცირებლად

ის „პუბლიკასთან“ იმ ცვლილებების შესახებ საუბრობს, რომლებიც, მისი შეფასებით, აუცილებელია და კანონპროექტით უნდა დარეგულირებულიყო:

► პირველი – თუკი დღეს სპეციალისტების გადამოწმების შედეგად გაზის ქსელიდან ჩაჭრილ დანადგარს, კვლავ იმავე ტრაექტორიით თვითნებურად მიაერთებს მოქალაქე, დღევანდელი კანონმდებლობით, მას ფულადი ჯარიმა არ ეკისრება. ლეფსვერიძე მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში ფულადი ჯარიმა აუცილებელია.

► მეორე – ლეფსვერიძის განმარტებით, აუცილებელია, საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს და გაზის ყველა მომხმარებლის ბინა აღიჭურვოს გაზის გაჟონვის დეტექტორებით, რაც, მისი შეფასებით, არის უდიდესი პრევენცია, რომ არ მოხდეს აფეთქება. მისი ინფორმაციით, თბილისში დღესდღეობით, დაახლოებით, მხოლოდ 180-190 ასეთი დეტექტორია დამონტაჟებული.

„ამის მუშაობის პრინციპი არის შემდეგი – დეტექტორი როგორც კი გაზის ოდნავ გაჟონვას იგრძნობს ბინაში, სიგნალს გადასცემს მრიცხველთან დაყენებულ ელექტროონკანს, რომელიც იმ წუთშივე  კეტავს გაზის მიწოდებას და საფრთხე იხსნება. თქვენ სახლშიც რომ არ იყოთ ან ღამით გეძინოთ და გაჟონოს გაზმა, მოხმარება მაშინვე შეგიწყდებათ, როგორც კი დეტექტორი იგრძნობს. თბილისში 180 ათასი ოჯახი, საშუალოდ, აღჭურვილია ამ დეტექტორით და, ჩვენი აზრით, საჭიროა, რომ ყველა გაზის მომხმარებლის ბინა აღიჭურვოს გაზის გაჟონვის დეტექტორით.  ეს იყოს საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებული…

ეს არ არის ახალი ველოსიპედის გამოგონება. ევროპასა და ამერიკაში ყველა გაზის მომხმარებელი ბინა აღჭურვილია არა მარტო გაზის, არამედ ნახშირჟანგის გაჟონვის დეტექტორებითაც“.

► მესამე – საკანონმდებლო დონეზე უნდა აიკრძალოს ღია წვის კამერიანი დანადგარის გაყიდვა და მოხმარება. ლეფსვერიძე მიიჩნევს, რომ ღია წვის კამერიანი დანადგარების გაყიდვისა და მოხმარების აკრძალვით ნამწვით გარდაცვალების შემთხვევების მნიშვნელოვანი პრევენცია იქნება შესაძლებელი.

კანონპროექტზე სამუშაო ჯგუფში ჩართული იყო სემეკი და ეკონომიკის სამინისტრო.

იმის გასარკვევად, თუ რა ეტაპზეა კანონპროექრი „პუბლიკა“ სემეკს დაუკავშირდა. უწყებაში დაგვიდასტურეს, რომ სამუშაო ჯგუფში სემეკი ჩართული იყო, თუმცა დღესდღეობით რა ეტაპზეა კანონპროექტი, არ იციან და რომ ძირითად დეტალებზე ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს აქვს.

„პუბლიკა“ ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, რათა გაგვერკვია, რა ბედი ეწია კანონპროექტს, კვლავ დღის წესრიგში დგას თუ მასზე მუშაობის გაგრძელება აღარ იგეგმება, აღნიშნულ შეკითხვებზე უწყებიდან პასუხი ვერ მივიღეთ.