ახალი დრო და „უწესო“ მუსიკალური მოაზროვნენი

დავით ბუხრიკიძე

გიორგი გიგაშვილის იმპროვიზაციები წინანდლის  მუსიკალურ ფესტივალზე

წინანდლის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის განსაკუთრებული მნიშვნელობა პირველ რიგში ახალგაზრდა მუსიკოსებისა და ახალი სახელების აღმოჩენით განისაზღვრება. კლასიკურ მუსიკაში ეს განსაკუთრებით რთული და ამავე დროს, ფასეულია, რადგან მთელი მეოცე საუკუნე შემსრულებელთა ისეთი ვარსკვლავური სახელებითაა მოჭედილი, რომ მათი ხშირი შეხსენება თუ გამონათება დღევანდელ საუკეთესო მუსიკოსთა გარჯასაც აფერმკრთალებს. ამდენად, დღეს კლასიკურ მუსიკაში შემსრულებელთა საზღვრების გაფართოებას, ანუ  უწესოდა თავისუფალ მუსიკალურ აზროვნებას გაცილებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

კლასიკური მუსიკალური მითოლოგია მყარია და სასარგებლოც, მაგრამ მეორე მხრივ – სახიფათო, რადგან წარმოდგენების წარმოუდგენელ სიმყარეს გულისხმობს  წინასწარ განწყობებთან ერთად, რასაც ფსიქოლოგიაში რიგიდულ აღქმას უწოდებენ. მაგალითად, როცა ვინმე ნიჭიერებასთან შეზრდილი ახალგაზრდა პიანისტის შექება უნდათ, ამბობენ  რა კარგი ტექნიკა აქვს, რიხტერს ან გილელსს წააგავს (რატომღაც, ამ ორს სულ ერთად ახსენებენ ), ან ბენედეტიმიქელანჯელივით მკაცრი და ზუსტია, ან სოფრონიცკისა და პოლინის რომანტიკული შესრულების მანერა აქვს (ისე, ვინ იცის, რატომ არიან ისინი მხოლოდ რომანტიკოსი პიანისტები?) და ა.. 

შემსრულებელთა სია ცხადია, უსასრულოა და მხოლოდ პიანისტებს არ  გულისხმობს. თუმცა ამჯერად ჩვენი თხრობა ახალი, ასე ვთქვათ, ჯენზის თაობის ქართველ პიანისტსგიორგი გიგაშვილს ეხება, რომელიც დაკვრის არაორდინარული მანერით, თითქმის თავნება ჯაზური ინტერპრეტაციებით და კლასიკური კლიშეებისგან სრულიად თავისუფალი შესრულებითა და აზროვნებით  გამოირჩევა.

მას ვერაფრით გამოუძებნით თუნდაც პატარა კუთხეს ნეიჰაუზრიხტერგილელსის სახელზე წლობით ნაშენებ აკლდამაში, არც 70-იანი წლების ქარიზმატულ ბრიტანელ  ჯონ ოგდონს მოგაგონებთ და არც დღევანდელ მოდურ ისლანდილ პიანისტთან, ვიკინგურ ოლაფსონთან აქვს რამე საერთო. თუ რაიმე მსგავსებაზე შეიძლება ვისაუბროთ, პირველ რიგში კეიტ ჯარეტი ან დოროთი დონეგანი შეიძლება გავიხსენოთ.

ამ გაზაფხულზე ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ, არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა 17-ე საერთაშორისო კონკურსზე, გიორგი გიგაშვილის უდიდესი წარმატება (მეორე პრემია და ურიცხვი სპეციალური პრიზები ) უკვე ნიშნავდა მის კარიერაში ახალი ეტაპის დასაწყისს. თუმცა არც პანდემიაგარითმული 2022 წელი იყო უმნიშვნელო, რადგან მან დიდი პიანისტის, გეზა ანდას სახელობის კონკურსზე, ციურიხში, ნამდვილად მონუსხა ჟიურის წევრები შესრულებითა და კლასიკოსთა ყოვლად არაკლასიკური ინტერპრეტაციით.

წინანდალში გიგაშვილმარახმანინოვის მარათონშიმიიღო მონაწილეობა, როდესაც მთელი დღის განმავლობაში ხუთი კონცერტი(!) გაიმართა და შესრულდა კომპოზიტორის კამერული, საფორტეპიანო და ვოკალური ნაწარმოებები. მარათონი დიდი ქართველი პიანისტის, ლექსო თორაძის ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც სერგეი რახმანინოვის მუსიკის ერთერთ ყველაზე ცნობილ ინტერპრეტატორად მიიჩნევა მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ კონცერტებს მისი და, ნინო თორაძეც ესწრებოდა, რომელმაც 2023 წლის მაისში, ლექსო თორაძის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელობის მუსიკალური ფესტივალი  დააარსა. 

გიორგი გიგაშვილისიმპროვიზაციები რახმანინოვის თემებზეადასტურებს მოსაზრებას, რომ ნევროზებითა და ტრავმებით გატანჯულ ჩვენს დროს, ახალი დაუწესომუსიკალური აზროვნება ნამდვილად სჭირდება და შეეფერება. პიანისტის შესრულების მანერა მისივე თავისუფლების პირდაპირპროპორციულია, რომელიც ერთი შეხედვით, არ საჭიროებს განსაკუთრებულ ძალისხმევას. მას არც ავთენტური შესრულების კომპლექსი აწუხებს და არც კლასიკოსებთან არაფორმალური ურთიერთობა უჭირს. ამის ცოცხალი მაგალითი იყო  შუმანის სონატა N1 (F მინორი, ოპუსი 11), რომელიც მან რუბინშტეინის კონკურსზე შეასრულა და განსაკუთრებით,  სკარლატის სონატა (C მაჟორი, K. 487), რომელიც ასევე გაიმეორა წინანდალში, ბისზე შესრულებისას.

დაახლოებით 50-წუთიანიგაბაასებარახმანინოვთან გულისხმობდა არა ნასწავლ, არამედ ბუნებრივ სილაღეს, მსუბუქად დოზირებულ ჯაზურ იმპროვიზაციებს და მოულოდნელ მოდულაციებს. რაც თვალსაჩინოდ გამოჩნდა კომპოზიტორის პირველი, მეორე და მესამე საფორტეპიანო კონცერტების, პრელიუდიებისა თუ სხვა ნაწარმოებების თემების იმპროვიზებისას. 

სადღაც კონცერტის შუაში, ორიოდე წუთით,  გია ყანჩელის თემებიც უნებლიედ გამოურია (კინოფილმიდანრამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“), რაც მედიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის აღმოჩნდა, თუმცა ეს ბუნებრივპატრიოტულ ჟესტს შეიძლება მივაწეროთ. ფინალში, ბისზე ზემოხსენებული, იუველურიუმორისტულ სტილში შესრულებული სკარლატის გარდა, ბრამსის ინტერმეცოც დაუკრა და ათწუთიანი ოვაციების შემდეგ, ფესტივალის კამერულ დარბაზში შეკრებილ პუბლიკას დაემშვიდობათუმცა ახლოა მომავალ შეხვედრამდე, რადგან 9 სექტემბერს გიორგი გიგაშვილი წინანდლის ამფითეატრში, შუმანისკრეისლერიანასდა ლისტის სონატას (B მინორი, ოპუსი N178) შეასრულებს.