ანჯელინა, როგორც მარია

დავით ბუხრიკიძე

ჰოლივუდი მარია კალასის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის გადაღებას აპირებს, რომელშიც საოპერო დივას ანჯელინა ჯოლი განასახიერებს.

ჩილელი წარმოშობის რეჟისორი პაბლო ლარაინი, რომელმაც წარმატებით აითვისა ჰოლივუდის სტანდარტები და განწყობა, იწყებს ბიოგრაფიული ფილმის გადაღებას, სახელწოდებით, „მარია“. ცნობილი ჟურნალი Variety წერს, რომ „რეჟისორი გააცოცხლებს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საოპერო მომღერლის, მარია კალასის პარიზული ცხოვრების მღელვარე და დრამატულ ეპიზოდებს, სადაც ის 1977 წელს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა“.

სცენარის ავტორია სტივენ ნაითი, რომელიც მანამდეც თანამშრომლობდა რეჟისორთან. სწორედ მან დაწერა სცენარი ასევე ბიოგრაფიული ფილმისათვის „სპენსერი“(2021), რომელშიც მთავარ როლს კრისტენ სტიუარტი ასრულებს. პაბლო ლარაინმა განაცხადა, რომ კარგა ხანია, სურდა რეჟისორული ვნების დაკმაყოფილება – გაეერთიანებინა კინო და ოპერა და რომ მისი კარგა ხნის ნანატრი ოცნება ახალი ფილმით ახდება: „ჩემი ოცნებისა და შესაძლებლობის გაერთიანება ანჯელინასთან, ამ უაღრესად გაბედულ და ცნობისმოყვარე ხელოვანთან, ნამდვილი საჩუქარია“.

Variety-თან ინტერვიუში ანჯელინა ჯოლიმ ამბობს: „მე ვგრძნობ პასუხისმგებლობასაც, გამოწვევასაც, რომელიც ამ როლით მერგო და   ყველაფერს გავაკეთებ, რომ  კარგი ნამუშევარი გამოგვივიდეს. პაბლო ლარაინი ის რეჟისორია, რომლითაც, დიდი ხანია, აღფრთოვანებული ვარ. სტივენ ნაითის მიერ დაწერილი ამბები მარიას შესახებ ძალიან ემოციურია. ეს ჩემთვის ნამდვილად საოცნებო როლია“.

პაბლო ლარაინმა უკვე გადაიღო ორი ბიოგრაფიული ფილმი: „სპენსერი“, რომლის შესახებაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ და „ჯეკი”, ნატალი პორტმანის მონაწილეობით, რომელშიც მან ჟაკლინ კენედის როლი განასახიერა. აღსანიშნავია, რომ  ორივე მსახიობის – კრისტენ სტიუარტისა და ნატალი პორტმანის ნამუშევარი წარდგენილი იყო „ოსკარზე“, საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში.

ლამის 45 წელი გავიდა მარია კალასის გარდაცვალებიდან და შეიძლება ითქვას, რომ მითები და რეალობა მისი ცხოვრების შესახებ არ დასრულებულა, პირიქით, ეს მითები ერთმანეთს შეერია და  გადაიხლართა. ყოველი ახალი მცდელობა – ეს იქნება მოგონებები, ახალი მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმი, მხოლოდ გვახსენებს დიდი მომღერლის ამოუხსნელ, ფენომენალურ ვოკალურ თუ ტრაგიკულ ტალანტს!

კალსომანია ცხადია, ახლა არ დაწყებულა. ჯერ კიდევ ლუკინო ვოსკონტის ჰქონდა განზრახული მისი მონაწილეობით ფილმის გადაღება. სამაგიეროდ, პიერ-პაოლო პაზოლინიმ უკვდავყო კალასის დრამატული სამსახიობო ტალანტი ფილმში „მედეა“ (1970). თავისი ოცნება დიდი ხნის დაგვიანებით აიხდინა ფრანკო ძეფირელიმაც, რომელმაც მეოცე საუკუნის საოპერო დივას ოდნავ მოჭარბებული და სენტიმენტებით გაჯერებული მხატვრული ფილმი – Callas forever („მუდამ კალასი“) მიუძღვნა, კალასის როლს კი ფილმში ფანი არდანი ასრულებდა.

2018 წელს ბრიტანელმა სცენარისტმა, ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა, ტომ ვოლფმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი Maria by Callas („მარია კალასის შესახებ“). კალასის შესახებ შექმნილ კიდევ ერთ ფილმში უცნობი, კერძო კოლექციებში დაცული ვიდეომასალა და იშვიათი ფერადი კადრები შევიდა, მაგალითად, 1958 წლის 19 დეკემბერს პარიზის „გრანდ ოპერაში“ გამართული დაუვიწყარი კონცერტი, რომელიც აქამდე მხოლოდ შავ-თეთრი სატელევიზიო ჩანაწერით იყო ცნობილი; ასევე, 1964 წელს ლონდონის „კოვენტ გარდენის“ სცენაზე, ძეფირელის მიერ დადგმული „ტოსკას“ იშვიათი საარქივო კადრები.

თითქოს უკვე შეუძლებელია, ვინმემ რაიმე ახალი თქვას, დაიწეროს ან გადაიღოს მარია კალასის შესახებ, თუმცა, როგორც კრიტიკოსები წერდნენ, „ტომ ვოლფი მაინც ახერხებს რეჟისორულ მიზანდასახულობას ჟურნალისტური ალღო, სიახლე და ინტრიგა შეუზავოს“. ასევე, შეიძლება გავიხსენოთ 2007 წელს რეჟისორ ფილიპ კოლის მიერ გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი Callas assoluta („აბსოლუტური კალასი“).