არჩევნები შვედურად

პუბლიკა

თამარ კიკაჩეიშვილი

დიდი განსხვავებების მიუხედავად, შვედეთის სამეფოს და მაღალი დემოკრატიული კულტურის ქვეყნების მაგალითი შესაძლოა სხვადასხვა ფორმით განვითარებადმა ქვეყნებმაც გადმოიტანონ.

პარტიები და არჩევნები

11 სექტემბერს შვედეთის სამეფოში საპარლამენტო, მუნიციპალური და რეგიონული არჩევნები გაიმართა. რვა ძირითადი პარტია: „სოციალ-დემოკრატები“, „შვედი დემოკრატები“, „ცენტრისტული პარტია“, „ლიბერალური პარტია“, „გარემოსდაცვის პარტია“, „მოდერატიული პარტია“, „მემარცხენეების პარტია“ და „ქრისტიან-დემოკრატები“ – ის დიდი პარტიებია, რომლებიც შვედეთის პარლამენტს წარმოადგენენ. არჩევნებში მუნიციპალურ დონეზე ასევე  „ფემინისტური ინიციატივა“ მონაწილეობდა.

ხმის მიცემის პროცედურა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ პერიოდში ამომრჩეველს ნებისმიერ დროს შეუძლია ხმის მიცემა და, საჭიროების შემთხვევაში, უკვე გაკეთებული არჩევანის შეცვლაც კი, ოღონდ, მხოლოდ არჩევნების დღეს. წელს ეს დღე 11 სექტემბერია. მათ, ვისაც ხმა არ მიუციათ, შეუძლიათ ხმის მიცემა, ხოლო მათ, ვისაც ამ დროისთვის არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს, შეუძლია შეცვლა.

თუმცა ამომრჩეველი ამ უფლებას იშვიათად იყენებს, რადგან  მყარი პოლიტიკური სისტემის პირობებში მან იცის პარტიის იდეოლოგია, რომელიც ათწლეულებს, ხშირად კი საუკუნეებსაც ითვლის. შესაბამისად, პარტიები საარჩევნო კამპანიას და პრობლემების მოგვარების გზებს სწორედ ამ იდეოლოგიაზე დაყრდნობით სთავაზობენ ამომრჩეველს.

საარჩევნო პროგრამა მთლიანად საკითხებზე და ამ საკითხების მოგვარების გზებზეა მიმართული. სტოკჰოლმში დილას მატარებელში ქალის საუბარს მოვკარი ყური – ჰყვებოდა, რომ მისი შვილი იმედგაცრუებული ყოფილა, რადგან რომელიღაც პოლიტიკური პარტია მისი ოპონენტის მიერ წარმოდგენილი პროგრამის შეფასებისას ბოლომდე პოლიტკორექტული არ იყო.

ცხადია, აქ ვერ ნახავთ პერსონებზე აგებულ კამპანიას, მიუხედავად იმისა, რომ პარტიებს მკვეთრად გამოხატული ლიდერები ჰყავთ.

აღსანიშნავია, რომ ძირითადი 8 პარტიის ლიდერთა შორის ხუთი ქალი და ოთხი კაცია.

სხვადასხვა პარტიის წევრები საუბრობენ და მიირთმევენ ყავას, სანამ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს.

რუსეთის ომი უკრაინაში

სადისკუსიო  საკითხებშიც კი არსებობს თემები, რომლებზეც ყველა პარტია თანხმდება. ასეთია რუსეთის ომი უკრაინაში.

არჩევნების ექსპერტი, ამანდა ვალენტინი, VOS-ის  (არჩევნებზე დამკვირვებლები შვედეთში) ხელმძღვანელია. ამანდა ამბობს, რომ რუსეთის შეჭრაზე უკრაინაში ყველა პარტიას ერთი მოსაზრება აქვს. აქ არავინ ფიქრობს, რომ უკრაინას რამე უნდა „მოეთმინა“, „გაჩუმებულიყო“. რუსეთის ომი უკრაინაში სრულიად მიუღებელია შვედეთის პოლიტიკური სპექტრისთვის და აქ არ ისმის „მაგრამ“.  აქ არ არის ნიშნის მოგებით საუბარი უკრაინის პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან. შესაბამისად, ეს თემა პარტიების მთავარ სადებატო საკითხად ვერ იქცა, რადგან ამაზე ყველას ერთი აზრი აქვს.

პარტიებს შორის საარჩევნო დისკუსია  კრიმინალის, მიგრაციის, ჯანდაცვისა და განათლების საკითხების ირგვლივ მიმდინარეობს.

ჩემს სადამკვირვებლო გუნდში სამი უკრაინელია ქალია. სადაც მივდივართ და იგებენ, რომ უკრაინიდან არიან, საოცარ მხარდაჭერას ვგრძნობთ პოლიტიკური პარტიებიდან, ამომრჩევლებიდან, საარჩევნო კომისიის წევრებისგან.

ხმის მიცემის დღე

11 სექტემბერს 8 საათზე ვდგები. დამკვირვებლების ჯგუფთან ერთად ოცზე მეტ საარჩევნო უბანზე უნდა მივიდე. პირველი უბანი სტოკჰოლმში ფარსტას დასახლებაში მდებარეობს. ცენტრიდან დაახლოებით ოცდაათ წუთში იქ ხარ, ოღონდ, საათივით აწყობილი ტრანსპორტით. აქ მრავალფეროვანი ამომრჩეველია, არიან ისეთებიც, წელს პირველად რომ აძლევენ ხმას, როგორც შვედეთის რეზიდენტები ან მოქალაქეები.

ძველი შვედური ტრადიციის მიხედვით, პარტიის წევრები ამომრჩეველს საარჩევნო უბანთან ეგებებიან, პარტიის ფერებში ლენტები უკეთიათ ლენტები და ბიულეტენებს სთავაზობენ. საზეიმო განწყობაა, მაგრამ მაინც დაძაბული ვარ, საქართველოში ხომ არჩევნები, ძირითადად, ერთი პარტიის ზეიმთან ასოცირდება.

ბიულეტენები შეგიძლია გამოართვა ან, როცა უბანზე მიხვალ, იქ აიღო. ის, რომ ეს ადამიანები ერთმანეთის გვერდით დგანან, ერთმანეთს ესაუბრებიან, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბის მონაწილედ ხდის ამომრჩეველს. აქ ვხვდები, როგორ აზიანებს დემოკრატიულ სისტემას რადიკალური პოლარიზაცია.

შევდივარ საარჩევნო უბანზე. აქ არჩევნებზე დაკვირვების უფლება ყველას აქვს. ასე მარტივად, შეგიძლია, მიხვიდე და დააკვირდე. მედიაც ჩვეულებრივ შედის, არც შესაბამისი აკრედიტაცია გჭირდება, არც არავის ნებართვა. ადამიანების სახეს მათი ნებართვის გარეშე აქ ვერსად გადაიღებ, ვერც არჩევნების დროს და ვერც ისე. ამას ევროკავშირის კანონმდებლობა არეგულირებს, თუმცა ესეც ნდობაზეა დამყარებული და არავინ გამოწმებს.

უცებ მგონია, რომ რაღაც მოხდა, ვიღაცას რაღაც აერია, ან რაღაც დაარღვია. სადამკვირვებლო გუნდის წევრებს ვეძებ, რომ სასწრაფოდ გავუზიარო. მერე კომისიის წევრს ვხედავ და უნდა ვუთხრა, რომ იქ უყურადღებოდ აწყვია ბიულეტენები. მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ვყოფილვარ და კულტურული შოკი აქ პირველად საარჩევნო უბანთან დაწყობილ ფერად-ფერად ბიულეტენებთან დამემართა.

სანამ განგაშის ზარს საბოლოოდ დავცემ, კიდევ კარგი, მახსენდება სიტყვა „ნდობა“. დიახ, ასე ღიად აწყვია სხვადასხვა ფერის ბიულეტენები და საზოგადოება ამას იღებს, როგორც მოცემულობას, როგორც ნდობას, რომელიც მის მიმართ აქვს სისტემას, ნდობას, რომელიც ორმხრივია და ამ სისტემასაც ენდობა ამომრჩეველი. ბიულეტენები ძველი ფრანგული წესით აწყვია. ყველა პარტიას თავის ბიულეტენი აქვს. იმ პარტიებს, რომლებიც სამივე არჩევნებზე მონაწილეობენ – სამი, რომელიც ერთზე ან ორზე შესაბამისად – ერთი ან ორი. საფრანგეთმა ეს წესი შეცვალა, შვედეთმა არა, რადგან არასდროს ყოფილა ამ საკითხის გამო უკმაყოფილება.

შვედური და ქართული გამოცდილება სისტემების შესახებ

საარჩევნო სისტემის შესახებ შვედეთის სამეფოდან ამანდა ვალენტინი, ხოლო საქართველოდან ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე გვესაუბრნენ. ნინო დოლიძე VOS-ის ფარგლებში აკვირდებოდა შვედეთის არჩევნებს.

როგორი საარჩევნო სისტემა აქვს შვედეთს?

ამანდა ვალენტინი: 

ეს არის სრულიად ძველი საარჩევნო სისტემა. 1910 წლიდან ერთი და იგივე სისტემაა, ფრანგული ბიულეტენების სისტემა, სადაც ყველა პარტიას თავისი საარჩევნო ბარათი აქვს. პირველი დემოკრატიზაციის ქვეყნებს ჰქონდათ ეს სისტემა. ზოგიერთმა ქვეყანამ შეცვალა, ზოგმა შეინარჩუნა. შვედეთმა შეინარჩუნა, რადგან ნდობა სისტემის მიმართ არის ძალიან მაღალი. ეს არის გამჭვირვალე სისტემა. სრულიად ღია და პროპორციული. ეს არის მიზეზი, რომ, ძირითადად, ასეთი ჰარმონიული პოლიტიკური განვითარება გვაქვს შვედეთში.

ნინო დოლიძე: 

შვედეთს აქვს დიდი ხნის პოლიტიკური და პარტიული სისტემა, რომელიც ძალიან ჩამოყალიბებულია და ცვლილებებს, ფაქტობრივად, არ განიცდის. თვითონ საარჩევნო სისტემას რომ შევხედოთ, აქ არის პროპორციული საარჩევნო სისტემა, საქართველოში – შერეულია.  პროპორციული არის უმჯობესი, რადგან მანდატები ითარგმნება პროპორციულად.,ანუ ხალხმა რა პროცენტითაც მისცა ხმა, იმ პროცენტის ხმებით შედიან პარლამენტარები ყოველი პარტიის შესაბამისად, რაც ძალიან სწორია. ამავე დროს პროპორციულის შიგნით შეუძლიათ ადამიანებს ინდივიდუალურ კანდიდატებს მისცენ ხმა. ეს პროპორციულობის კომპონენტი ძალიან კარგია.

რა თემები ხდება არჩევნების დროს პოპულარული შვედეთსა და საქართველოში?

ამანდა ვალენტინი: 

შვედეთში პარტიები ბევრს საუბრობდნენ დანაშაულზე, რადგან გვაქვს კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის სროლის შემთხვევები. ასევე, საუბრობდნენ ელექტროენერგიის ფასებზე. რუსეთი, ნატო და უკრაინა არ იყო წარმოდგენილი კამპანიის თემებში, რადგან ძირითადი პარტიები, რომელთაც შვედეთის მოქალაქეების 70-80% აძლევს ხმას თანხმდება ამ საკითხზე, არაა ეს კამათის საგანი.

მე დიდხანს ვმუშაობდი რუსეთსა და უკრაინაში და როცა უკრაინაში ხარ ადამიანი, გრძნობ თავისუფლებას. ბევრი ამბობს, რომ უკრაინა კორუმპირებულია, ზოგჯერ მეტადაც, ვიდრე რუსეთი, მაგრამ ეს მცდარია.  უკრაინაში არის თავისუფლება და პლურალიზმი. შვედეთში უდიდესი დახმარება და მხარდაჭერა გამოიჩინა საზოგადოებამ უკრაინის მიმართ. აქ არც ერთი პარტია არ ფიქრობს, რომ რუსეთთან კომპრომისზე უნდა წავიდეს. უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია არის აგრესია ყველა ჩვენგანის მიმართ.

ნინო დოლიძე: 

საქართველოში, შვედეთისგან განსხვავებით, მწირია რეალური პრობლემების შესახებ დისკუსია. პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ მოახერხეს საარჩევნო კამპანიის ეფექტიანად დაგეგმვა და წარმართვა. საერთაშორისო დახმარების მიუხედავად, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია პერსონიფიცირებულია და ადამიანების ირგვლივაა ფოკუსირებული.

ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ხმას უფრო მეტად ვინმეს წინააღმდეგ აძლევენ. ძირითადი თემები სოციალურ საკითხებსა და მათ მოგვარებას შეეხება. აქ ჩანს, იდეოლოგიურად რამდენად მოუმწიფებელია გარემო, რადგან შესაძლოა, მემარცხენე და მემარჯვენე პარტიები ერთსა და იმავე მესიჯს იყენებდეს სოციალური პრობლემის მოგვარების შესახებ. ამიტომ ნაკლებად ხდება მესიჯებისა და პროგრამის იდეოლოგიასთან შერწყმა. ზოგიერთ პარტიას არც ეს მესიჯები და არც პლატფორმა არ აქვს. საქართველოში წინასაარჩევნოდ მხოლოდ პოპულისტური თემებია აქტუალური.

საღამოს, 8 საათზე, როცა ხმის მიცემა სრულდება,  შვედეთის პარლამენტის ბიბლიოთეკაში ხმების დათვლას ვაკვირდები. ერთ საათში უბანი დათვლილია. დათვლა ძალიან მარტივი პროცესია – ხსნიან კონვერტებს, რომელშიც აწყვია თეთრი, ყვითელი და ლურჯი ბიულეტენები და პარტიების მიხედვით აწყობენ. არავინ დავობს კონკრეტულ ბიულეტენზე, არავინ არსად არაფერს მალავს, ესეც ძალიან მშვიდად და გამჭვირვალედ. შვედეთში არჩევნები დასრულებულია.

მიუხედავად იმისა, რომ შედეგი ბევრი ამომრჩევლისთვის შემაშფოთებელია, რადგან, ფაქტობრივად, ნაციონალისტური იდეოლოგიის მქონე  შვედი დემოკრატების პარტია მეორე ადგილზე გავიდა, აქ საარჩევნო სისტემის მიმართ უნდობლობა მაინც არავის აქვს. დემოკრატიის მთავარი კომპონენტიც ეს არის, როცა სისტემა იმსახურებს ნდობას, რომელიც ყოველთვის ორმხრივია.