ბავშვობის დოკუმენტური და მხატვრული ხილვები

დავით ბუხრიკიძე

პოპულარული ამერიკული პლატფორმა Netflix მაყურებელს რეზო გაბრიაძის ანიმაციურ ფილმს – „ჰარი-ჰარალე, დედაო“ სთავაზობს.

„საქართველო, ქუთაისი. ომი ახლახან დასრულდა. სიხარული ნაკლებად იყო. ნერვები ყველას დაძაბული ჰქონდა. უსახლკაროები ჯგუფებად დაძრწოდნენ. მე პარტიზანივით ვცხოვრობდი მშობლიურ ქალაქში, სადაც თავისუფლების ერთადერთი კუნძული, სადაც თავს კარგად ვგრძნობდი, N6 ბიბლიოთეკა იყო“ –  ასე იწყება რეჟისორის, ანიმატორის, მხატვრის, მწერლისა და სცენარისტის, რეზო გაბრიაძის ბავშვობის ისტორია ანიმაციურ  ფილმში „ჰარი-ჰარალე, დედაო“, რომელიც პოპულარულმა ამერიკულმა პლატფორმა Netflix-მა იანვარში მაყურებელს შესთავაზა.

ანიმაციურ ფილმს, რომელიც 2018-2019 წლებში მოვლენად იქცა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში და საერთაშორისო კინოფესტივალებზე, უკვე ინგლისურენოვანი მაყურებელიც ნახავს. სცენარის ავტორი და მხატვარი თავად რეზო გაბრიაძეა, რომელმაც ფილმისათვის 400-მდე გრაფიკული და ფერადი ნამუშევარი შექმნა, რეჟისორი კი  მისი შვილი – ლევან გაბრიაძე. ფილმის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის აღმასრულებელ პროდიუსერსა და პოპულარული თანამედროვე რუსული ბლოკბასტერების (მათ შორის, კომერციულად ყველაზე წარმატებული „ღამის გუშაგის“) ავტორსა და რეჟისორს, ტიმურ ბეკმამბეტოვს.

სწორედ პროდიუსერის ხელშეწყობითა და კარგად ორგანიზებული რეკლამის წყალობით, რეზო გაბრიაძის ანიმაციური ნამუშევარი ამერიკის კინოგაქირავებაში „Rezo“-ს სახელით უჩვენეს. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს „ჰარი-ჰარალე დედაო“ (ფილმის რუსული სახელწოდებაა „Знаешь, мама, где я был?“) რუსეთის სახელით „ოსკარზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში, შორტ ლისტშიც მოხვდა, 2021 წლის იანვრიდან კი Netflix-ის მაყურებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ფილმში მოქმედება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქუთაისში ხდება. მთავარი გმირი თავად რეზო გაბრიაძეა – უცნაურ ფანტაზიებსა და წარმოსახვაში მცხოვრები 10 წლის ბიჭუნა, რომელიც მაყურებელს ომის შემდგომი იმერეთის ყოფას პოეტური, აბსურდული და ირონიული დეტალებით უყვება. ეს არა მხოლოდ ბიოგრაფიული დეტალებით გამდიდრებული ფილმია, რომელშიც ბავშვური წარმოსახვა მკაცრ და დაუნდობელ რეალობას ეჯახება, არამედ ერთგვარი ლიტერატურული „ფენტეზიც“. გაბრიაძისთვის დამახასიათებელი თხრობის სიმსუბუქე, პერსონაჟების კომიკურ-სახასიათო აღწერა და  საფირმო ირონიული სევდა ფერწერულ ნაივურობაშია გაზავებული.

როგორც არ უნდა შეეცადოთ, თითქმის წარმოუდგენელია, ამ ერთსაათიან ანიმაციურ-პოეტურ ფილმს ნეიტრალური დამკვირვებლის თვალით შეხედოთ. თუ, მაგალითად, მოინდომებთ მეორე მსოფლიო ომის საშინელების დანახვას, ამ განზრახვას უთუოდ გაანეიტრალებს გერმანელი ტყვეების ეპიზოდი „თეთრ ხიდზე“, ბავშვების ირონიული შეძახილებითა და თანხლებით. ხოლო მათი ცხოვრების აღწერა სოფელში, ბებია-ბაბუის სახლში, გასაოცარ ჰუმანიზმსა და იუმორს ასხივებს.

ნომერ მეექვსე ბიბლიოთეკის კედლებზე სტალინისა და ლენინის პორტრეტებს მხოლოდ განვლილი ეპოქის სისასტიკით ნუ შეაფასებთ. პატარა რეზოს წარმოსახვაში რევოლუციის ბელადები  პოლიტიკური ანეკდოტის პერსონაჟებს ჰგვანან, რომლებიც თავიანთი გაფუყული სიმკაცრით სიბრალულსა და სარკაზმს უფრო იწვევენ, ვიდრე საყოველთაო გაკიცხვას.

სპექტაკლებისა თუ სცენარების მსგავსად, გაბრიაძის ნახატებით შექმნილი სამყარო ამჯერადაც მისი მხატვრული სტილის კვინტესენციაა, ამავე დროს – მისი ერთგვარი „ამარკორდიც“, სადაც ფელინის ცნობილი ფილმის მსგავსად, ფანტაზია და რეალობა ისე ავსებს და ეჯახება  ერთმანეთს, სიმსუბუქის ისეთ შეგრძნებას იწვევს, რომ შეუძლებელია, მოსაწყენად მოგეჩვენოთ. „ჰარი-ჰარალე დედაო“ ანიმაციისა და დოკუმენტური თხრობის შერწყმის იშვიათი მაგალითია. ერთი მხრივ, ეს არის რეალური პიროვნების, მწერლისა თუ არტისტის მიერ მოთხრობილი ბიოგრაფია და მეორე მხრივ, ამ თხრობას მხატვრულად ამდიდრებს ხელით დახატული ანიმაცია, რომელიც ფანტაზიის გამოხატვის სრულ თავისუფლებას გულისხმობს.

გაბრიაძის ბავშვობის ხანა ქუთაისში და არდადეგების აღწერა ბებიის სოფელში პარადოქსული და მგრძნობიარეა. მისი თხრობა ერთდროულად გახსენებთ დიკენსს, ჩეხოვს, მარკ ტვენს… პატარა რეზო ცხოველებს იოლად უმეგობრდება და მოზრდილთა სამყაროს მარტივად, გაცნობიერებული სიღრმის გარეშე აღიქვამს. ეს წარმოუდგენლად სასიამოვნო და პოეტური სანახაობაა, რადგან იოლად იჯერებთ ამბებს, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად გამონაგონია. ფილმის რეჟისორი ლევან გაბრიაძე იმას აკეთებს, რაც ალბათ, საუკეთესო საჩუქარია რეზო გაბრიაძისთვის. ის თითქოს კრებს, აერთიანებს მამის გამოგონილ და რეალურ ისტორიებს და უნარჩუნებს მათ მითიურ თხრობას, ანუ მარადისობას.

ვისაც ახსოვს გაბრიაძის მიერ შექმნილი ლეგენდარული მარიონეტების თეატრი, მათთვის ანალოგიები რეზო გაბრიაძის ფილმის სამყაროსთან იოლად გასაგებია. თეატრში, რომელიც ძველი თბილისის მყუდრო უბანში გასული საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა, მაყურებელს რეზო გაბრიაძემ სრულიად უჩვეულო, განსხვავებული სამყარო დაანახვა. როგორაა რეალობა გაზავებული ფანტაზიასთან; რას გრძნობენ ცხოველები, რომლებიც ადამიანებივით იქცევიან; რა ფილოსოფიურ-მეტაფორულ განზომილებას იძენენ საგნები და თოჯინები დაბოლოს, რა მისტიკური გასაღებით იღება ამ თეატრალური სამყაროს კარი, რომელიც ცნობილმა რეჟისორმა, პიტერ ბრუკმა „მეტაფიზიკური რეალიზმის “ სახელით მონათლა.

მარიონეტების თეატრში მაყურებელმა მართლაც უნიკალური სიუჟეტები აღმოაჩინა: როგორ უყვარს ორ საბჭოთა ელმავალს, ერმონსა და რამონას ერთმანეთი; როგორ ებრალება ყვავს, სახელად ბორიას, მარტოხელა პენსიონერი ბებია დომნა და ფულს უგზავნის; როგორ აღწევენ თავს  ჭიანჭველები და ცხენები დამანგრეველი მასშტაბის სტალინგრადის ომს.  გაბრიაძის ამ მოუხელთებელმა, გასაოცარმა, ოდნავ მისტიკურმა, თბილი იუმორითა და ხიბლით აღწერილმა თეატრალურმა სამყარომ ცხადია, ფილმშიც გადმოინაცვლა და ანიმაციურ სამყაროს შეერწყა.

ცალკე უნდა აღინიშნოს ფილმში ჩართული მთხრობელის დოკუმენტური კადრები, რომელიც ერთგვარად არღვევს ანიმაციური ფილმის მთლიანობას, თუმცა აკონკრეტებს გარკვეულ კითხვებს თავად ავტორის მიმართ. ზოგჯერ ეს კადრები, პირიქით, ახალ, ამოუხსნელ და ეგზისტენციური შინაარსის კითხვებს ბადებს. თუმცა შეკითხვები მაშინვე ქრება, როდესაც კამერა მაგიურ სივრცესა და მანძილს ქმნის და საშუალებას აძლევს მაყურებელს, თვალი გაუსწოროს მთხრობელის ოდნავ დაღლილ თუ დამორცხვებულ სახეს. „ჰარი-ჰარალო დედაო“ ავტორის ბიოგრაფიის, მისი პოეზიისა და დალექილი სევდის ისეთ  შრეებს გულისხმობს, რომლებიც მხოლოდ ცხოვრებისგან დაბრძენებულებს ახასიათებთ.

რეზო გაბრიაძე ყოველგვარი პათეტიკის გარეშე საუბრობს თითქმის ყველაფერზე: სიყვარულზე, პატივისცემაზე, მონანიებაზე, პატიებაზე, სევდაზე, მიუწვდომელ თუ მიუღწეველ ოცნებებზე… ამ ყველაფრის გარეშე ხომ ცხოვრება არაფერს ნიშნავს. და კიდევ, გაგვიმხელს, რამდენი სიღრმე და შეუმჩნეველი სილამაზეა ცხოვრებისეულ წვრილმანებში; პროზაში, რომელსაც ყოველდღიურად გადავაბიჯებთ და რომლის პოეზიასაც ვერასდროს ვამჩნევთ!