ბჟანია-ლუკაშენკას შეხვედრა და უარყოფითი გამოხმაურება სოხუმში

გაბრიელ ჩუბინიძე

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში საინფორმაციო ველი სრულად გადაფარა ომის ახალმა ამბებმა და ყველაფერი ერთ სიბრტყეში მოაქცია. ბაიდენის ვიზიტმა კიევსა და ვარშავაში, შემდეგ პუტინის 22 თებერვლის გამოსვლამ ყველას დაავიწყა ბჟანია-გაგლოევის სტუმრობა ჯერ კრემლში,  შემდგომ კი მინსკში. ამ შეხვედრას კი სოხუმში ამჯერად არა დადებითი, არამედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

ყველაფერი 2022 წლის სექტემბერში დაიწყო, როცა ყველასთვის მოულოდნელად ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი აფხაზეთს ესტუმრა. ენგურის ორივე მხარეს საუბარი წავიდა მინსკის მიერ სოხუმის შესაძლო აღიარებაზე. 2020-21 წლებში, ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩახშობის შემდეგ, მინსკმა შეწყვიტა დაბალანსების პოლიტიკა დასავლეთსა და რუსეთს შორის და მთლიანად ამ უკანასკნელისკენ გადაიხარა.

2022 წელს,  უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ეს ორივე ქვეყანა, ერთ პოლიტიკურ თუ სამხედრო ბანაკში აღმოჩნდა, შესაბამისად, ორივე დიქტატორული რეჟიმი სრულად დამოკიდებულია მიმდინარე ომის შედეგებზე. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, ლუკაშენკას ვიზიტი სოხუმში აპრიორი განხილულ იქნა როგორც დამოუკიდებლობის აღიარების წინაპირობა.

აფხაზურ საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში ისიც კი იწერებოდა, რომ მხოლოდ ვიზიტი, როგორც მოვლენა, უკვე აღიარებას უდრიდა. დე ფაქტო რესპუბლიკისთვის ბელარუსისგან ეს არა მხოლოდ მორიგი „აღიარება“, არამედ ეკონომიკური პერსპექტივის გახსნაც იქნებოდა, რადგან ნაკლებად სავარაუდოა აფხაზეთში ტურისტების ნაკადს ნაურუდან ან ნიკარაგუიდან ელოდებოდნენ, განსხვავებით ბელარუსიდან. რუსეთის დოტაციაზე მყოფი აფხაზეთისთვის კი ეს ერთგვარი შანსი იქნებოდა, შეემცირებინათ მოსკოვზე სრული ეკონომიკური დამოკიდებულობა.

დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევდა, რომ 2022 წელს სოხუმში ლუკაშენკა მეტად დიდი სიფრთხილით საუბრობდა სატელევიზიო ინტერვიუებში, მათ შორის, საქართველოც ახსენა და რაც ყველაზე საყურადღებოა, არსად არ უხსენებია, თუ რა იყო ასლან ბჟანიას ოფიციალური სტატუსი, ეს იყო პრეზიდენტი, რესპუბლიკის ლიდერი თუ ვინ – მათ შორის არ ეწერა არც ბელორუსიის მთავრობის მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეხვედრის ცნობაში. ფაქტი იყო, რომ ის, აფხაზეთის სტატუსის გადახედვას არ აპირებდა და სოხუმში სრულიად სხვა მისიით ჩავიდა.

ერთი შეხედვით, ვიზიტს გაგრძელება არ მოჰყოლია, შესაბამისად – არც აღიარება, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა თებერვლის მეორე ნახევარში, როდესაც დაანონსდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტების – ასლან ბჟანიასა  და ალან გაგლოევის ვიზიტი მოსკოვში.

ყველასთვის გასაგები იყო, რომ ეს ყველაფერი უკავშირდებოდა პუტინის 22 თებერვლის გამოსვლას, რომელშიც მას რაღაც განსაკუთრებული უნდა ეთქვა – მაგალითად ახალი სახელმწიფოთა გაერთიანების ჩამოყალიბება, რომელშიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც შევიდოდნენ. ამ თემაზე პირველად ასლან ბჟანიამ, ჯერ კიდევ, გასული წლის აგვისტოში განაცხადა, რუსი პროპაგანდისტის დიმიტრი სალოვიოვის გადაცემაში.

2023 წლის თებერვლიდან რუსმა პროპაგანდისტებმა მოსალოდნელი გაერთიანებისთვის მოსახლეობის შემზადება დაიწყეს. სხვადასხვა ეთერში საუბრობდნენ ახალი „საბჭოთა კავშირის“ შესახებ, რომელშიც გარდა ბელარუსისა და რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებისა, შევიდოდა აფხაზეთიცა და სამხრეთ ოსეთიც.

აფხაზეთში ბჟანიას ხელისუფლების ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა გაავრცელეს ერთობლივი მიმართვა, რომელშიც ხაზს უსვამდნენ, რომ აფხაზეთის სტატუსი არ ექვემდებარებოდა გადახედვას, ის არ გახდებოდა რუსეთის ნაწილი სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე. თავის მხრივ, სერგეიმ შამბამ, გამორიცხა სტატუსის ცვლილება, მისი თქმით ეს,  უბრალოდ, არსებულ კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა; განსხვავებით სამხრეთ ოსეთისგან, აფხაზებს სურთ იყვნენ დამოუკიდებლები, მათ შორის რუსეთისგან.

2023 წლის 22 თებერვალს შედგა ვლადიმერ პუტინის „გრანდიოზული“ მიმართვა, რომელმაც ყველა გააოგნა, ისევე, როგორც 2022 წლის 23-24 თებერვლის წინა საომარმა მიმართვამ, მაგრამ ამჯერად პირიქით – გამოსვლაში მან ისაუბრა ყველაფერზე და თან არაფერზე. არც ახალი სახელმწიფო შეიქმნა და ვერც იმის გეგმა წარადგინა თუ როგორ აპირებდა ომში გამარჯვებას.

შეგვიძლია, ვივარაუდოთ,  რომ ბაიდენის ვიზიტმა კიევში და იმ ფარულმა მესიჯმა, რომელსაც ის მოცემული სვლით ანიშნებდა მოსკოვს, სრულად შეცვალა ვლადიმერ პუტინის დღის წესრიგი, რომელიც ომიდან ერთ წლის თავზეც კი ერთხელაც არ ყოფილა კონფლიქტის ზონაში (თუ არ ჩავთვლით ყირიმში მის ვიზიტს) – სწორედ ამიტომაც, არ ეძახიან მას ტყუილად Бункерный дед-ს (ბუნკერის ბაბუა).

Бункерный дед საერთოდ არ შეხვდა ასლან ბჟანიას, ალან გაგლოევს კი უეცრად კორონავირუსი დაუდგინა… სამაგიეროდ, ასლან ბჟანია და საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა შეახვედრეს ლუკაშენკას.

შეხვედრა მეტად უცნაურად დაიწყო – ბელორუსის პრეზიდენტს „შეეშალა“ და ბჟანიას ასლანის მაგივრად „ხასანი“ დაუძახა. როგორც სექტემბერში, ისევე ახლაც, მას არსად არ უხსენებია სტუმრების პოლიტიკური სტატუსი, ასევე არ ყოფილა შეხვედრაზე აფხაზეთის „სახელმწიფო“ ატრიბუტიკა. მან მხოლოდ ერთგან თქვა აფხაზეთთან მიმართებაში სიტყვები – სახელმწიფო და რესპუბლიკა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახელმწიფოზე საუბრობდა – აფხაზეთსა თუ საქართველოზე, რაც საჭიროების შემთხვევაში ინტერპრეტაციის საშუალებას მისცემდა.

ლუკაშენკა შეხვედრაზე ამბობს, რომ ბელარუსი არ არის გიგანტური სახელმწიფო „რომ დაყოს ქვეყნები და ხალხები, თბილისი, სოხუმი და მინსკი. რამენაირად ერთად უნდა ვიყოთ და აი, ასე ვუყურებ თქვენს ვიზიტს“. მეტიც, გავრცელებული ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, რომ მათ უფრო მეტი ისაუბრეს საქართველოზე, ვიდრე აფხაზეთზე; მათ შორის, ნახსენები იყო სააკაშვილიც კი და ციხეში მისი მძიმე მდგომარეობა.

ყველაზე საინტერესო იყო მის მიერ წარმოთქმული სიტყვა „Сухуми”  და არა „Сухум”. ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში, ისტორიულად, ამ ერთ ასობგერა „и“ -ს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და დღესაც აქვს, რადგან პირველი არის ქართულ-რუსულად (Сухуми) ხოლო მეორე – აფხაზურ-რუსულად (Сухум). აქედან გამომდინარე, ეს ერთი ასო, არა მხოლოდ ცვლის ენას, არამედ ტერიტორიის პოლიტიკურ თუ ისტორიულ თვალთახედვასაც გვიჩვენებს.

აფხაზური ვოიაჟი მოსკოვსა და მინსკში დასრულდა, უკან დაბრუნებულებს კი საზოგადოებიდან მკაცრი კრიტიკა შეხვდათ. საზოგადოება უკმაყოფილო და შეურაცხყოფილი იყო იმ დამცირებიდან, რაც მათ  მიიღეს ლუკაშენკასთან შეხვედრიდან.

ბჟანიასა და არძინბას დასაცავად უნდა ითქვას, რომ ეს არა მათი, არამედ Бункерный дед-ის ბრალია, რომელმაც, სავარაუდოდ, უეცრად შეცვალა თავისი გეგმები – ბჟანიასა და არძინბას კი, სავარაუდოდ, სახის შესანარჩუნებლად (განსხვავებით გაგლოევისგან) მოუწიათ მინსკში იძულებითი ვიზიტი.

ლუკაშენკას არანაირი ინტერესი არ აქვს, აღიაროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლეთი დამატებით სანქციებს დაუწესებს, არამედ იმიტომაც, რომ თბილისი  ჯერ კიდევ მინსკის ეკონომიკური პარტნიორია, ხოლო კვაზი სახელმწიფოს აღიარება ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს იმ ზარალს, რომელსაც ის საპირისპიროდ მიიღებს. მინსკი არ არის სირია, ომისგან დანგრეული ქვეყანა, რომელიც ეგზისტენციალურად დამოკიდებულია მოსკოვზე.

მართალია, ლუკაშენკას არ ჰყავს მოსკოვის გარდა მოკავშირე, თუმცა არც მოსკოვს ჰყავს სხვა, ასე თუ ისე შემდგარი მოკავშირე სახელმწიფო – მით უმეტეს ევროპაში. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ლუკაშენკო სრულად პრორუსულ ორბიტაზე მოიაზრება, ის, მაინც ცდილობს, შეინარჩუნოს მცირე ავტონომიურობა, ამის საპირისპიროდ კი პუტინს ბერკეტი, ჯერჯერობით, არ აქვს.

შეიძლება ითქვას, რომ აფხაზური ვოიაჟი მოსკოვ-მინსკში სრული კრახით დასრულდა. სამაგიეროდ, მიიღეს კარგი რჩევები ლუკაშენკასგან, მაგალითად ის, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის უნდა იყოს მშვიდობა, საამისოდ კი აფხაზები უნდა ესაუბრონ არა მხოლოდ მოსკოვს, არამედ თბილისსაც და გაიღონ გარკვეული კომპრომისები.