ჩვენთან არს ღმერთი - არს და იყოს!  

ეკა ელოშვილი

სამხრეთ ამერიკა ევროპის წინააღმდეგკაი ოხერი რამეა ეს საკონტინენტთაშორისო საფეხბურთო დაპირისპირებები. მუნდიალის ღმერთებმაც ამგვარად გადაწყვიტეს, რომ წინასაშობაოდ კლასიკური თრილერი ვნახოთ. მეოთხედფინალებისგან განსხვავებით, ბლოკბასტერები არ გვინახავს ნახევარფინალებში. 

არგენტინის ცაზე ლეო მესის და ხულიან ალვარესის თანავარსკვლავედები განლაგდნენ. საპირისპიროდ, ხორვატთა ეტლი ვერაფრით შევიდა დიბუ მარტინესის კარში დაალბისელესტემდამაჯერებლად მოიგო – 3:0. 

ლეომ ლივაკოვიჩს თეთმეტმეტრიანი გაუტანა და მუნდიალებზე გატანილი 11 გოლით, ის უკვე არგენტინის ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა. კაპიტანმა ხულიან ალვარესსაც გაატანინა, რომელსაც იმ საღამოს ყველაფერი მშვენივრად გამოსდიოდა. 

მსოფლიო პრესა და ყველა სოციალური ქსელი მოიარა 11 წლის წინ გადაღებულმა ფოტომ, სადაც პატარა ხულიან ალვარესი თავის კერპთან ერთადაა. ჰო, ასეთი ჯადოსნური რამეა ფეხბურთი, სადაც ყველაფერი შეიძლება აგიხდეს და შენი თაყვანისცემის ობიექტის პასით, მუნდიალის ნახევარფინალში გოლიც გაიტანო. 

რთული საღამო ჰქონდა გვარდიოლს. იოშკოს უდაოდ დიდი კარიერა ექნება, ძალიან მაგარი, მყარად ნაგები ბიჭია, თუმცა, ის გაკვეთილი, რაც ბოლოს მესისგან მიიღო, სამუდამოდ ემახსოვრება. 

ბევრი იმუშავეს მოდრიჩმა და კოვაჩიჩმა, თუმცა, ამჯერად მეტოქეს ცენტრი ვერ აართვეს. ხორვატია არგენტინა არაა და არც ლუკაზე ყოფილა ისეთი წნეხი, როგორიც ლეოზე. 

და ის ფინიშის ხაზთანაა. მუნდიალის ფინალისარეკორდო, 26-ე მატჩი და ამავე დროს, უკანასკნელი, ლურჯთეთრი მაისურით. რა იყო ეს, მესის მისია, ჩვენი ბედისწერა თუ უბრალოდ სიამოვნება და ტკბობა, რასაც ის ბევრი წლის განმავლობაში ჩვენთვის აკეთებდა. თითზე ჩამოსათვლელი დღეები დაგვრჩა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლოჯერ ვნახოთ. ეს მან ჩვენზე უკეთ იცის და ამიტომაც თამაშობს ასე, სრული შთაგონებით, სიხარულით, ემოციებით, მოტივაციით. ეს გამოსამშვიდობებელი ფინალი იქნება. მისი თანაგუნდელები ტიტულს მოიგებენ არა მხოლოდ არგენტინისთვის; ამას ლეოსთვის გააკეთებენ, მისი ბედნიერებისთვის. ეყოფა ეს მოტივაცია არგენტინას? 

დეშამი დეტალებშია 

ცოტა უცნაური ნახევარფინალი იყო. ჯგუფური ეტაპის რიგით მატჩს უფრო ჰგავდა. სწრაფი გოლის გაშვება მაროკოელთა გეგმებში არ შედიოდა. თუმცა, ტეო ერნანდესის მე-5 წუთზე ჩატარებულმა კუნგ ფუმ რეგრაგის გეგმები მნიშვნელოვნად არია. ეს მათთვის უჩვეულო მდგომარეობა იყომდევრის როლში ყოფნა. მაგრად იბრძოლა მაროკომ; გუნდი ბურთს იმდენ ხანს ფლობდა, ერთად აღებული მთელ მუნდიალზე რომ არ ჰქონია. ჩვენთან რომ უყვართ ხოლმე თქმა, ბიჭებმა ყველაფერი დადეს, მაგრამ დეშამი დეტალებშია. 

მუსიე დიდიეს მინიმალისტური მიდგომები კვლავ ამართლებს. როგორ მოვიგოთ? – მარტივად. დავუკვირდეთ დეტალებს. საოცარი გუნდი ჰყავს დეშამს. ყოველთვის ზუსტად იციან, ვის როგორ მოუგონ. ვერასდროს ნახავ მოედანზე დაპანიკებულ ფრანგებს და ასე მგონია, ამ სიმშვიდით იქით აპანიკებენ მეტოქეებს. მაროკოელთა თავქუდმოგლეჯილი, ქუდზე კაცი და საყოველთაო მობილიზაციის დროსაც კი ისე ირჯებოდნენ, თითქოს არაფერი ადარდებდათ, თითქოს მათთვის ყველაფერი სულ ერთი იყო. არადა, რამდენჯერმე მართლა გადარჩნენ. დეშამმა ნახევარფინალი მინიმალური დანახარჯებით მოიგო, მაგრამ ძალიან საინტერესოა, რას ამზადებენ ფრანგები ფინალისთვის. 

კვლავ საუკეთესო იყო ანტუან გრიზმანი. მშვიდად, ტექნიკის დემონსტრირებით აბალანსებდა თავისი გუნდის თამაშს. როგორც ჩანს, გრიზუმ მოედანზე თავისი ადგილი საბოლოოდ იპოვა. ის საფრანგეთის ნაკრების მფეთქავი გულია. 

გრიზუგაბედული, დაკვირვებული, მთელი არსებით თამაშში ჩართული, ზედმიწევნით სწორად აფასებდა სიტუაციას. ეს წამიერი დაყოვნებები, როცა გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი უკვე მოფიქრებული აქვს და მათგან საუკეთესოს არჩევს. 

დეშამმა ზუსტად გათვალა, რომ მხოლოდ მისნაირი კრეატიული და მაღალი საფეხბურთო ინტელექტის მქონე მოთამაშე შეძლებდა შუა ხაზიდან გუნდის ასე იდეალურად დაბალანსებას და თამაშის წარმართვას. რაბიოს არყოფნაში, როცა მაროკომ ლორისის კარს თავგანწირვით შეუტია, გრიზმანმა თავდაცვითი ფუნქციების შესრულებასაც მშვენივრად გაართვა თავი. 

მატჩის დასრულების შემდეგ, სანამ სამფეროვანი მამლები თავდავიწყებულ ზეიმს იყვნენ მიცემულნი და ემანუელ მაკრონი თავისი ქვეყნის ნაკრების გასახდელში გამართულ ტაშფანდურში სიამოვნებით მონაწილეობდა, საფრანგეთის ქალაქებში მაროკოელი ფანების დიდი მონდომებით, არეულობები დაიწყო. სიტუაცია განსაკუთრებით მონპელიეში დაიძაბა, სადაც პოლიციამ 262 ადამიანი დააკავა. 14 წლის მოზარდი კი, ამ არეულობაში მანქანის დაჯახების შედეგად დაიღუპა. 

ისე, რაც არ უნდა ლეწონ და ამტვრიონ პარიზის, ლიონის, გრენობლისა და სხვა ქალაქების ქუჩები, საფრანგეთის ნაკრები უკვე ფინალშია და ამ ფაქტს ვერაფრით შეცვლიან. 

ისე, როგორ ფიქრობთ, ფინალურ წყვილში საფრანგეთი მეტოქეზე სულ ოდნავ ფავორიტია? ან რას მოუხერხებს სკალონი მბაპეს და გრიზმანს? არგენტინელთა მწვთნელი ალბათ უკვე მეათასედ უყურებს მაროკოელთა შეტევებსაც. 

ვინ შეძლებს შეაჩეროს მბაპე, როცა ის თავის ტურბო სიჩქარეს ჩართავს? 

მოკლედ, კვირას საოცარი ფინალი იქნებაარანორმალურად მაგარი ამბავი უმაგრესი პერსონაჟებით. საოცარი ფინალითავისი მნიშვნელობით, თემატურობით, ქვეტექსტებით, დუელებით. 

მესიპირველად?

მბაპეკიდევ და კიდევ?