„ჩვენთვის მისღები არ არის. პორტფოლიოს წარდგენის ვადის გაზრდა არაფერს ცვლის“ - პედაგოგები სამინისტროს გადაწყვეტილებაზე

პუბლიკა

განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, წამყვანისა და მენტორი პედაგოგის სტატუსის მიღების მიზნით პორტფოლიოს წარდგენის ვადა 1 ივნისამდე გახანგრძლივდა. მინისტრის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პედაგოგების პროტესტი და მათთან სამუშაო შეხვედრები.

მინისტრის გადაწყვეტილება პედაგოგების ნაწილისთვის მისაღები არ არის. როგორც სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მონაწილე პედაგოგები აღნიშნავენ, ეს არ არის ის, რასაც ისინი მოითხოვდნენ და მინისტრის გადაწყვეტილება ბევრს არაფერს ცვლის.

„რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის მისაღები არ ყოფილა, ჩვენ მინისტრთან შეხვედრაზეც წარმოვადგინეთ ჩვენეული ვარიანტი – გვსურდა, რომ პორტფოლიოს წარდგენა არ ყოფილიყო წინსვლის ერთ-ერთი კრიტერიუმი და ყოფილიყო, უბრალოდ, თვითგანვითარების ერთ-ერთი კომპონენტი.

ჩვენ მოვითხოვეთ, რომ პორტფოლიო ყოველ წელს წარგვედგინა სამინისტროსთვის და, უბრალოდ, ეს არ ყოფილიყო მიბმული სტატუსის ცვლილებასთან, მაგრამ, როგორც ჩანს, მიუღებელი აღმოჩნდა სამინისტროსთვის ჩვენი მოსაზრება და არჩიეს ერთჯერადი პორტფოლიოს წარდგენით მიენიჭებინათ მასწავლებლისთვის წამყვანისა და მენტორის სტატუსები“,- უთხრა „პუბლიკას“ მანანა მიქავამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ონარიის საჯარო სკოლის ქართულ ენასა და ლიტერატურას მასწავლებელმა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული სამინისტროში პედაგოგებთან გამართულ შეხვედრებში.

მისივე განმარტებით, პორტფოლიოს წარდგენის ვადის გაზრდა, ფაქტობრივად, არაფერს არ ცვლის. პედაგოგებს, რომლებსაც აქტივობები შესრულებული ჰქონდათ კრიტერიუმების მიხედვით, უკვე შესაბამისი დოკუმენტებიც ჰქონდათ შეგროვებული, ხოლო ვისაც არ ჰქონია აქტივობები შესრულებული, ერთ თვეშიც მაინც ვერ მოასწრებს, ვერც პროექტის და ვერც კვლევის მომზადებას. რადგან მისი განმარტებით, ერთ თვეში შესრულებული მსგავსი მასშტაბის სამუშაო იქნება „ბუტაფორია და თავის მოტყუება.“

„სწორედ ამიტომ ვიყავით ჩვენ ამის წინააღმდეგნი. ახლა ყველა გადაერთვება ამ ვიწრო ვადებში, რომ შეთხზას ეს პორტფოლიო. ამ პროცესში მოსწავლე განზე დარჩება და მიიღებენ ისევ ბუტაფორიას. სანაცვლოდ ჩვენ შევთავაზეთ, რომ ყოფილიყო უკუკავშირზე აგებული პორტფოლიო, ყოველ წელს ჩაგვებარებინა, არ ყოფილიყო ამდენი მოთხოვნა ერთდროულად, ყოფილიყო ერთი ან ორი საკითხი, რომელზეც მივიღებდით უკუკავშირს, თვითონაც ექნებოდათ კვლევის სახით, სად გვიჭირს, რა გვიჭირს, რაში ვართ ძლიერები, რაში ვართ სუსტნი და ამის მიხედვით შეეძლოთ დაეგეგმათ ჩვენთვის ტრენინგები და შემოეთვაზებინათ განვითარების გზა, მაგრამ, რატომღაც, ეს მოდელი მიუღებელი აღმოჩნდა სამინისტროსთვის“, – ამბობს მანანა მიქავა.

მიქავას თქმით, ამჟამად პედაგოგების facebook-ჯგუფში „მასწავლებლის ხმა“, რომელშიც 10 ათასზე მეტი პედაგოგია გაერთიანებული, მინდინარეობს გამოკითხვა, თუ როგორი უნდა იყოს მათი შემდგომი ნაბიჯი.

„იკვეთება, რომ მასწავლებლებს სურთ, საქმის კურსში ჩავაყენოთ პრემიერ-მინისტრი და წერილი მივწეროთ, თუმცა ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრი ისედაც იქნება საქმის კურსში და თუკი რაიმეს ფუნდამენტურად შეცვლა ენდომებოდათ, შეცვლიდნენ კიდევაც. ამას რამდენად აქვს ახლა მნიშვნელობა, ვერ ვხვდები. მაგრამ ჩვენ მაინც ვცდით, მივწერთ პრემიერს წერილს და დაველოდებით მათგანაც რა იქნება პასუხი“, – ამბობს მანანა მიქავა.

თბილისის 178 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი თამარ ცანავა, როემლიც ასევე აქტიურად იყო ჩართული სამინისტროში გამართულ შეხვედრებში, გვეუბნება, რომ, რეალურად, მინისტრის გადაწყვეტილებით არაფერი არ იცვლება და მასწავლებლების მეტ უკმაყოფილებას იწვევს.

„რა თქმა უნდა, არ არის მისაღები, ჩვენ არ შევსულვართ მანდ იმისთვის, რომ იგივე დაეტოვებინათ. რეალურად, არც არაფერი არ შეუცვლიათ, ვითომ რაღაცები გაამარტივეს, მაგრამ ამით კიდევ უფრო მეტი უკმაყოფილება გამოიწვიეს იმ მასწავლებლების, ვისაც უკვე გამზადებული ჰქონდა დოკუმენტები, რეფლექსია ჰქონდათ დაწერილი, იმ 2800 ადამიანის უკმაყოფილება მაინც გამოიწვიეს. თითქოს რაღაც გამარტივდა პედაგოგებისთვის. ეს ასე არ არის. ეს არის სიტყვებით თამაში“,- ამბობს თამარ ცანავა.

ცანავა განმარტავს, რომ ვადის გადაწევა გამოსავალი არ არის და გადაწყვეტილება ვერ იქნება მისაღები მასწავლებელთა უმრავლესობისთვის. შესაბამისად, უკმაყოფილება კვლავ არსებობს.

„ძალიან ცუდი როლი ითამაშა მასწავლებელთა პროფკავშირმა. მათი პოზიცია ემთხვეოდა სამინისტროს პოზიციას. პირველივე შეხვედრაზე, როცა ჩვენ ვეუბნებოდით მინისტრს რომ არ გვინდოდა პორტფოლიო, პროფკავშირის მხოლოდ ვადების გადაწევას ემხრობოდა.

ნამდვილი პროფკავშირი უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში, რომელიც მთავრობას კი არ დაუკრავს სულ ტაშს, არამედ მართლა დაიცავს მასწავლებლების უფლებებს, ვინც საჭიროებს მათგან მხარდაჭერას. ჩვენ ვერ დავინახეთ მათგან მხარდაჭერა“, – ამბობს თამარ ცანავა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში პედაგოგთა ნაწილი გეგმავს 1 მაისს – მშრომელთა დღეს – შეუერთდეს „ხმის“ მიერ ორგანიზებულ კამპანიას და თავიანთი სათქმელი კიდევ ერთხელ გაახმაურონ.

რა გადაწყვეტილება მიიღო სამინისტრომ

მინისტრის გადაწყვეტილებით,პორტფოლიოს წარდგენის ვადა გახანგრძლივდა 1 ივნისამდე და პედაგოგებს სთავაზობენ შემდეგ პირობებს:

  • მოიხსნა მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის წერილობითი რეფლექსიის ვალდებულება. მასწავლებელი საკუთარი საქმიანობის პრეზენტაციას ზეპირად წარადგენს კვალიფიციური შეფასების ჯგუფის წინაშე გასაუბრებისას.
  • მოიხსნა თითოეული მიმართულების მიხედვით ყველა კომპეტენციის დადასტურების წარმოდგენის ვალდებულება. მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს, პორტფოლიოში ატვირთოს მიმართულებების მხოლოდ ერთი კომპეტენციის შესაბამისი მტკიცებულება და გასაუბრების პროცესში შეფასების ჯგუფთან განიხილოს ამ მტკიცებულების ავთენტურობა, მისი კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებასთან.
  • რამდენიმე ექსპერტისგან შემდგარი შეფასების ჯგუფი წინასწარ შეისწავლის მასწავლებლის მიერ ატვირთულ პროექტებს, აქტივობებს, ჩაატარებს სასკოლო საზოგადოების სხვა წევრების გამოკითხვას და გაესაუბრება აპლიკანტ მასწავლებელს.
  • სამინისტროს მხრიდან სრულად უზრუნველყოფილი იქნება მასწავლებელთა მხარდაჭერა ამ პროცესში. გარდა ცენტრალიზებული ტრენინგების, ვებინარების, მასწავლებელს ექნება საშუალება, რომ სსიპ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისგან მიიღოს ინდივიდუალური კონსულტაცია კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში როგორც ოფიციალური მეილის, ასევე, Facbook-ის გვერდისა და ცხელი ხაზის მეშვეობით.
  • მიუხედავად იმისა, რომ პორტფოლიოს წარდგენის ვადამ გადაიწია, მასწავლებლებს შეეძლებათ გაზრდილი სტატუსის დანამატით 2023-2024 სასწავლო წლიდან ისარგებლონ.

პედაგოგთა პროტესტი და მათი მოთხოვნები

პედაგოგების პროტესტი აპრილში დაიწყო.

„ნუ გვართმევთ ძვირფას დროს! დაგვაბრუნეთ ბავშვებთან!“, „მოგვეცით მეტი დრო ბავშვებთან მუშაობისთვის!“, „არა გაურკვეველ პორტფოლიოს! არა ქაღალდომანიას!“ – პედაგოგებმა აქტიური კამპანია სოციალურ სქელში დაიწყეს და მინისტრისთვის ვიდეომიმართვაც გაავრცელეს, სადაც პროტესტს გამოთქვამენ.

21 აპრილს პედაგოგთა მიერ დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის სქემასთან დაკავშირებით მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასკოლო სივრცეში არსებულ ბევრ პრობლემას, მათ შორის ყველაზე აქტუალური პორტფოლიოსთან დაკავშირებული საკითხი იყო, ვინაიდან პედაგოგებს პორტფოლიოს წარდგენის ვადა თვის ბოლომდე ჰქონდათ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით, პედაგოგს დაწინაურებისთვის, ანუ წამყვანი ან მენტორის სტატუსის მისაღებად, პროფესიული გამოცდის ჩაბარებასთან ერთად ევალება პორტფოლიოს წარდგენა. პორტფოლიო არის ინდივიდუალური ნამუშევრების კრებული, სადაც დოკუმენტირებულია როგორც მუშაობის პროცესი, ასევე შედეგი.

პედაგოგების ნაწილი, რომლებსაც უკვე ჩაბარებული ჰქონდათ გამოცდა, თვეები ელოდებოდნენ პორტფოლიოს შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას. 10 აპრილს დამტკიცდა პორტფოლიოს შეფასების კრიტერიუმები. პორტფოლიოს წარდგენის ვადა კი აპრილის ბოლო იწურებოდა. პედაგოგთა ნაწილს მიაჩნდა, რომ ამ ვადაში პორტფოლიოს მომზადება შეუძლებელია და ვადის გახანგრძლივებას ითხოვდნენ. პედაგოგთა ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ მასწავლებლის პორტფოლიო, რომელიც პედაგოგის საქმიანობას, მის მიერ სასწავლო პროცესში განხორციელებულ აქტივობებს დოკუმენტურად ასახავს, აღარ უნდა იყოს სავალდებულო და სტატუსი პროფესიული გამოცდის საფუძველზე უნდა მიენიჭოთ.