„დასჯილი ხეობა" - პანკისი სპეცოპერაციიდან ერთი წლის შემდეგ

„მხოლოდ იმის გვეშინია, რომ კიდევ ცუდი არაფერი გაგვიკეთონ, თორემ კარგის იმედი აღარ გვაქვს“;

„ამ მოვლენების შემდეგ ნელ-ნელა იკეტება მოსახლეობა. ისევ უნდობლობა, ისევ უიმედობა“;

„ჰესის დაწყებით უკვე მოთმინების ფიალა აივსო“;

„ნდობისა და სამართლიანობის შეგრძნება არ არსებობს…“;

„ხელისუფლებები ხომ იცვლება, არ გეგონოთ, რომ ჩვენ მიმართ მიდგომა იცვლება“.

პანკისში „ჰესების სპეცოპერაციიდან“ ერთი წელიწადი გავიდა.

ჯოყოლოს – ხეობის ერთ-ერთ სოფელს რამდენიმე კვირის წინ ვესტუმრეთ, როცა ჯერ კიდევ თოვლი იდო. რა მოხდა? რატომ? რისთვის დასჭირდა ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება? – ამ კითხვებს პანკისში აქტუალობა ერთი წლის შემდეგაც არ დაუკარგავს. რესპონდენტები გველაპარაკებიან გულღიად. მათ ხმაში ცხადად იგრძნობა წყენა და ბრაზი…

მოგიყვებით, როგორ გაგრძელდა მათი ცხოვრება, რაც ხეობა სპეცრაზმმა და მედიამ დატოვა. გადმოგცემთ მათ სათქმელს, რაც თანამოქალაქეებისთვის აქვთ.

2019 წლის 21 აპრილის დილა. სახელმწიფომ პანკისის ხეობაში დიდი რაოდენობით პოლიციელები და სპეცრაზმი შეიყვანა,  ჰესის, „ხადორი 3-ის“ მშენებლობის გასაახლებლად.

მთელი პანკისის ხეობა – ქალები, კაცები, ბავშვები – ჰესის აშენების წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატავად სოფელ ძიბახევში შეიკრიბა.

პროტესტის მიზნით შეკრებილი მოსახლეობის წინააღმდეგ სპეცრაზმმა ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები, ხელკეტები გამოიყენა. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ჯოხები და ქვები დაუშინეს.

ოფიციალური მონაცემებით, სამედიცინო დახმარება დასჭირდა 55 ადამიანს, მათ შორის – 38 პოლიციელსა და 17 მოქალაქეს, ნოემბერში კი გვარებს შორის ჰესის გამო დაწყებულ დაპირისპირებას ხეობაში მკვლელობაც მოჰყვა.

„ეს არ იყო პოლიციელის მიმართ ნასროლი ქვა, არამედ – იმ პოლიტიკისა და ძალადობის მისამართით, რაც სახელმწიფოს ჰქონდა ჩვენ მიმართ“, – გვიყვება ნაზი დაქიშვილი, ჯოყოლოს მკვიდრი, პანკისელი აქტივისტი და ხეობაში ჩვენი მასპინძელი და ერთი წლის წინანდელ დილას იხსენებს.

„არავინ არაფერი არ ვიცოდით. შევდივართ facebook-ზე და ვხედავთ, რაც ხდება, შეარჩიეს კვირა დღე, როდესაც ბაზრობაა და ნახევარი პანკისის ხეობა იქაა.  როგორც კი იგებენ, მაშინვე აბრუნებენ მანქანებს და მოდიან. ჩვენც აბსოლუტურად ყველაფერს ვყრით და მივდივართ.

გვირეკავდნენ ახლობლები, მეგობრები სხვა სოფლებიდან, მათ შორის, ქართული სოფლებიდან, მაგალითად, მატნიდან და გვეკითხებოდნენ, რა ხდებოდა, რადგან აქაც არის სპეცრაზმიო. ვენახშიც კი ისხდნენ და ელოდებოდნენ. მობილიზებულები იყვნენ“, – იხსენებს ნაზი.

ის გვიყვება, რომ მთელი ორი წლის განმავლობაში მოითხოვდა მოსახლეობა, მოესმინათ მათთვის, გაეთვალისწინებინათ ადგილობრივების აზრი. მისი თქმით, ჰესთან დაკავშირებით „საჯარო შეხვედრები“ თავდაპირველად მათი მონაწილეობის გარეშე იმართებოდა. მოსახლეობას არ ჰქონდა ინფორმაცია ჰესის შესაძლო ზეგავლენასა და საფრთხეებზე. კითხვები ჰქონდათ მდინარე ალაზანთან დაკავშირებით, რომელიც მათთვის იდენტობის ნაწილია და ხეობის სიცოცხლის ძარღვს წარმოადგენს.

„არ იყო არავითარი ახსნა, არგუმენტი, გზშ… ხალხი აზრზე არ იყო [რას აპირებდნენ]. არ იყო არაფერი მოსახლეობისთვის განმარტებული, დალაგებული, შეთანხმებული. ეს იყო მოულოდნელობა, ხალხის არაფრად ჩაგდება, ამანაც გაამწარა ხალხი. როგორ, ჩვენ აქ ვცხოვრობთ, ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობამ აქ უნდა იცხოვროს და არაფრად გვაგდებთ?!…“, – გვესაუბრება მზია ბექაური, სოფელ ბირკიანის სკოლის მასწავლებელი.

მოსახლეობამ მტკივნეულად აღიქვა ის, რომ ერთ კერძო კომპანიას მთელი სახელმწიფო უჭერდა მხარს, ადგილობრივების მიმართ კი ისეთი დამოკიდებულება ჰქონდათ, თითქოს მათ ეს საკითხი არ ეხებოდათ, თითქოს იქ არ ცხოვრობდნენ.

„მთელი სახელმწიფო აპარატი იყო ჩართული, რომ დავეყოლიებინეთ – ხან მუქარა წამოვიდა, ხან მოსყიდვა სცადეს, მაგრამ არაფერი რომ არ გამოუვიდათ, შემდეგ თქვეს, რომ პოლიციას შემოვიყვანთ, თავზე დაგაყენებთ და მერე ვნახოთ, ვინ შეშინდებაო“, – იხსენებს ნაზი.

მიუხედავად მუქარისა, დაშინებისა, ახალგაზრდების პოლიციაში დაბარებისა, რესპონდენტები ამბობენ, რომ ბოლომდე მაინც არ სჯეროდათ, ხელისუფლება საპოლიციო ძალას თუ გამოიყენებდა. არ სჯეროდათ, რადგან ეგონათ, რომ მმართველი ძალა ანგარიშს გაუწევდა მათ აზრს, დამოკიდებულებას, მოიქცეოდა წინდახედულად და კეთილგონივრულად, იაზროვნებდა სახელმწიფოებრივად, გაითვალისწინებდა ხასიათსა და მენტალიტეტს და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, შეაფასებდა მათ შორის რუსეთიდან მომდინარე რისკებსაც.

როგორც აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი ვარაუდობს, გადაწყვეტილების მიმღებთ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს ხეობაში არსებული განწყობის შესახებ და არც ეგონათ, რომ მოსახლეობისგან მსგავს წინააღმდეგობას შეხვდებოდნენ.

„ადრეც გვეუბნებოდნენ, რომ თუ სპეცრაზმს შემოვიყვანთ, ყველა გაიქცევითო; გცემენ და გაიქცევითო. მგონი, ამის [მოლოდინი] ჰქონდათ, რეალურად კი, აქ ასე არ ხდება. როდესაც პირველი შეტაკება დაიწყო, ვისაც არ აინტერესებდა ჰესი, ისიც გამოვიდა. არ გვიცნობენ. რომ ეკითხათ, ვეტყოდით, რომ ერთი კაცი გამოუშვით, თბილად ისაუბროს. როცა ძალით მეჯახები, მწარდები ხომ?!…“, – ამბობს ბორძიკაშვილი.

რამ გამოიყვანა მოსახლეობა გარეთ?

„ეს არ იყო მხოლოდ ჰესების წინააღმდეგ გამოსვლა. ეს იყო თემირლანის საქმიდან მოყოლებული, წლების განმავლობაში დაგროვილი უსამართლობის განცდა, რომელმაც ასე ერთდროულად იფეთქა“, – გვიყვება რამზან გორგიშვილი, პანკისელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის წევრი.

აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ჰესის მშენებლობის დაწყების ამბავი უკვე მოთმინების ფიალის ავსებას ჰგავდა, ეს იყო „სხვადასხვა რაღაცებზე წაყრუებული და დახუჭული თვალის გახელა“.

„თემირლანის საქმეზე პროტესტსაც არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია. შვილმკვდარი მამა იმასაც რომ ვერ აღწევს და არ აღიარებს სახელმწიფო, რომ ეს იყო მისი დანაშაული… ეს არის პრობლემა. ეს რომ ყოფილიყო სხვაგან, შეიძლება, სხვა სამართლებრივი შედეგი დამდგარიყო, მაგრამ განცდა იმისა, რომ ჩვენ ვართ ქისტები, ჩვენ ვართ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობა, ანუ ჩვენთან სამართალი ეს უკვე სხვაა…  ეს განწყობა ხეობაში უფრო მეტად გაძლიერდა, არის უნდობლობა. ყველას აქვს იმის განცდა, რომ შეიძლება, ხვალ შემოვიდნენ, მძინარე ბავშვს ესროლონ და მოკლან. და სახელმწიფო ამას დანაშაულად არ აღიარებს…“, – ამბობს ნაზი დაქიშვილი.

რესპონდენტების თქმით, ყველა ზემოთ აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, მოსახლეობას უკვე მძაფრი რეაქცია ჰქონდა ხეობაში სპეცრაზმის დანახვაზე. ბორძიკაშვილის თქმით, მათ წინასწარვე გააფრთხილეს, რომ ძალის გამოყენება საბოლოოდ ცუდ შედეგს გამოიწვევდა, თუმცა ხელისუფლებამ ეს ყურად არ იღო.

„ანუ ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დაუშვეს მაშინ, ის იყო, რომ სახელმწიფოს ჰყავს ეთნიკური უმცირესობა, რომელიც საქართველოში 200 წელიწადია, ცხოვრობს და ამ ხალხის მენტალიტეტი არ იცის. აბსოლუტურად არავის არ შეეშინდებოდა… დედაჩემმა, რომელიც ხედავდა ახმეტიდან მომავალ მანქანებს, სპეცტექნიკით სავსეს, ხომ იცოდა, რომ იქ ვიყავი, ის კი არ მითხრა, რომ ნაზი მე ვხედავ და დაიმალე ან ჩამოდი სახლში, არამედ მითხრა, რომ ერთად და მაგრად დავმდგარიყავით. ასეთი იყო განწყობა საზოგადოების“, – იხსენებს ნაზი დაქიშვილი.

აქტივისტები აღნიშნავენ, რომ მომხდარი ფაქტი სამწუხაროა და უხარიათ, რომ უფრო მეტი გართულების გარეშე ჩაიარა ამ მოვლენებმა. შეძლებისდაგვარად, ცდილობდნენ, თავადაც განემუხტად ვითარება. მათი თქმით, მომხდარზე ისევ ხალხი დარდობს და არა მთავრობა.

„ერთი პატარა ბავშვი იყო, რომელსაც რკინის კეტი ეჭირა ხელში და დარბოდა. ვთხოვდი, ვეხვეწებოდი, გააგდე, არ გინდა ამის გამოყენება-მეთქი. იყო დაახლოებით 8 წლის, მაგრამ ვერ გავაგდებინე. მე და დედამისი ერთნაირად ვცდილობდით, რომ გამოგვერთმია, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. 8 წლის ბავშვებშიც იყო იმის განცდა, რომ ჩვენ რაღაც უნდა დაგვეცვა. და ამ მდგომარეობამდე რომ მიიყვან შენივე მოსახლეობას, შენივე მოქალაქეებს, ამ შენი პოლიტიკით და შენი უსამართლობით, ვფიქრობ, მარტო ჩვენი პრობლემა არაა, არამედ მთლიანად მთავრობისა და სახელმწიფოს პრობლემაა. ამ ბავშვებს არ უნდა ჰქონოდათ ის აგრესია, რაც მათ იმ დღეს ჰქონდათ“, – ამბობს ნაზი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2019 წლის საქმიანობის ანგარიშში წერს, რომ „2019 წელს გარკვეული ძალების მიერ ადგილი ჰქონდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხზე მოსახლეობის პოლარიზაციის მცდელობას. დაფიქსირდა მოსახლეობის მხრიდან სახელმწიფოსთან ძალისმიერი დაპირისირების ფაქტი“. თუ ვის გულისხმობს სუსი „გარკვეული ძალებში“ და ვის პასუხისმგებლობას ხედავს მომხდარში, ამ საკითხზე დამატებითი კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებიათ.

„ვისჯებით წინააღმდეგობის გამო”

ხეობაში მოსახლეობას აქვს განცდა, რომ სპეცოპერაციის შემდეგ ხელისუფლება მათ სჯის. სჯის გაწეული წინააღმდეგობის გამო. მათი თქმით, ხეობაში შეჩერდა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. 2019 წელს პირველად აღარ გაიმართა „პანკისობა“, მის ნაცვლად კი მუნიციპალიტეტმა „ხადორობა“ აღნიშნა. მოსახლეობის საერთო ნიჰილიზმის ფონზე ხეობა დატოვა აქტივისტების ნაწილმაც. ხეობის ბოლოს, სოფელ ძიბახევში პოლიციის ახალი შენობის აშენებაც დაიწყეს.

რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღეში დაიწყეს პოლიციის შენობის აშენება ძიბახევში. მოსახლეობა კითხულობს, რისთვის გახდა საჭირო ერთი პატარა სოფლის თავში ამხელა მშენებლობა, როცა დუისის შესასვლელში პოლიციის შენობა ისედაც დგას.

„პოლიციის შენობაზე გახარიამ გაგვაფრთხილა, 21-ში მოლაპარაკებასავით რომ იყო შეხვედრა, ჩემს ბიჭებს ეგრე როგორ გაუკეთეთ, ხელი აუწიეთო. შენი ბიჭები ესენიც არიან, შენი ხალხი ვართ-მეთქი ჩვენც, ვუთხარი. სამი თვის მერე ხომ ვაპირებდი და ხვალვე დავიწყებ ამ მშენებლობასო. ერთადერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც სპეცოპერაციის მერე გაკეთდა, არის პოლიციის დიდი შენობა“, – ამბობს სულხან ბორძიკაშვილი.

„მოსახლეობას ასე ჰგონია, ეს იმიტომ შენდება, რომ მერე ხმა ვერ ამოვიღოთ. ვიღაცა რაღაცას იზამს და მიგვიყვანენ იქ, სადაც საჭიროა. ეს შენობა, რომ საჭირო არ იყო… რაც უფრო მეტი აგრესია იქნება, მით უფრო მეტი წინააღმდეგობა გამოვლინდება. მე ასე ვფიქრობ. არ არის სწორი გადაწყვეტილება, რომ ისედაც განაწყენებულ მოსახლეობას, ასეთი ენით ელაპარაკო. ჩათვალონ მოსახლეობა ადამიანებად, რომლებმაც აქ უნდა იცხოვრონ და გაითვალისწინონ მათი სურვილები“, – ამბობს მზია ბექაური.

მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ხეობაში სხვა მრავალი სოციალური პრობლემის ფონზე, დამატებით პოლიციის შენობის აშენება მათ მიმართ სახელმწიფოს პრიორიტეტებს ნათლად წარმოაჩენს.

„რამდენი წელია, ვითხოვთ, რომ ხეობას გამოუყონ სასწრაფო დახმარების მანქანა (ბევრი ავადმყოფი მანქანაშივე გარდაცვლილა, სანამ ჩააღწევდა რაიონამდე), სახანძრო – ერთი თვის შუალედში ორი ბინა დაიწვა, რომ ყოფილიყო ადგილზე, შეიძლებოდა დახმარება“, – გვესაუბრება გულიკო ხანგოშვილი, ქალთა საბჭოს თავმჯდომარე.

სასმელი წყლის პრობლემა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა, სანაგვე ურნებისა და ნარჩენების მართვის პრობლემა, ელექტროგაყვანილობის ბოძების უსაფრთხოება, ხეობაში ტურიზმის განვითარება და ა.შ. – ნაწილია იმ საჭიროებებისა, რაც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ მომზადებულ „პანკისის ხეობის ძირითადი სოფლების საჭიროებების მიმოხილვის დოკუმენტშია“ აღნიშნული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „პანკისის სათემო რადიოსთვის“ მიცემული განმარტებით, პანკისი-ძიბახევის პოლიციის შენობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი პოლიციის ეფექტიან მუშაობას. ახალ შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ტერიტორიული დანაყოფი, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რეგიონული განყოფილება განთავსდება, რათა საგანგებო სიტუაციების დროს რეაგირება უმოკლეს დროში იყოს შესაძლებელი. ასევე, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საპოლიციო სერვისის მიღება, რაც, მათი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების ეფექტიან საპოლიციო მომსახურებას უზრუნველყოფს.

„პუბლიკასთან“ საუბრისას აქტივისტი რამზან გორგიშვილი იმ პროექტებს ასახელებს,  რომლებიც, მათი ინფორმაციით, შეჩერდა – ბირკიანი-ძიბახევის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, ქვემო და ზემო ხალაწნის დამაკავშირებელი გზა, დუმასტური-ჯოყოლოს დამაკავშირებელი ხიდი და მისასვლელი გზა და სხვა.

რაც შეეხება „პანკისობის“ დღესასწაულს, გორგიშვილის ინფორმაციით, 2019 წელს „პანკისის სათემო კავშირის“ ორგანიზებით უნდა გამართულიყო გარკვეული ღონისძიებები, თუმცა მუნიციპალიტეტიდან დასწრებაზე უარი თქვეს.

„აქ  უნდა ყოფილიყვნენ სტუმრები ამერიკის საელჩოდანაც. რეალურად, თუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან არ იქნებოდნენ წარმომადგენლები, მაშინ არ გამოდიოდა მათი ჩამოყვანაც და, შესაბამისად, ჩაიშალა. თავად მუნიციპალიტეტმა კი პირველად გამართა „ხადორობა“ [ხადორი – პანკისის ხეობის არაქისტური სოფელი]. არცერთი ადგილობრივი ქისტი აქტორი არ დაპატიჟეს“, – ამბობს გორგიშვილი.

მოსახლეობის ინფორმაციას არ ადასტურებს ახმეტის მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილი. მერის მოადგილე ამბობს, რომ „პანკისობის“ აღნიშვნა მოსახლეობამ „რატომღაც, თვითონვე არ მოისურვა“. რაც შეეხება „ხადორობას“, მისი თქმით, ეს დღესასწაული არა პირველად, არამედ 2017 წლიდან ტარდება, თუმცა აქტივისტები ამტკიცებენ, რომ მსგავსი ღონისძიება ხეობაში აქამდე არ გამართულა. გასულ წლებში „ხადორობის“ აღნიშვნის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტშიც არ იძებნება.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ნასყიდაშვილი უარყოფს ხეობაში მათ შეჩერებას, მით უმეტეს ჰესზე წინააღმდეგობის გამო და ამბობს, რომ ყველა პროექტი მიმდინარე ან დასრულებულია.

მისი თქმით, 2019 წელს ხეობაში დაახლოებით მილიონ-ნახევრის ღირებულების პროექტები განახორციელეს. „ეს იყო საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, ბირკიანის, დუმასტურის, ჯოყოლოს. იყო ამბულატორიების რეაბილიტაცია, ჯოყოლოსა და ომალოში. სრული რეაბილატაცია ჩავუტარეთ შუახალაწნის სკოლას, თავისი გათბობით. ავაშენეთ ქორეთში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, დაახლოებით ნახევარი მილიონის ღირებულების სკოლა. თვითონ დუისში გავაკეთეთ რკინა-ბეტონის ხიდი, გარეგანათებაც მოვაწყეთ.  დუისი-წინუბნის დამაკავშირებელი 2.5-კილომეტრიანი გზა გავაკეთეთ, ასფალტირებული“.

ვაჟა ნასყიდაშვილის თქმით, არის გეგმები, რომელზეც საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორის ასახელებს ომალოსა და ჯოყოლოს წყალმომარაგების სისტემის სათავისა და შიდა ქსელების მოწესრიგებას. რაც შეეხება ხალაწნებს შორის დამაკავშირებელ გზებს, მერის მოადგილე აღნიშნავს, რომ აღნიშნული პროექტი დასაფინანსებლად მთის ფონდში აქვთ წარდგენილი და დაფინანსების შესახებ პასუხს ელოდებიან.

„მთლიანობაში რომ 12 მილიონი აქვს მუნიციპალიტეტს და 2-მილიონამდე რომ დახარჯავ პანკისის ხეობაში, დანარჩენ მუნიციპალიტეტს რა ვუყოთ?!“, – ამბობს მერის მოადგილე.

  • 16786878762
  • 16602141679
  • 24894529020
  • 16168783693
  • 4112558788
  • -p-a-n-k-i-s-i--20200109-3
  • 69130741305bbbfa6c887c4bad99d077
  • 24484213733
  • 01 /

 „ჩვენ მიმართ დამოკიდებულება არ იცვლება“

პანკისის ხეობის მოსახლეობას აქვს განცდა, რომ წლების განმავლობაში ხელისუფლებების დამოკიდებულება მათ მიმართ არ იცვლება – დამოკიდებულება, როგორც პოტენციურ საშიშროებასთან. და ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა ზრუნავდეს პანკისის ხეობის განვითარებაზე, ტურიზმის ხელშეწყობაზე, მოსახლეობის ინტეგრაციაზე, თავისი პოლიტიკით ხელს უწყობს სტერეოტიპებისა და სტიგმის გაღრმავებას.

„იმაზე ვბრაზდები, რომ ამდენი ხანია, საუბრობ, ამდენი ხანია გამოსავალს სთავაზობ, შენ თვითონ ეუბნები, რომ აქ ასე თუ იმუშავებ, ძალიან მაგარი საზოგადოება გეყოლება. კიდევ ის, რომ, როცა ხვდები ხალხს, ზევიდან კი ნუ უყურებ. მოდი, დაჯექი, უთხარი, იცით რა, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, ყველას გვიჭირს, უნდა გავუძლოთ. ესენი კი ასე – თქვენ რომ ამბობთ, რომ გიჭირთ, იმათაც უჭირთ იქ, ასეთი პასუხი აქვთ ხოლმე, თითქოს დამნაშავე ხარ, რაღაცას რომ ამბობ და არ გაქვს უფლება, რომ მოითხოვო“, – ამბობს სულხან ბორძიკაშვილი.

„რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ყოველთვის განვიხილებით, როგორც ცალკე მდგომი. ჩვენ გვაქვს ხოლმე განწყობა, შეგრძნება, რომ კი ვართ საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ არ ვართ ამ სახელმწიფოს ნაწილი. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ…“, – გვეუბნება ნაზი დაქიშვილი.

აბო აჭიშვილს ჯოყოლოში პოლონელებთან ერთად დაარსებული ტურისტული კომპანია აქვს. გვიყვება, რომ სპეცოპერაციის შემდეგ, მაისში სამუშაო ვიზიტით პოლონეთში უნდა წასულიყო, თუმცა ქვეყნის დატოვების უფლება აღარ მისცეს. თუ რატომ, ამაზე პასუხი ვერც ერთ უწყებასა თუ საელჩოში ვერ მიიღო. ამ აკრძალვით კი მის კომპანიას, რომელიც ხეობისთვის ტურისტებს იზიდავდა, არსებობის საფრთხე ექმნება. „მე ქისტი ვარ და ქისტს ვინ მომცემს პასუხს“, – ამბობს ის.

გვიყვება, რომ თავდაპირველად გიდად მუშაობდა, შემდეგ კი უცხოელებმა კომპანიის დაფუძნება შესთავაზეს. ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიიღო იმის გამოც, რომ დაემტკიცებინა ყველასთვის, რასაც ინტერნეტში ქისტებზე წერენ, რეალურად ეგეთი ხალხი რომ არ არიან. „რომ არ ვართ ტერორისტები და რომ ვართ ვაინახები, რომ ვართ სტუმართმოყვარე ხალხი, თავისი ადათითა და წესით.. ადამიანის განსჯა არ შეიძლება, თუ პირადად არ იცნობ. ყველა ერში არის ცუდიც და კარგიც, ერთი, ორი, სამი ცუდი კაცის გამო, მთელი ერი რატომ უნდა განსაჯო… მე ამ მიწის შვილი ვარ. საქართველოს შვილი ვარ. ერთი დროშის ქვეშ ვცხოვრობთ. ჩვენ გვერდიგვერდ უნდა ვიომოთ [მტრის წინააღმდეგ]. ჩვენ ერთნი ვართ. საქართველო ჩვენი სამშობლოა. მე აქ დავიბადე, გავიზარდე, აქ დავდიოდი სკოლაში…“, – გვეუბნება აბო აჭიშვილი.

რამზან გორგიშვილი ამბობს, რომ ყოველი ხელისუფლება პანკისს იყენებდა საკუთარი პოლიტიკის ნიშნისმოსაგებად ან საკუთარი წარუმატებლობის გადასაფარად და პანკისი, როგორც განტევების ვაცი, ისე იყო ამ პერიოდის განმავლობაში.

„მე თავს უმცირესობად არ აღვიქვამ. როდესაც მე სრულიად ღია ვარ, ვაზროვნებ სახელმწიფოებრივად, სხვა ეთნიკურ უმცირესობებთან შედარებით, ქართულ ენაზეც ყველაზე კარგად პანკისელი ქისტები მეტყველებენ, როდესაც მე არ ვქმნი არანაირ ბარიერს, არ ვქმნი არანაირ წინაპირობას, რომ აღმიქვა სხვად, რატომ არის ეს პოლიტიკა ჩემ მიმართ? პანკისს სულ წარმოაჩენენ საფრთხედ, როდესაც აქედან საფრთხე არ მომდინარეობს. რატომ არის ხედვებს შორის დომინანტური უსაფრთხოებასა თუ საფრთხეზე ხაზგასმა. ეს ძალიან პრობლემატურია.

ვნახეთ გოგაშვილის განცხადება, ვნახეთ ვოლსკის განცხადება, მალხაზ მაჩალიკაშვილთან მიმართებით, სადაც ის პირდაპირ ტერორისტად მოიხსენია. ასეთი განცხადებებით, რა თქმა უნდა, საზოგადოებას, რომელიც შორიდან უყურებს პანკისს, ექმნება გარკვეული სტერეოტიპები და სტიგმაც ღრმავდება…

ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, სულ გვიწევს მტკიცება, რომ ეს ჩვენი სამშობლოა, ჩვენც პატრიოტები ვართ, ჩვენც გვტკივა აფხაზეთი და ოსეთი. ასეთ თავის მართლების რეჟიმში ყოფნა ჩვენთვის ძალიან რთულია. ერთი ადამიანის დანაშაული ან რადიკალური ხედვა, ან მისგან მომდინარე საფრთხის განზოგადება ხდება მთლიანად ხეობაზე, თემზე. და მერე ისევ ჩვენ გვიწევს თავის მართლება“, – ამბობს რამზან გორგიშვილი.