„დიდების“ დაგვიანებული გამბიტი

დავით ბუხრიკიძე

დოკუმენტური ფილმი „დიდება დედოფალს“ სახელოვანი ქართველი მოჭადრაკე ქალების შესახებ მოგვითხრობს. მას მაყურებელი 4 ივნისიდან კინოთეატრ „ამირანში“ ნახავს.

გასულ 2020 წელს, ნეტფლიქსის ძალიან გახმაურებულმა სერიალმა „ლაზიერის გამბიტი“ (The Queens Gambit) კინოსა და ჭადრაკის მოყვარულთა დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია, ხოლო ჭადრაკის დედოფლის, ნონა გაფრინდაშვილის სახელი ლამის ხელახლა გააცოცხლეს და რეკორდული რაოდენობით მოიხსენიეს მსოფლიოს გავლენიან მედიებსა თუ სოციალურ ქსელებში. 

ამერიკულმა სერიალმა კიდევ უფრო გაამძაფრა დისკუსია ქალთა ჭადრაკის შესახებ და ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია სწორედ ქართველ მოჭადრაკე ქალების წარმატების ისტორია. მათ შესახებ კი მსოფლიომ ძალიან ცოტა რამ იცის. სწორედ ამ ინფორმაციული ნაკლის აღმოსაფხვრელად ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველმა რეჟისორმა, თათია სხირტლაძემ გადაიღო დაახლოებით ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „დიდება დედოფალს“, რომელიც ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალთა ოთხეულის – ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძის, ნანა ალექსანდრიასა და ნანა იოსელიანის შესახებ მოგვითხრობს.

ეს სწორედ ის ოთხეულია, რომელთა წარმატებამ მსოფლიოს ქალთა ჭადრაკის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა. რეჟისორმა სწორედ მათი ცხოვრება, აქამდე უცნობი ბიოგრაფიული დეტალები და განვლილი გზა ასახა. თანაც ისე, რომ არ დაურღვევია გარკვეული სიმეტრიის პრინციპი და ყველა მათგანს სათანადო დრო და პატივი მიაგო ფილმში.

60-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში მსოფლიო ჭადრაკის სამფლობელოს სწორედ ქართველი ქალები განაგებდნენ. უკვე დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ითქვას, რომ მათ ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს და ქალთა ჭადრაკი საერთაშორისო მასშტაბით მამაკაცთა ჭადრაკს გაუთანაბრეს. 

სხვათა შორის, თათა სხირტლაძის ფილმის „დიდება დედოფალს“ პრემიერა გასული წლის შემოდგომაზე, კინოფესტივალ CineDOC-Tbilisi -ის ფარგლებში გაიმართა. მაშინ კინოჩვენებას ესწრებოდნენ ფილმის მთავარი გმირებიც: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია და ნანა იოსელიანი. ჩვენების შემდეგ კი დისკუსია გაიმართა მაყურებელთან და მოჭადრაკეებმა მათ თავიანთი შთაბეჭდილებები და მოგონებები გაუზიარეს. 

ფილმში ასახულია მოჭადრაკე ქალების დღევანდელობა და ცხოვრების ამსახველი კადრები. თანაც გარკვეული დროის დისტანციით, სადაც კარგად არის შეზავებული ერთად გატარებული სასიამოვნო მოგონებები თუ იუმორით შეზავებული თვითშეფასება.

ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ფილმში მაინც სახელოვან მოჭადრაკეთა მოსახელეების მოძებნის ეპიზოდებია: რეჟისორმა და ზოგადად, გადამღებმა ჯგუფმა საქართველოში მცხოვრებ უამრავ ქალს მიაკვლია, რომლებსაც სახელები ჩვენი მოჭადრაკეების პატივისცემის ნიშნად დაარქვეს. მათი მოგონებები და ემოციები ფილმს სრულიად სხვაგვარ განზომილებას სძენს. გამოყენებული არქივი კი გარკვეულ სევდასაც აღძრავს სახელოვანი წარსულის გამო.

თავიდან ფილმის გადაღება თათია სხირტლაძემ დამოუკიდებლად, საკუთარი სახსრებით დაიწყო, თუმცა დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გარკვეული ფინანსური პრობლემა მაინც დაუდგა და პროდიუსერებმა – ანა ხაზარაძემ და ნინო ჩიჩუამ ფილმის გადაღებაში დახმარება გაუწიეს. გადაღებაში ასევე ჩაერთნენ ავსტრიელი და სერბი პროდიუსერებიც. საბოლოოდ, ფილმის გადაღებას რეჟისორმა დაახლოებით ორი წელი მოანდომა. 

დოკუმენტური ფილმის პრემიერა რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზეც გაიმართა. პანდემიის გამო კი მხოლოდ ონლაინჩვენება მოეწყო და ისიც ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე. ამჯერად, ფილმს „დიდება დედოფალს“ მაყურებელი 4 ივნისიდან, კინოთეატრ „ამირანში“ ნახავს.