დირიჟორი საიმპერატორო ჯილდოთი

დავით ბუხრიკიძე

88 წლის ასაკში ტოკიოში გარდაიცვალა მსოფლიოში აღიარებული იაპონელი დირიჟორი სეიჯი ოზავა. 

თითქმის 65-წლიანი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში ის ათამდე სახელოვანი სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. მისი დაუცხრომელი შემოქმედებითი ენერგია, რეპერტუარის მუდმივი ძიებისა და განახლების სურვილი და რაც მთავარია, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობებში, მართლაც, შთამბეჭდავია.

მას გრძელი თმა ჰქონდა, ეკეთა მძივები, სრულიად განსხვავებულად ეცვა და საერთოდ არ ჰგავდა სიმფონიური ორკესტრების შავფრაკიან დირიჟორებს, რომლებსაც შეჩვეულნი ვიყავით,“ – ასე დაწერა ოზავას შესახებ მუსიკის კრიტიკოსმა ლოიდ შვარცმა ბოსტონის ერთერთ მუსიკალურ გამოცემაში.

მნიშვნელოვანია სეიჯი ოზავას შემოქმედებითი კავშირები ჩრდილო ამერიკასთან, სადაც ის ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა ნიუიორკის ფილარმონიის, სან ფრანცისკოს, ტორონტოს, ბოსტონის სიმფონიურ ორკესტრებთან. განსაკუთრებით კი ბოსტონში, სადაც ის  სიმფონიური ორკესტრის (Boston Symphony Orchestra) სამხატვრო ხელმძღვანელი იყო 1973-იდან 2002 წლამდე. სწორედ ბოსტონის სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობისას დაიმსახურა მან მუსიკის კრიტიკოსთა აღიარება და მოწონება ბრამსის, მალერის, ჩაიკოვსკის, რაველის, პროკოფიევის სიმფონიური მუსიკის შესრულებისა თუ ჩანაწერებისათვის.

ოზავა ასევე იყო ყველაზე ცნობილი ევროპული ორკესტრების მიწვეული დირიჟორიც, როგორიცაა ბერლინისა და ვენის ფილარმონიის ორკესტრები. 2002 წლიდან 2010 წლამდე ის მუშაობდა ვენის სახელმწიფო ოპერის მუსიკალურ დირექტორადაც.

თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მან  დაიმსახურაგრემისაუკეთესო საოპერო ჩანაწერისთვის (ოლივიე მესიანის ოპერაწმინდა ფრანსისკო ასიზელი“). ასევე აღსანიშნავია, „გრემის“ 14 ნომინაცია, საპატიო დოქტორის წოდება და იაპონიის Praemium Imperiale  ხელოვნებაში მიღწევებისთვის“. 2011 წელს კი ოზავა დააჯილდოვეს ყველაზე პრესტიჟულიიმპერატორის საპატიო ორდენით. 2015 წელს სეიჯი ოზავა (რეჟისორ ჯორჯ ლუკასთან, მომღერალ და კომპოზიტორ კეროლ კინგთან, მსახიობ და მომღერალ რიტა მორენოსთან ერთად) კენედის ცენტრმა ამერიკულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

1988 წელს ოზავა დირიჟორობდა საბავშვო სატელევიზიო შოუს სახელწოდებით „Pretty Great Performances“, რომელშიც მასთან ერთად  სახელოვანი ტენორი, პლასიდო დომინგოც მონაწილეობდა. კონცერტი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ სატელევიზიო ტრანსლაციის შემდეგ აშკარად გაიზარდა კლასიკური მუსიკის პოპულარობა ახალგაზრდა თაობის ამერიკელებში.

აღსანიშნავია, რომ ოზავა დაიბადა 1935 წლის 1 სექტემბერს, ჯერ კიდევ იაპონიის მიერ კონტროლირებად მანჯურიაში, ახლანდელ ჩინეთში. თავდაპირველად  ფორტეპიანოსადმი დიდი ინტერესით გამოირჩეოდა, მაგრამ ტოკიოს  მუსიკალურ სკოლაში გადასვლის შემდეგ სწავლა სადირიჟორო კლასში განაგრძო. ბავშვობაში ოზავა სერიოზულად იყო გატაცებული რაგბით, თუმცა მას შემდეგ, რაც ერთერთ თამაშში თითები სერიოზულად დაიზიანა, სპორტს თავი დაანება, თუმცა  სიცოცხლის ბოლომდე იაპონიის სარაგბო ნაკრების მხურვალე გულშემატკივრად დარჩა.

1959 წელს ოზავა გახდა პირველი იაპონელი დირიჟორი, რომელმაც გაიმარჯვა ახალგაზრდა დირიჟორთა საერთაშორისო კონკურსში. ამ ტრიუმფმა მეტწილად განაპირობა მისი წარმატებული კარიერის დასაწყისი. ის სწავლობდა ისეთ დირიჟორებთან, როგორებიც იყვნენ: ჰიდეო საიტო, ჰერბერტ ფონ კარაიანი და ლეონარდ ბერნსტაინი. 

1985 წლის აგვისტოში ჰიროშიმას მშვიდობის მემორიალურ პარკში გაიმართა სეიჯი ოზავას და  ამერიკელი კომპოზიტორისა და დირიჟორის, ლეონარდ ბერნსტაინის ერთობლივი კონცერტი, რომელიც თავისი მნიშვნელობით მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ასევე გამორჩეულია ბოსტონის სიმფონიური ორკესტრის პირველი ვიზიტი ჩინეთში, გასული საუკუნის 70-იან წლებში, რომელსაც სწორედ მისი სამხატვრო ხელმძღვანელი, სეიჯი ოზავა დირიჟორობდა. 

1973 წელს მოსკოვში გაიმართა სანფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის ისტორიული კონცერტი, რომელშიც დირიჟორ ოზავასთან ერთად, უკვე დისიდენტად შერაცხილი ცნობილი რუსი ჩელისტი, მსტისლავ როსტროპოვიჩიც მონაწილეობდა. ლეგენდაც და ისტორიული ფაქტიც გვამცნობს, რომ სწორედ ამ კონცერტის შემდეგ გაატანა მას წერილი როსტროპოვიჩმა, სენატორ ედურად კენედისთან და დირიჟორ ბერნსტაინთან. 1974 წლის აპრილში, ედუარდ კენედის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ კი უშუალოდ გადაწყდა როსტროპოვიჩის დასავლეთში ემიგრაციის საკითხი.

სიცოცხლის ბოლო წლებში ოზავა ხშირად იმყოფებოდა შვეიცარიაში, სადაც მკურნალობდა. ციურიხში მან დააარსა საერთაშორისო მუსიკალური აკადემია, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩადიოდნენ ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსები, რომლებსაც მაესტრო ყოველმხრივ მხარში ედგაცნობილია, რომ დირიჟორის დაკრძალვის ცერემონიას მხოლოდ ახლო ნათესავები დაესწრებიან. მემორიალის გახსნა კი მოგვიანებით იგეგმება.