ძალადობასა და ზეწოლაში დადანაშაულებული პროკურორები სისტემაში

ბასტი მგალობლიშვილი

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ მედიაში კვლავ აქტუალური გახდა გახმაურებული „ყინწვისის საქმე“ და მასში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხი. „ყინწვისის საქმის“ ყოფილი პოლიტპატიმრები ძალადობასა და ზეწოლაში ორ პროკურორს ადანაშაულებდნენ – პროკოფი ჭანკოტაძესა და დავით ხიზანაიძეს. ეს პროკურორები სხვა გახმაურებულ საქმეებშიც ფიგურირებენ. „პუბლიკა“ დაინტერესდა – ისევ არიან თუ არა პროკურორები სისტემაში? მიმდინარეობს თუ არა გამოძიება?

2019 წლის 11 დეკემბერს 15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო მოწმის სტატუსით დაკითხეს.

17 დეკემბერს მოზარდი გარდაიცვალა. ამავე დღეს დააკავეს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი მოზარდისთვის ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მარიანა ჩოლოიანი კიდევ ერთ გახმაურებულ – „ყინწვისის საქმეში“ ფიგურირებდა. „ყინწვისის საქმეზე“ დაკავებული ყოფილი პოლიტპატიმრის ნიკოლოზ გოგუაძის განცხადებით, 2011 წლის მაისში დაკითხვის დროს მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მისი დასჯისა და მისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით.

ნიკოლოზ გოგუაძე ჰყვება, რომ მისი დაკითხვა მარიანა ჩოლოიანთან საათობით გრძელდებოდა. როცა გამომძიებელი სასურველ პასუხს ვერ იღებდა, შემდეგ ორ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პირს ის პერიოდულად გაჰყავდა სხვა ოთახში, სადაც მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ, შემდეგ კი ჩოლოიანთან ოთახში აბრუნებდნენ.

გოგუაძის დაკავება 2011 წლის 26 მაისს და მის მიმართ არასათანადო მოპყრობა დადგენილად მიიჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით. თუმცა გოგუაძისთვის პროკურატურას მისთვის დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ მიუნიჭებია. გოგუაძე ფიქრობს, რომ გამოძიება უკვე დასრულებულია, თუმცა პროკურატურას არ სურს მისი შედეგების გასაჯაროება.

პროკურორების მონაწილეობა „ყინწვისის საქმეში“

„ყინწვისის სპეცოპერაციის“ დროს ყინწვისის მონასტერში „ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის“ 20-ზე მეტი წევრი 2011 წლის 26 მაისს დააკავეს. მათ ბრალად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და შეთქმულებაში მონაწილეობა ედებოდათ. 2013 წელს პარლამენტმა ისინი პოლიტპატიმრებად ცნო და პატიმრობიდან გაათავისუფლა.

2013 წელს „ყინწვისის საქმის“ ყოფილმა პოლიტმატიმრებმა, მათ შორის ნიკოლოზ გოგუაძემ, მთავარ პროკურატურაში მათ საქმეში მონაწილე პროკურორების წინააღმდეგ განცხადება შეიტანეს. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულები პროკურორებს მუქარასა და ზეწოლაში ადანაშაულებდნენ და მათ დასჯას მოითხოვდნენ. პოლიტპატიმრები აცხადებდნენ, რომ აღიარებითი ჩვენებები დაკავების შემდეგ, პროკურორების – პროკოფი ჭანკოტაძისა და დავით ხიზანაიძის მუქარების შედეგად მისცეს.

ნიკოლოზ გოგუაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ საქმის ფიგურანტი რამდენიმე პირი დღემდე სამთავრობო უწყებებში მუშაობს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე იგი სახელებსა და გვარებს არ ასახელებს. გოგუაძემ „პუბლიკასთან“ მხოლოდ ორი პირის სახელი და გვარი დაასახელა. ესენი არიან: პროკოფი ჭანკოტაძე და დავით ხიზანაიძე. გოგუაძის თქმით, სწორედ მათ  დავალებებს ასრულებდნენ გამომძიებელი ჩოლოიანიც და სხვა მათზე დაქვემდებარებული პირებიც.

კიდევ რომელ საქმეებში ფიგურირებენ პროკურორები?

„ყინწვისის საქმის“ გარდა, პროკოფი ჭანკოტაძე 2011 წლის 26 მაისის შემდგომ დაკავებული პირის, შაქრია ზურაშვილის საქმის პროკურორიც იყო. საია-ს სტრატეგიული სამართალწარმოების კოორდინატორი ნინო ჯომარჯიძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ზურაშვილი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. არასათანადო მოპყრობა გრძელდებოდა მთავარ სამმართველოშიც.

„შაქრია ზურაშვილი ჩვენთანაც და ასევე მთავარ პროკურატურაშიც მოწმის სახით დაკითხვის დროს აღნიშნავდა და აცხადებდა, რომ პროკოფი ჭანკოტაძე მასთან შედიოდა გლდანის ციხეში და მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ მისგან მოითხოვდა აღიარებითი ჩვენების მიცემას წაყენებულ ბრალთან მიმართებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი შვილებისთვის იარაღის ან ნარკოტიკის ჩადებით ემუქრებოდა“, – აცხადებს ნინო ჯომარჯიძე.

შაქრია ზურაშვილს საქართველოს სასამართლოებმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის გამამტუყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. ზურაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე კი გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

„გამოძიება დღემდე ისე მიმდინარეობს, რომ არცერთი პირისთვის ბრალი არ  წაუყენებიათ“, – ამბობს საია-ს წარმომადგენელი.

შაქრია ზურაშვილის მიმართ ასევე არსებობს სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფოს მიერ ცალმხრივი დეკლარაცია, რომლითაც სახელმწიფო აღიარებს, რომ ზურაშვილი სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას და რომ ამ ფაქტზე მიმდინარე გამოძიება არაეფექტიანი იყო. ზურაშვილს დაზარალებულის სტატუსი სწორედ სტრასბურგის სასამართლოს 2017 წლის განჩინების გამოქვეყნების შემდეგ მიენიჭა.

„ზოგადად, როდესაც სახელმწიფო აღიარებს ან არ აღიარებს, მაგრამ სასამართლო ადგენს, არასათანადო მოპყრობის ფაქტს, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, რომ მან ეროვნულ დონეზე ეფექტიანი გამოძიება უნდა ჩაატაროს, რაც გულისხმობს, რომ გამოძიების ფარგლებში ყველა საჭირო და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის დასადგენად უნდა ჩატარდეს. ეს ფაქტი მოხდა 2011 წელს. დღეს არის 2019 წელი. ფორმალურად მთავარ პროკურატურაში გამოძიება ამჟამადაც მიმდინარეობს. ამ საქმეს მთავარი პროკურატურის უშუალოდ საგამოძიებო ნაწილი იძიებს, თუმცა დღემდე არცერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ გამოკვეთილა“, – ამბობს ნინო ჯომარჯიძე.

„ყინწვისის საქმეში“ დასახელებული მეორე პროკურორის, დავით ხიზანაიძის სახელი ფიგურირებს სხვა გახმაურებულ საქმეებშიც. მათგან ერთ-ერთი, ე.წ. კოჭოიას საქმეა.

2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. მათ შორის მუხიანში, „ლეიბორისტების“ ოფისთან – ჯავახიშვილზე, ამერიკის საელჩოსთან და ტელეკომპანია „იმედის“ მიმდებარედ. მომხდარიდან მალევე შინაგან საქმეთა სამინისტროში აფეთქებების სერიას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა და სხვებთან ერთად „კოჭოიად“ ცნობილი მერაბ ყოლბაია დააკავეს.

როგორც ყოლბაიას ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, ტერორიზმში მსჯავრდებული ყოლბაია სწორედ დავით ხიზანაიძეს ადანაშაულებდა ზეწოლაში. მისივე თქმით, ამ საქმეზე პასუხისგებაში არაერთი პირი მიეცა, თუმცა მათ შორის ხიზანაიძე არ არის.

„ყოლბაია უშუალოდ ადანაშაულებდა დავით ხიზანაიძეს, რომ ის მწამებლებს უგზავნიდა. მან სასამართლოში თქვა, რომ – ტყუილად დამადებინეს ხელი და ჩვენების მიცემა მაიძულესო. იმ პროცესზე მე ყოლბაიას ადვოკატი არ ვყოფილვარ. მაგრამ ახალი ხელისუფლების პერიოდში, როდესაც მან უკვე ჩივილი დაიწყო, მე ვიყავი მისი ადვოკატი. მას, როგორც არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლს, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა“, – ამბობს ადვოკატი.

მერაბ ყოლბაიამ 2012 წლის აპრილში მედიისთვის ღია სასამართლო პროცესზე პირველ ინსტანციაში მიცემული აღიარებითი ჩვენება შეცვალა და განაცხდა, რომ მან პირვანდელი აღიარებითი ჩვენება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მისცა. მან უარყო რაიმე კავშირი საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტებთან. ყოლბაია ამბობდა, რომ პირველი ჩვენების მიცემამდე მას ფეხებში 8 ტყვია ესროლეს, შემდეგ ნატყვიარში კალამს ურჭობდნენ, წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც აწამებდნენ. იგი ამბობდა, რომ სწორედ ამ ფონზე მისცა მან პირველი ინსტანციის სასამართლოს აღიარებითი ჩვენება, თითქოს ის ტერაქტების ორგანიზებას კიდევ ერთ მსჯავრდებულ, დავით კეკუტიასთან ერთად უწევდა.

„ყოლბაია ამბობდა, რომ როდესაც სასამართლოში ვთქვი, რომ სულ ტყუილად მიმაცემინეს ჩვენებები და მაწამეს და მცემესო, მაშინვე ხიზანაიძემ სხდომის გადადება მოითხოვაო – მოსამართლეს უთხრა სასწრაფო საქმე მაქვს, ახლა დამირეკესო და გადაადებინა, მერე მეორე სხდომაც გადაადებინა. ამასობაში ხდებოდა ყოლბაიას დამუშავება. რა თქმა უნდა, თვითონ ხიზანაიძე უშუალოდ არ მონაწილეობდა წამებაში“, – ამბობს ნიკოლეიშვილი.

დავით ხიზანაიძე ასევე ფიგურირებს ბახტრიონის ქუჩაზე 2003 წელს  ყოფილი დეპუტატის ლაერტ ზუბადალაშვილის შვილის მკვლელობის საქმეშიც. საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ალექსანდრე ჭუმბურიძე 2017 წელს „პირველ არხთან“ ამბობდა, რომ მან ჩვენება მსჯავრდებულ ბაჩო შარაშენიძის წინააღმდეგ ზეწოლის შედეგად მისცა.

„დავით ხიზანაიძე შემოვიდა ციხეში, ვითომ გამომძიებელი იყო, ბაჩოზე მოგვეცი რამე საქმეო. მე ვუთხარი, რა საქმე უნდა მოგცე-მეთქი? ეს კაცი იყო მონაწილე ჩემს წამებაში“, – ამბობდა 2017 წელს „მოამბის“ ეთერში ალექსანდრე ჭუმბურიძე.

მუშაობენ თუ არა პროკურორები სისტემაში დღემდე?

ნიკოლოზ გოგუაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ 15 წლის ლუკა სირაძის საქმის გახმაურებამდე შიდა წყაროებიდან იცოდა, რომ გამომძიებელი მარიანა ჩალოიანი სისტემაში აღარ მუშაობდა და ის საქართველოშიც აღარ იმყოფებოდა.

საია-ს წარმომადგენლის ინფორმაციით, პროკოფი ჭანკოტაძეც დღემდე პროკურატურაში, უშუალოდ საგამოძიებო ნაწილში მუშაობს. ნინო ჯომარჯიძე „პუბლიკასთან“ იხსენებს, რომ „გავრილოვის ღამეს“ დაშავებული მაკო გომურის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ, საქმის მასალების გაცნობისას ერთ-ერთ დოკუმენტში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით პროკოფი ჭანკოტაძის სახელი და გვარი ფიგურირებს.

„ეს ისევ ადასტურებს იმას, რომ ჭანკოტაძე დღემდე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მუშაობს . ანუ იმავე უწყებაში, რომელიც იძიებს ზურაშვილის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას და მათ შორის უნდა გამოიძიოს გლდანის ციხის მოვლენები, სადაც ზურაშვილის თქმით, მასთან შედიოდა ჭანკოტაძე და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე“, – ამბობს ნინო ჯომარჯიძე.

რაც შეეხება დავით ხიზანაიძეს, „პუბლიკამ“ გაარკვია, რომ ის ისევ სისტემაშია და ისან-სამგორის პროკურატურის განყოფილებაში მუშაობს. ეს ინფორმაცია თავად ისან-სამგორის პროკურატურაში დაგვიდასტურეს.

„პუბლიკა“ პროკურატურის პრესსამსახურთან 18 დეკემბრიდან ცდილობს მიიღოს ოფიციალური ინფორმაცია, მუშაობენ თუ არა ეს პროკურორები სისტემაში და რა ეტაპზეა გამოძიება; ასევე, როგორია უწყების განმარტება იმ ბრალდებებზე,  რომლებშიც ამ პროკურორების სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი. პროკურატურაში გვპასუხობენ, რომ ამ დრომდე არკვევენ მათ სამუშაო პოზიციებს და დასმულ შეკითხვებზე არ გვპასუხობენ.