გაუქმებული ფესტივალების ქრონიკა

დავით ბუხრიკიძე

…ავინიონის, ბერლინის, ზალცბურგის, ედინბურგისა და ვენის თეატრალური ფესტივალები 2020 წელს აღარ გაიმართება.

კორონავირუსის გამო ევროპაში, ფაქტობრივად, ყველა ცნობილი თეატრალური თუ კინოფესტივალი ფესტივალი გაუქმდა. ერთადერთი და ყველაზე მაღალი დონის ფესტივალი, რაც წელს ევროპაში მოასწრეს –  ბერლინის საიუბილეო, 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იყო, რომელიც 20 თებერვალს გაიხსნა და 1 მარტს დაიხურა.

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების კატასტროფული სისწრაფის გამო ზედიზედ გაუქმდა ცნობილი საერთაშორისო ფესტივალები. მივყვეთ გაუქმებული ფესტივალების ქრონიკას: ჯერ კიდევ მარტის ბოლოს ბერლინის ცნობილი თეატრალური ფესტივალის, „თეატრალური შეხვედრების“ (Theatertreffen) დირექციამ გამოაცხადა, რომ ის 2020 წელს აღარ გაიმართებოდა. Theatertreffen გერმანულენოვანი თეატრების ფესტივალია (ავსტრია, გერმანია, შვეიცარია), რომელიც 1963 წელს დასავლეთ ბერლინში დაარსდა და ყოველი წლის მაისში იმართება.

თეატრის ექსპერტებისა და კრიტიკოსების მიერ შერჩეულ თორმეტ საუკეთესო სპექტაკლს მაყურებელი დაახლოებით ოცი დღის გამავლობაში ესწრება და აფასებს. აღსანიშნავია, რომ 57 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესავ ფესტივალი აღარ გაიმართება.

ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული – ავინიონის თეატრალური ფესტივალი, რომელიც, სავარაუდოდ, 3-დან 23 ივლისამდე უნდა გამართულიყო, გაუქმებულია. ამის შესახებ ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია: „ჩვენ გავითვალისწინეთ რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადება 2020 წლის 13 აპრილს და შევწყვიტეთ მუშაობა ფესტივალის გამართვის თაობაზე“. მოგვიანებით გაუქმების გეგმა ფესტივალის დირექტორთა საბჭომ სხდომაზეც დაადასტურა – „ჩვენი ამოცანაა, წლევანდელი, ჩაშლილი ფესტივალი გავაანალიზოთ და მომავალი ფესტივალის ფორმასა და იდეაზე ვიფიქროთ“.

ავინიონის ფესტივალი – ევროპაში უძველესი თეატრალური ფესტივალია, რომელიც 1947 წელს დაარსდა გამოჩენილი ფრანგი მსახიობისა და რეჟისორის, ჟან ვილარის ინიციატივით. ის ყოველწლიურად იმართება ისტორიულ ქალაქ ავინიონში, სადაც თავის დროზე პაპების რეზიდენცია არსებობდა. სპექტაკლებს ღია ცის ქვეშ თამაშობენ, ისტორიული ქალაქის მოედნებზე. მთავარი სცენა კი, ტრადიციულად, პაპის სასახლის ეზოა, სადაც წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სპექტაკლები იმართება. სწორედ პაპის ეზოში წარმოადგინა 1983 წელს რუსთაველის თეატრმა რობერტ სტურუას ლეგენდარული „კავკასიური ცარცის წრე“.

2020 წელს აღარ გაიმართება ვენის ცნობილი თეატრალური ფესტივალი – Wiener Festwochen და არც ზალცბურგის ასწლიანი ისტორიის მქონე სახელოვანი საოპერო ფესტივალი. 7 აპრილს ვენაში სამთავრობო პრესკონფერენციაზე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ კულტურული ინსტიტუტების კარანტინი გაგრძელდება და უცნობია, როდის დასრულდება. ფაქტია, რომ ავსტრიის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყნის ორი ყველაზე დიდი და ცნობილი ფესტივალი აღარ გაიმართება. აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ზალცბურგის ფესტივალი არ ჩატარდება.

სინამდვილეში, ეს თეატრალური სეზონის დახურვა-დასრულებასაც ნიშნავს. ასევე, იხურება საკონცერტო დარბაზებიც და შესაბამისად, ახალი სპექტაკლები და კონცერტები სექტემბრამდე აღარ გაიმართება. ზოგადად, გასართობი ღონისძიებების აკრძალვის გადაწყვეტილება ეხება დრამატულ და მუსიკალურ თეატრებს, საცეკვაო სპექტაკლებს, ასევე კაბარეებსა და კინოთეატრებს, რომლებიც ზაფხულის ბოლომდე დაიხურება.

„კულტურული კარანტინის“ ერთგვარი გაგრძელებაა ცნობა იმის შესახებ, რომ 2020 წელს არც ბაიროითის სახელოვანი საოპერო ფესტივალი გაიმართება, რომლის დაარსებაც რიჰარდ ვაგნერის სახელს უკავშირდება.