გეგელია, კუპრაძე, სმიტი... - რატომ უერთდებიან მემარცხენე პოლიტიკოსები "ლელოს"

ზურა ვარდიაშვილი

როგორც “პუბლიკისთვის” გახდა ცნობილი, დღეს, 12 საათზე, პირველი რესპუბლიკის ბაღში, მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული მოძრაობა “ლელო” მორიგ პრეზენტაციას გამართავს და საზოგადოებას ახალ წევრებს წარუდგენს.

ამჯერად ეს წარდგენა გამორჩეული იქნება – მემერჯვენე-ცენტრისტული  მოძრაობა, როგორც ახასიათებს “ლელოს” მამუკა ხაზარაძე, თავის რიგებში იწვევს მკაფიოდ მემარცხენე შეხედულებების მქონე პოლიტიკოსებს – გრიგოლ გეგელიას, ირაკლი კუპრაძეს, ჯოზეფ ალექსანდერ სმიტს და მათ გუნდს.

“პუბლიკა” გრიგოლ გეგელიას და ირაკლი კუპრაძეს ესაუბრა:

“არსებობს განსხვავებული ხედვებიც, თუმცა ეს განსხვავებულობა არ აღემატება იმ პატრიოტულ მიზანს, რასაც საკუთარი ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა და ორპარტიული ტყვეობიდან დახსნა ჰქვია” – ამბობს გეგელია ჩვენთან საუბარში.

გეგელიას თქმით, ის და მისი გუნდი “ლელოსთან” თანხმდება რომ:

ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ სამუშაოს შესრულებისას.

მოქალაქეს ეკუთვნის უსაფრთხო სამუშაო გარემო და ღირსეული ანაზღაურება.

ჩვენი საცხოვრებელი გარემო უნდა იყოს ეკომეგობრული.

“ლელოს” პრიორიტეტები იქნება მწვანე და განვითარებაზე ორიენტირებული რესპუბლიკა, დაცული შრომა და წელში გამართული, განათლებული ქართველი მოქალაქე.

ირაკლი კუპრაძე გვეუბნება, რომ წლების განმავლობაში, მისი გუნდის წევრები სხვადასხვა გზებით იბრძოდნენ, რათა ქართველ ხალხს ეცხოვრა უკეთეს სახელმწიფოში, რომ მათ ჰქონოდათ ღირსეული შრომის, განვითარების, დაცულობის შესაძლებლობა. “ჩვენ ვაპროტესტებდით პოლიტიკურ და სოციალურ უსამართლობას, მუდმივად ვცდილობდით ჩვენი ქვეყანა დაგვეცვა ორპარტიული მანკიერებებისგან”

როგორც კუპრაძე ამბობს, ამ სისტემის, და მთელი კულტურული ველის რეალობა ისაა, რომ ის ცდილობს ჩაყლაპოს ყველა და ყველაფერი, რომელიც თავის თავს არ მიაკუთვნებს ორი პოლუსიდან რომელიმეს. ““ლელო” ქმნის თვისებრივად განსხვავებულ, ახალ სიმძიმის ცენტრს, რომელიც ყველა თავისუფალი ქართველის პარტია იქნება. ეს არ არის ერთი და ორი ადამიანის მოძრაობა, ეს არის ყველა პატრიოტის მოძრაობა, რომელიც თვლის, რომ ასე გაგრძელება დაუშვებელია. ეს არის ყველა იმ ადამიანის მოძრაობა, ვინც ჩვენსავით თვლის, რომ საქართველო უნდა ვაქციოთ წარმატების, ხარისხის და განვითარების ნიმუშად”.

გეგელიას და კუპრაძის თქმით, მათი ერთადერთი გეგმა უმთავრესი სოციალური და პოლიტიკური პრობლემების რეალურად მოგვარებაა პროფესიულ, დემოკრატიულ გარემოში. “გვწამს, რომ ამას თავს გავართმევთ. ჩვენ შევედით ამ დიდ და მნიშვნელოვან ბრძოლაში ახალი მორალური, ეთიკური და პროფესიული სტანდარტებისთვის ქართულ პოლიტიკაში და ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე”.

პოლიტიკური იდეების ისტორიკოსი, გრიგოლ გეგელია, 2019 წლის მთაწმინდის ოლქის შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა და ხმათა 3,14% მიიღო.  ჟურნალისტი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, საბურთალოს მესამე ოლქში იყრიდა კენჭს და მესამე ადგილი დაიკავა. პროფესიით იურისტი ირაკლი კუპრაძე მოქალაქეებს სტუდენტური და ეკოაქტივიზმით, შრომის უფლებებისთვის ბრძოლით ახსოვთ.

დააკლიკეთ, გადმოდით პუბლიკის ფეისბუქგვერდზე, მოიწონეთ და გაუზიარეთ მეგობრებს