გერმანია კულტურის გადასარჩენად

დავით ბუხრიკიძე

გერმანიის მთავრობამ პანდემიის პირობებში, დამატებით ერთი მილიარდი ევრო გამოყო ქვეყნის კულტურის დასახმარებლად. სუბსიდიებისა და პაკეტის უდიდესი ნაწილი მიზნად ისახავს კულტურის ინსტიტუტების, კულტურული ცენტრების, ინფრასტრუქტურის, დამოუკიდებელი არტ-ორგანიზაციების  მხარდაჭერას, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას პანდემიამდე არ იღებდნენ.

გერმანიამ კორონავირუსის მოყენებული ზარალის გათვალისწინებით, დამატებით მოსახლეობისთვის დახმარების ახალი პაკეტი გამოყო (სულ 130 მილიარდი ევრო), საიდანაც 1 მილიარდზე ცოტა მეტი კულტურის სფეროსა და ინდუსტრიისთვის არის განკუთვნილი. თანხა ნაწილ -ნაწილ გამოიყოფა 2020 და 2021 წლებში. მათგან 250 მილიონი ევრო გათვალისწინებული იქნება ჰიგიენური ნივთების შესაძენად, ახალი ეპიდემიოლოგიური პროტოკოლების გათვალისწინებით.

დახმარების პროგრამა მოიცავს ასევე სავენტილაციო სისტემების განახლებას და სოციალური დისტანციის ახალი სტანდარტების რეგულირებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და კულტურის სივრცეებში: კინოთეატრებში, მუზეუმებში, თეატრებში, კლუბებში და საფესტივალო დარბაზებში. დაახლოებით 30 მილიონი ევრო გამოიყოფა კერძო გალერეების, კულტურული და საგამომცემლო ცენტრების დასახმარებლად. პაკეტი სახელწოდებით „ახალი დასაწყისი“ ასევე მოიცავს გადასახადების ხარჯების შემცირებას ხელოვნების სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის – 19% -დან 15% -მდე.

როგორც გერმანიის კულტურის მინისტრმა მონიკა გრუტერსმა განაცხადა, „ჩვენთვის, გერმანიის კულტურული ინფრასტრუქტურის დაცვა და შენარჩუნება ნიშნავს ქვეყნის მასშტაბით ხელოვანებისა და არტისტების წახალისებას და შემოქმედებითი გარემოს  შენარჩუნებას… და  რაც მთავარია, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც“.

პაკეტის დიდი ნაწილი, დაახლოებით 450 მილიონი ევრო გამოიყოფა კულტურული ინსტიტუტების მხარდაჭერად, განაკუთრებით მათთვის, რომლებიც არ იღებენ სახელმწიფო დაფინანსებას. მათ შორის არიან დამოუკიდებელი ინსტიტუტები, გალერეები და კერძო სამხატვრო ორგანიზაციები. მინისტრის აზრით, ეს ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილის შენარჩუნებას ან დაბრუნებას მათთვის, ვინც გადაუხდელი შვებულების გამო იძულებული იყო სამსახურიდან წასულიყო. თუმცა, ქალბატონი მონიკა გრუტერსი არ აკონკრეტებს როდის აღდგება სრულფასოვანი საკონცერტო თუ საფესტივალო ცხოვრება, რადგან ეს მთლიანად დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე გერმანიაში.