გურიის შრომა, განახლება და ამაღლება

ბექა შათირიშვილი

დიდუბის სადგურში სასურველი სამარშრუტო ტაქსის ძებნა მარტივი საქმე არაა. ხმაური, გადატვირთული გზა, ჩახუთულობა და ყველა მხრიდან ქვეყნის სხვადასხვა მხარეში კომფორტულად ჩაყვანის შემოთავაზება…

მაგრამ საბოლოოდ ნაპოვნი ტრანსპორტის მძღოლის გურული კილოთი  გაცემული პასუხი შეკითხვაზე – „კარგი ადგილები გაქვთ? – ყველა ადგილი კაი მაქვს, ძამია“, განწყობას ცოტა გიხალისებს, რადგან იცი, ეს მხოლოდ დასაწყისია და სადაც მიდიხარ, მსგავსი და უკეთესი სხარტი სიტყვა-პასუხი გელოდება.

გურიამდე შორია, მაგრამ თბილისის მავნე ზეგავლენას რომ თავი დააღწიო ამისთვის დიდი მანძილის გავლა გიწევს.

მას შემდეგ,  რაც გურიისკენ გადავუხვიეთ, ნელ-ნელა ყველა უფრო კომუნიკაბელური გახდა. ეს გზა თავისი ამოუწურავი მოსახვევებით ჩემი თავბრუსხვევისა და დისკომფორტის მიზეზია, მაგრამ  სხვა მგზავრები აქამდე რომ ჩუმად იყვნენ, ახლა შემართებით არიან. ყველაფერი ბუნებისა და ჰაერის ქებით იწყება და შემდეგ საუბრები უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება.

ჩემი სოფელი „შუა განახლება“, აწ უკვე „შუა ამაღლება“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. სოფელში დიდი ხნის განმავლობაში არმყოფისთვის სახელის უეცარი ცვლილება დამაბნეველი გახლდათ. სიახლეები როგორც ამ, ასევე გზად შემხვედრ სხვა სოფლებში მხოლოდ გადასახვევებსა და ქუჩების კუთხეებში დადგმული ჯვრები და ხატებია. სახელის ცვლილებაც გასაგები გახდა. კომუნისტური განახლება ქრისტიანულმა ამაღლებამ ჩაანაცვლა. ეს ირიბი დაპირისპირება კომუნისტურ წარსულსა და ქრისტიანულ აღთქმულ მომავალ ცხოვრებას შორის უფრო ფართომასშტაბიან ფორმებს  სოფლის ცენტრში იღებს, სადაც სულ სამი რამაა კეთილმოწყობილი – ეკლესია და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი – „შინმოუსვლელნი“. ეს ორი, როგორც ამ იდეური ბრძოლის ხილული გამოხატულება და სკოლა.

ომში დაღუპულთა მემორიალი ძალიან საინტერესო რამაა, რაც თითქმის ყველა სხვა სოფელშიც შემხვდა. გარდაცვლილი ადამიანების ყველა ფოტოსურათზე ერთნაირი ემოციაა აღბეჭდილი და სხვანაირად ვერც იქნებოდა. ჯარში წაყვანისას ახალგაზრდებს  წინასწარ უღებდნენ სურათებს, იმიტომ, რომ იცი, ბევრი მათგანი დაიღუპება. ამ მხიარული ხალხისთვისაც კი რთული იქნებოდა გაყინული სახის გარდა სხვანაირი გამომეტყველების მიღება. სხვა სოფლებში მემორიალი დროს ვეღარ უძლებს და ომში დაღუპული ადამიანების ფოტოსურათები ნელ-ნელა ცვივა და ქრება. სამწუხაროდ, ამ ადამიანების ხსოვნის დავიწყება და გაქრობა არაა გურის ერთადერთი პრობლემა. აქედან ცოცხალი ადამიანები თავიანთი ნებითა და საკმაოდ მზარდი ტემპით უჩინარდებიან.

სკოლა – ამქვეყნიური ნათელი მომავლის ერთ-ერთი საწინდარი – სოფლის პირობებზე საკმაოდ დიდი და თანამედროვეა. პირად საუბრებში მოვისმინე, რომ ამ სკოლის ასეთი სიდიადე ვიღაცის ვიღაცასთან ნაცნობობამ განაპირობა, რაც ლოგიკურია. ნათელი მომავალი ნათელი სკოლის სახით დიდი პრივილეგიაა, განსაკუთრებით გურიის სოფლებში, რადგან ბევრი სოფელი არაა ამით განებივრებული.

სიმბოლოების თაყვანისცემა და ასე უჩვეულოდ გამოხატული რელიგიურობა პირდაპირი პასუხია მხარის სოციალურ მდგომარეობაზე. ჩოხატაურიდან ჩემს სოფლამდე ფეხით გავლისას ყურადღებას პირველ რიგში მიტოვებული სახლები და ბაღები იქცევს. გზის პრობლემა ფრაგმენტულადაა მოგვარებული; გაზიფიცირება ბევრგან ახლახან დასრულდა; წყლის ამოღება  ჭიდან მიწევს და თუ თბილისიდან ჩასულისთვის ეს გასართობი პროცედურაა, აქ მცხოვრებისთვის  ყოველდღიურობის დამამძიმებელი მორიგი გარემოებაა. რთულია, გასცე პასუხი კითხვაზე, თუ რით ცხოვრობს ეს ხალხი. პირველი, რაც გაფიქრდება, თხილია, მაგრამ  ფაროსანამ შემოსავლის ეს წყარო მოსპო. მეორეა თურქეთში სამუშაოდ წასვლა. ეს ალტერნატივაც ახალმა ვირუსმა ჩაკლა. შესაბამისად, ამ კითხვაზე პასუხი ღიად რჩება, მაგრამ, მეორე მხრივ, ხვდები, რატომ ტოვებენ ადამიანები სახლებს და აქ დამრჩენები კი ხატებსა და ჯვრებს ამაგრებენ გზებზე. ტრადიციულად დავიწყებული კუთხის მოსახლეობა შვებას სარწმუნოებაში თუ პოულობს. როცა ხვდები, რომ ამ ადგილებს განახლება დიდხანს არ უწერია, იმქვეყნიური ცხოვრებისა და ზეცაში ამაღლების იმედს იკრებ.

ადამიანებისგან განსხვავებით ფლორასა და ფაუნას არაფერი უჭირს. ბუნება ისევ ისეთი ლამაზი და მრავალფეროვანია. სოფლებში ჩამომავალი ნაკადულები, რომლებიც საკმაოდ ბევრია, მიქმნის განცდას, რომ ეს ადგილები ჩვეულებრივი ცოცხალი ორგანიზმია და სხეულის ფუნქციებს იმეორებს. ადამიანები ამ შემთხვევაში პარაზიტები გამოვდივართ. მიტოვებულ ეზოებში თხები დარბიან. ადამიანებზე მეტად ზოგჯერ ცხენები და სხვა ცხოველები გხვდება. ყოველ ღამით რაღაც ახალი ცხოველის ყმუილი, კნავილი და ჩხუბი მაღვიძებს. დაძინებამდე კი, როგორც წესი, ღამურის ოთახში შემოფრენას ველოდები, რომელიც ერთგვარ რიტუალს ატარებს – ოთახში წრეზე დაფრინავს, სანამ კუთხის პატარა ღრიჭოში ძლიერი დაჯახების შემდეგ არ შეძვრება და სახურავზე არ გადანაიცვლებს. მცდელობა ზოგჯერ დიდხანს გრძელდება და მეც ველოდები, სანამ ეს პროცესია არ დასრულდება.ფაქტობრივად, აქ ადამიანებს გვიწევს ცხოველებსა და ბუნებასთან თანაარსებობა,ვიდრე პირიქით.

ჩოხატაური ყველაზე სევდიანი ადგილია, რაც ამ ბოლოს დროს ვნახე. რეალურად, ქალაქი სულ ერთი ქუჩაა, სადაც ყველაფერი ცალობითაა წარმოდგენილი, გარდა რამდენიმე მაღაზიისა, – ბანკის ფილიალი, სალონი (რომელზეც სილამაზის ნაკლებად ითქმის), საშაურმე, კორპუსი, თეატრი და მუზეუმი. აქ მიტოვებულ სახლებსა და ბაღებს დაკეტილი კულტურის სახლი და კინო ანაცვლებს. ბევრი შენობა იმდენად მიტოვებული და შელახულია, თავდაპირველი დანიშნულების ამოცნობა შიგნიდან დათვალიერების შემდეგაც კი რთულია. კომუნისტური სიმბოლიკები აქაც საკმაოდ ბევრია. მათთან კარგ კონტრასტშია თბილისიდან ბევრი წლის წინ გადაშენებული საბჭოური მანქანები, რომლებმაც აქ ახალი (და, ალბათ, ბოლო) სიცოცხლე იპოვეს. სამაგიეროდ, ხიდია აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლის სახელობის.

ამ ერთი  ქუჩის მიღმა ქალაქი ჩამკვდარია. პატარა სავაჭრო ობიექტებისგან მარტო ბანერებია დარჩენილი. ბაზარი, როგორც ასეთი, აქ კვირაში ერთხელ იმართება. ქუჩის ძაღლები ზედმეტად გამხდრები არიან. ადამიანებისგან განსხვავებით, მათ ამ ადგილის მიტოვების შანსი არ აქვთ. ნიღაბს არავინ ატარებს. ერთი მხრივ, სრული აპათიაა ხალხში, მეორე კი ის, რომ მომკითხავი არავინაა. ერთადერთი გასართობი მოსაწევი და თამაშია. ეს გასართობიც დროთა განმავლობაში ადგილობრივებისთვის,როგორც ყველა სხვა ადამიანისთვის ტრაგედიად იქცევა. ეს ადგილი ოცნებების სასაფლაოა და ერთადერთი გამოსავალი გაქცევაა.

ჩოხატაურისგან განსხვავებით, ოზურგეთს პულსი ნამდვილად ესინჯება. ქალაქი ძალიან მოწესრიგებული და დახვეწილია. კორპუსებისა და კერძო სახლების ეზოები და მიმდებარე ტერიტორია ძალიან ლამაზად მოუწყვიათ ადგილობრივებს, მცენარებიითა და ყვავილებით. სოფლებისგან განსხვავებით აქ წყალი ხელოვნურ არხებშია მოქცეული და ეს სიცოცხლისუნარიანობას კიდევ უფრო მატებს ქალაქს. გამწვანების ნაკლებობასაც არ განიცდის აქაურობა. ცენტრის ერთ-ერთი მთავარი ქუჩის შუაში, მთელ გაყოლებაზე ჩაია დარგული. ეს ფაქტი კარგად ასახავს სამწუხარო რეალობას – გურიაში, რომელიც ოდესღაც ჩაის წარმოებასთან ასოცირდებოდა, ახლა ჩაის მხოლოდ გამწვანებისა და სარეკრეაციო ფუნქცია აქვს შემორჩენილი და ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზეა გამოტანილი, როგორც ისტორიის ნაწილი.

ქალაქის რომანტიზება კიდევ შემიძლია გავაგრძელო, მაგრამ ეს მხოლოდ ცენტრიდან ჩამოსული ტურისტის სენტიმენტები იქნება, რომელიც მოხიბლულია აქაურობით. რეალურად, ბევრი პერსპექტივა არც ამ ქალაქის მოსახლეობას და აქ ჩამოსულ ადამიანებს აქვთ. ქალაქის იმ ნაწილში, სადაც, იდეაში, ეკონომიკური და შრომითი აქტივობები უნდა იყოს, ყველაფერი მოჩვენებითია. ქუჩაზე, სადაც ბაზარი და სავაჭრო ობიექტებია, ხალხმრავლობა და ტრანსპორტის სიხშირე შეინიშნება. ხმაური, ქაოსური გარემო, უთავბოლოდ სიარული და საცობები ქმნის ილუზიას,რომ აქ რაღაც კეთდება და ადამიანები დასაქმებულები არიან. არადა, სინამდვილეში პირიქითაა. ყველა, ვისაც ლუკმა-პურის შოვნის იმედი აქვს, აქ მოდის და ულუკმაპუროების ჯგუფს ერევა, თუნდაც ერთჯერადად დასაქმების იმედად ყველგან რომ მიდიან და ყველა ვარიანტს განიხილავენ. ვინც ამ ქაოსს ვეღარ უძლებს, ქუჩის დასაწყისში ბირჟაზე დგას და აქ ელოდება პოტენციურ დამსაქმებელს. ეს ბირჟა ელიავას ხიდთან მდგომი მუშების მასშტაბებზე ვერ გადის, მაგრამ  ამ ადამიანებს პრობლემა საერთო აქვთ. ჩოხატაურისგან განსხვავებით, აქედან უკვე ვეღარსად გაიქცევი და უკეთესს ადგილსაც ვერ ნახავ, როგორც მინიმუმ, გურიის მასშტაბით. ერთადერთი შვება  ქუჩის გადაღმა ძალიან ლამაზი ჭადრების პარკში ჩამოჯდომა, მცირე ხნით განტვირთვა და სევდის ოდნავ გაქარწყლებაა.

გურიაში მე და ჩემი მეგობრის გამორჩეული ადგილი სოფელი შრომა გახდა. ავტოსტოპით ბევრი ტრანსპორტის გამოცვლა მოგვიწია და ყველა გაკვირვებული რჩებოდა იმით, რომ ამ სოფლის დათვალიერება განვიზრახეთ. „შრომაში რა გინდათ, შემოქმედში წადით.“ დაახლოებით ასეთი პათოსი ჰქონდა ყველა ამ ადამიანის ნათქვამს. შეკითხვაზე, საინტერესო ადგილს თუ გვირჩევდნენ, ყველა რჩევა ეკლესიით შემოიფარგლებოდა. ეკლესიაა მათთვის კინოც და თეატრიც, რაც გასაგებიცაა – კულტურული ცენტრები დახურულია გურიაში. მიუხედავად ამ ადამიანების მიერ წინასწარ შექმნილი პესიმისტური განწყობისა, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. სოფლამდე მიმავალი გზა უკვე ძალიან კარგია – შორს ზღვის ხედი, ახლოს კიდევ უფრო სპეციფიკური და ლამაზი ბუნება, რომელიც ცოტათი შეიძლება რომელიმე ბოტანიკურ პარკსაც შეადარო და მთელი გზის გაყოლებაზე ხილის მრავალფეროვანი არჩევანი. ამ ყველაფერმა ზაფხულში ფეხით სიარული ძალიან სასიამოვნო პროცესად აქცია.

აქამდე ნანახი ყველა ადგილი თუ უბრალოდ წარსულის მსუბუქი  ანარეკლი ან სოციალისტური გურიიდან თანამედროვეობაზე გადასვლის უსუსური მცდელობაა, ამ სოფელში შესვლისას გგონია, რომ წარსულში ბრუნდები. ჩემი სოფლის მაგალითი რომ აეღოთ და სახელის შეცვლა გადაეწყვიტათ, შრომას, ალბათ, ლოცვას დაარქმევდნენ, მაგრამ ამ ადგილს შენარჩუნებული აქვს ის ავთენტურობა, რაც შრომას სოციალისტურ წარსულში ჰქონდა და სახელის ცვლილება ჯერ კიდევ დიდხანს არ დადგება დღის წესრიგში. ცენტრში გზის ერთ მხარეს ძალიან დიდი და ამ გარემოსთვის არადამახასიათებელი არქიტექტურის შენობა დგას. მეორე მხარეს, უზარმაზარი ხეების ქვეშ, დიდ კედელზე ძალიან ლამაზი და კარგად შენახული საბჭოური მოზაიკაა. ბოლოს კი – ომისა და შრომის ვეტერანების მემორიალი, რომელსაც ყველაფერთან ერთად კვარცხლბეკზე შემომდგარი ტანკი ამშვენებს.

შენობა, რამდენადაც ღირსშესანიშნავია გარედან, იმდენად უფუნქციოდაა დარჩენილი შიგნიდან. საბჭოური ხელოვნება აქაც გვხვდება, მაგრამ, ძირითადად, ყველაფერი დაკეტილია. შენობაში, რომელიც ოდესღაც საბჭოური დიდების გამოხატულება იყო, ახლა ჭერი ჩამოშლილია და იატაკი ჩავარდნილი. „ცისფერი მთების“ ფინალის სცენარი აქაც მეორდება. მეტი ირონიისთვის გარეთ საქართველოსა და ნატოს დროშებია გამოკიდული.

შრომას სოციალისტური მეგობრობა აკავშირებდა უკრაინის ქალაქ გენიჩესკთან. 1942 წელს შრომის მოსახლეობამ მილიონი მანეთი შეაგროვა, რომ  ტანკები დაემზადებინათ და მოძმე უკრაინა დაეცვათ ფაშისტებისგან. ეს თხოვნა, რა თქმა უნდა, შესრულდა და თანხა სატანკო კოლონის – „ქართველი კოლმეურნის“ აგებას მოხმარდა. ერთ-ერთი ტანკი ახლა ამ სოფელში დგას.

2019 წელს შრომას გენიჩესკის დელეგაცია ეწვია. ბუნებრივია, ძალიან პომპეზური დახვედრა მოუწყვეს. მთელი გზა პატარა დელეგაციამ და მასპინძლებმა დაიკავეს, ხოლო ზუსტად ტანკის ქვეშ საბავშვო ანსამბლი „ოცნება“ ჩონგურებით ქართულ ჰანგებს აჟღერებდა. ვიდეოჩანაწერის გარეშეც კი შეიძლება მთელი ამ სცენის ბრუტალობის წარმოდგენა.

მიუხედავად იმისა, რომ სამამულო ომი დიდი ხნის წინ დასრულდა, გურულებს სხვა ბრძოლის გადატანა უწევთ. ზოგი თავს გაქცევით შველის, ვინც აქ რჩება, მისთვის მემორიალიც კი არაა მზად.