პატარა, მაგრამ მეტყველი სივრცე... მოქნილი სხეულებით

დავით ბუხრიკიძე

ჰოლანდიური პერფორმანსი „ლებენსრაუმი“ – სცენაზე გაცოცხლებული მუნჯი კინემატოგრაფი ცოცხალი მუსიკის თანხლებით.

თბილისის თეატრალური ფესტივალის წლევანდელი საერთაშორისო პროგრამა პირველ რიგში უნდა დავახასიათოდ, როგორც არავერბალური თუ ფიზიკური თეატრის მრავალფეროვნებით წარმოჩენის მცდელობა. უკრაინულ-ფრანგული კოპროდუქციის პოლიტიკურად მძაფრი ენისა და ცოცხალი მუსიკალური ნომრების შემდეგ (სპექტაკლი „სიკვდილის როკვა“ სწორედ დრამატიზმით, ცინცხალი ენერგიითა და დაუნდობელი პოლიტიკური პირდაპირობით გამოირჩეოდა), მაყურებელმა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ფიზიკური თეატრისა და ცოცხალი მუსიკის სინთეზი და ასევე, ბრწყინვალედ გაწრთვნილი სხეულების შესაძლებლობები იხილა.

მუჯი კინოს დიდოსტატის, ბასტერ კიტონის კინემატოგრაფის გაცოცხლებას სცენაზე ჰოლანდიური „ჯაკობ აჰლბომ კომპანია“ შეეცადა, რომლის დამფუძნებელი და რეჟისორი სწორედ ჯაკობ აჰლბომია. ერთსაათიან წარმოდგენას „ლებენსრაუმი“ ეწოდება (ქართულად შეიძლება ვთარგმნოთ როგორც „სასიცოცხლო სივრცე“). შეიძლება ითქვას, რომ რეჟისორის ფანტაზია და წარმოსახვა პირდაპირ ეყრდნობა მუჯნი კინოს დიდოსტატის ექსცენტრიკულ კომედიას სახელწოდებით „საფრთხობელა“, რომლის წარმოდგენა სცენაზე მართლაც რომ წარმოუდგენელი ტემპებითა და ექსცენტრიკული ენერგიით გამოირჩევა.

რეჟისორი სიუჟეტს სესხულობს ფილმიდან და მას ერთგვარი ირონიით აზავებს ცოცხალი მუსიკალური ნომრებით (სცენაზე ორი გიტარისტი უკრავს). კომპოზიტორი ალამო რეის ტრეკი სევდიან, მაგრამ თან საცეკვაო განწყობას ქმნის, ხოლო მხატვარი და სცენოგრაფი დოუვ ჰიბმა – მუნჯი კინოს ატმოსფეროს. გარდა ამისა, მხატვარი თვალსა და ხელს შუა ცვლის ოთახის სივრცეს. ორი მარტოხელა მამაკაცის საცხოვრებელი ოთახი ძალიან პატარაა, ამიტომ ისინი საწოლს პიანინოდ გადააქცევენ, ხოლო წიგნების თაროს – მაცივრად…

და მაინც სპექტაკლის სიშლეგე და სიხალისე პირდაპირ უკავშირდება ნატურალური ზომის თოჯინისა თუ მანეკენის შექმნას, რომელიც მოგვიანებით გაცოცხლდება და მისი მექანიკური მოძრაობების სირთულე-სინატიფე ნამდვილ  კომიკურ სანახაობას შექმნის. უნდა ითქვას, რომ თოჯინას ქალბატონი სილკე ჰანდერტმარკი ისეთი ვირტუოზულობით, ისეთი გამაოგნებელი დამაჯერებლობით თამაშობს, რომ თავიდან მაყურებელი ვერც ხვდება სცენაზე მართლა თოჯინაა, თუ ადამიანი.

საერთოდ, ანიმაციური თუ მექანიკური თოჯინების შემოყვანას სცენაზე და შემდეგ მათი გაცოცხლებას, ბევრ კლასიკურ წარმოდგენაში, ოპერაში თუ ბალეტში ვხვდებით. მაგალითად, შეგვიძლია გავიხენოთ ბალეტები „კოპელია“, „პეტრუშკა“ და ოფენბახის ოპერა „ჰოფმანის ზღაპრები“. ნებისმიერ შემთხვევაში, თოჯინების გაადამიანურება სცენაზე მაინც უცნაური,ზოგჯერ შემაშფოთებელი და ზოგჯერ სიურრეალისტურია. არანაკლებ სიურრეალისტურია ოთახიც, რომელშიც ორი მამაკაცი მოსაწყენი რიტუალებით ცხოვრობს. მხოლოდ ქალი-თოჯინის გაცოცხლებას შემოაქვს მათ ცხოვრებაში ირონიული და სექსუალური შინაარსი.

ამის შემდეგ მამაკაცებისთვის ახალი და მოულოდნელი თავგადასვლები იწყება, რაც ქალის გაცოცხლება-გააქტიურებას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ქალის ნაკვთები და მოძრაობები მკაცრი და საკმაოდ მოუხერხებელია, თოჯინა წარმოუდგენლად ცოცხალია და ჯიუტად ეწინააღმდეგება საკუთარ როლს (სპექტაკლში ხაზგასმულადაა ნაჩვენები, რომ ის მოსამსახურეა და ყველაფერს კაცების გულის მოსაგებად აკეთებს). თანდათან ქალის არტიკულაცია და პლასტიკა უფრო აგრესიული ხდება, ხოლო მონდომება – განსაკუთრებული.

კაცების დაპროგრამირებული ცხოვრება თოჯინის ქცევასთან ერთად იცვლება და მათი მოწესრიგებულ-მოსაწყენი ცხოვრება საბოლოოდ ქაოსში გადადის. ფინალში მოქნილი და ამბოხებული ადამიანები პატარა, საშინლად ვიწრო, მაგრამ მრავლისმეტყველ სივრცეს გაარღვევენ და ბუნებაში ამოყოფენ თავს. სადაც არავის ეჩქარება, არავინ გარბის, არავის აწუხებს სექსუალური ნევროზები,.. და სადაც ქალიც და მამაკაცებიც მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკს უსმენენ.

„ლებენსრაუმი“ ერთდროულად მექანიკური, ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური წარმოდგენაა, რომელიცვ გვიქმნის გარკვეულ წარმოდენას თანამედროვე ფიზიკურ თეატრზეც და მაყურებლის პრიორიტეტებზეც.