თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი აიღო ალექსანდრე კობერიძის ფილმმა “ხმელმა ფოთოლმა” აიღო.
რთულია აღწერო ტექნიკურ-გამომსახველობითი მხარე, სრულიად განსხვავებული კინოენა, ფერებისა და ლანდების ინტენსიური მონაცვლეობა და ტრანსგრესიული მუსიკაზე, რომელიც ფილმს გასდევს და მიახლოებით მაინც გამოთქვა ყურების პროცესში მიღებული გამოცდილება თუ განცდა.
ამ ვიზუალური ეფექტების გამო, რომელიც მობილური ტელეფონით გადღებითაა მიღწეული, ეკრანზე ნამდვილი ტრანსცენდენტური რეალობაა, რომელიც თან ნაცნობია და თან იდუმალების საბურველში.
თავიდანვე იცი, რომ ზღაპრულ სიუჟეტს უყურებ: კადრს მიღმა მთხრობელის ხმა დასაწყისშივე გაფრთხილებს, რომ ფილმში უხილავ პერსონაჟებს იხილავ და მაყურებელიც ემზადები დიდებისთვის განკუთვნილი ზღაპრისთვის.
ყველაზე უცნაური “როუდ მუვი”, რომელიც
საქართველოს გზების ძალიან ნაცნობ ხედებში ჯადოსნური სხივის გამოკრთომას აღბეჭდავს. ფილმი, რომელიც დროის სხვადასხვა განზომილების, აწმყოს, გარდასულის და მარადიულის გადაკვეთას მოიხელთებს. თითქოს ზღაპარი, რომელიც მოგზაურობაზე, საყვარელ ადამიანებთან მისასვლელ რთულ გზებზე გვიყვება – და თან დაბნეულებს და სევდიანებს გვტოვებს, თავადაც არ ვიცით რატომ.
და თან ეს სუნთქვისშემკვრელი ვიზუალური სიუხვე ძველი მობილური ტელეფონის კამერითაა გადაღებული. ფილმს პრაქტიკულად სიუჟეტიც არ აქვს, ბევრი არაფერი “ხდება” – მამა ეძებს ზრდასრულ ქალიშვილს, რომელიც საქართველოს რეგიონებში მიტოვებული სტადიონების გადასაღებად წავიდა. ესაა სულ. მაგრამ ამ მარტივ ქარგაში სულ სხვა, იდუმალი, მისტიკური დრამატურგია ცოცხლდება.
ფინალში კი ფილმი, სადაც მამა გაუჩინარებულ ქალიშვილს ეძებს, აღმოჩნდა ყველაზე აქტუალური ფილმი, რაც კი დღეს ვინმეს შეიძლებოდა გადაეღო. შვილის გაუჩინარების მიზეზი ირკვევა, რომ მისი და მამამისის ცხოვრების, მოგონებებისა და იდენტობის ნაწილის, სპორტის უნივერსიტეტის შენობის დანგრევაა, სადაც ისინი სწავლობდნენ, მუშაობდნენ და რომელთანაც მთელი ცხოვრება აკავშირებდათ.
თითქოს უნივერსიტეტის შენობის დანგრევით წაშალეს ეს მოგონებებიც და ეს ადამიანებიც. ამიტომ ქალიშვილიც იკარგება, რათა ახალი ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. ამიტომ შვილი, როგორც წაშლილი პერსონაჟი, არც არასდროს გამოჩნდება ფილმში, მაშინაც კი, როცა მამა მას იპოვნის.
ფილმში ჩანს სპორტის უნივერსიტეტის ნგრევის კადრები და ის ნარჩენებიც, რაც გვერდით ამოზრდილი ცათამბჯენების ფონზე მისგან ჯერ კიდევ იკითხება, ცხადია, ფილმის გადაღების ჟამს.
ასე აღმოჩნდა მისტიური ზღაპარი დღევანდელი საქართველოს ყველაზე აქტუალური ფილმი, და ისევე როგორც ყველა დიდი ხელოვნება – გარკვეულწილად წინასწარმეტყველური.
დღეს უკვე თბილისში მდებარე ყველა უნივერსიტეტის ყველა შენობას ემუქრება გაიზიაროს იგივე ბედი და ადგილი მათ ადგილზე ამოზრდილ ცათამბჯენებს დაუთმოს.
ეს ფილმი არის წინასწარმეტყველება იმ ადამიანებზეც, რომლებიც უნივერსიტეტების ნგრევის შემდეგ დაიკარგებიან ცხოვრებაში, მსგავსად მამისა და ქალიშვილისა, რომელთა ამბავსაც “ხმელი ფოთოლი” გვიყვება.