კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მართვა საქართველოში - ინტერვიუ UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილესთან

პუბლიკა

„კლიმატის მწვანე ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით 2020 წლიდან საქართველოში მიმდინარეობს პროგრამა, რომელიც კლიმატის რისკის ინტეგრირებული მართვის პროაქტიული მიდგომის დანერგვას ემსახურება.

„პუბლიკამ“ პროექტის მიმდინარეობაზე, სამი წლის განმავლობაში უკვე განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე UNDP საქართველოს ოფისს გაუგზავნა კითხვები, რომლებსაც წერილობით საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ანნა ჩერნიშოვამ უპასუხა.

  • „კლიმატის მწვანე ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს პროგრამა, რომელიც კლიმატის რისკის ინტეგრირებული მართვის პროაქტიული მიდგომის დანერგვას ემსახურება. პროექტი 7-წლიანია. მისი მიზნების შესახებ მოკლედ რომ გვიპასუხოთ. ამ პროექტის განხორციელების შედეგად რას მიიღებს ქვეყანა.

უპირველეს ყოვლისა, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო უდიდესი მწუხარება რაჭის რეგიონში მეწყერის შედეგად განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო. ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და მთლიანად საქართველოს. კლიმატის ცვლილებამ არ უნდა შეიწიროს ადამიანების სიცოცხლე! ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ უსაფრთხო სამყაროს ასაშენებლად.

საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებიც იღებენ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) დახმარებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პროგრამების განხორციელებისთვის. კლიმატის მწვანე ფონდისგან მიღებული ხელშეწყობა ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რადგან ამ დახმარების მეშვეობით შესაძლებელია კლიმატის ცვლილების მიმართ სისტემური მიდგომების განვითარება და დანერგვა, ისევე როგორც მსოფლიო გამოცდილებისა და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება. აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, ასეთი შესაძლებლობით საქართველოსთან ერთად სულ რვა ქვეყანა სარგებლობს – აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი, სომხეთი და ჩრდილო მაკედონია. ყველა ქვეყანაში მიმდინარე პროექტები კონკრეტული ქვეყნის თავისებურებებს ითვალისწინებს და აქტუალური ამოცანების გადაჭრას ემსახურება.

საქართველოსა და GCF-ს შორის შეთანხმება 2018 წელს გაფორმდა, ხოლო პროგრამის უშუალო განხორციელება 2019 წლის ბოლოს დაიწყო. GCF-ის დაფინანსებას დაემატა შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების დამატებითი დახმარება და ასევე, საქართველოს მთავრობის თანადაფინანსება. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 74 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. აქედან 38 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებაა, ხოლო 36 მილიონი აშშ დოლარი GCF-ის, შვედეთისა და შვეიცარიის დახმარებას შეადგენს.

პროგრამას სათავეში უდგას საქართველოს მთავრობა, კერძოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უძღვება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებს.

პროგრამის განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართული შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, არასამთავრობო, სათემო, საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციები.

გარდა ამისა, პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობენ საერთაშორისო ექსპერტები აშშ-დან, ავსტრალიიდან, სამხრეთ კორეიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან და შვეიცარიიდან, რომელთაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ კლიმატური მოვლენების შეფასების, პროგნოზირებისა და რისკების მართვის მხრივ.

ეს ფართომასშტაბიანი ინიციატივა მიმდინარეობს სამი ურთიერთდაკავშირებული პროექტის ფარგლებში:

პროგრამის დასრულებისას, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება მნიშვნელოვანი  ინსტრუმენტი, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მართვასა და ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნასა და დანერგვას განაპირობებს. მათ შორის:

  • გაფართოებული ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელი: 140-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სადამკვირვებლო მოწყობილობა, 15 აგრომეტეოროლოგიური სადგური, 11 გეოლოგიური სადამკვირვებლო მოწყობილობა, მაღალი წარმადობის კომპიუტერი და შესაბამისი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სისტემა გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის.
  • საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე და ევროკავშირისა და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის სტანდარტებზე დამყარებული მრავლობითი საფრთხეების შეფასების, მოდელირებისა და რუკების მომზადების მეთოდოლოგია.
  • კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შვიდი საფრთხისა და რისკის რუკა (წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი, ქარი, სეტყვა, გვალვა) 11 მდინარის აუზისთვის.
  • გაუმჯობესებული პროგნოზირების პლატფორმა შვიდი საფრთხისთვის.
  • საფრთხეების შეფასებისა და ზონირების სტანდარტების გზამკვლევი და ადრეული შეტყობინების სისტემის ფუნქციონირების პროტოკოლი.
  • რისკების შეფასების საფუძველზე გამოვლენილ 100 ყველაზე მოწყვლად თემში განხორცილდება თემზე დაფუძნებული კატასტროფების რისკის მართვის ღონისძიებები.
  • მაღალი რისკის 15 ლოკაციაზე ასევე განხორციელდება პრიორიტეტული საადაპტაციო სტრუქტურული ღონისძიებები, მაგალითად ნაპირდაცვითი სამუშაოები.
  • ორ პილოტურ რეგიონში, შიდა ქართლსა და კახეთში, ფერმერებისთვის საინფორმაციო-საკონსულტაციო ვებ-პლატფორმა შეიქმნება.

ამით კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების პრევენციისა და მართვის სისტემის დანერგვა, რა თქმა უნდა, არ დასრულდება. ეს უწყვეტი პროცესია, რომელიც მუდმივ ჩართულობას და საზოგადოების ერთიან ძალისხმევას მოითხოვს.

პროგრამის განხორციელება კარგ საფუძველს ჩაუყრის საქართველოში კლიმატგონივრული და კლიმატისადმი მედეგი საზოგადოების მშენებლობას, რომელიც სათანადოდ შეძლებს არსებული საფრთხეებისა და რისკების შეფასებას, გაატარებს პრევენციულ და ადაპტაციურ ზომებს და საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად და ეფექტურად მოახდენს კატასტროფებზე რეაგირებას.

  • აღნიშნული პროექტი, მათ შორის, ადრეული შეტყობინების სისტემის შემუშავება/დანერგვას მოიცავს. არის თუ არა ეს ის სისტემები, რომლებიც სწორედ ისეთი მოვლენების რეალურ დროში შეტყობინებას უზრუნველყოფს, როგორიც შოვში განვითარდა.

ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვისთვის საჭირო ტექნიკური და ინსტიტუციური შესაძლებლობების შექმნა ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი მიზანი და ამოცანაა. ასეთი სისტემების შემუშავება ხორციელდება საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზებში: ენგური, ჭოროხი-აჭარისწყალი, სუფსა, ნატანები, ხობი, კინტრიში, მტკვარი, რიონი, ხრამი-ქცია, ალაზანი, იორი.  ამ გეოგრაფიულ ზონებში განხორციელდება შემდეგი შვიდი კლიმატურ საფრთხის პროგნოზირების გაუმჯობესება და შესაბამისი პროგნოზირების პლატფორმების შექმნა:  წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი, გვალვა, სეტყვა, ზვავი, ძლიერი ქარი. პროგრამის ამოცანებში არ შედის მყინვარების დნობის მონიტორინგის უზრუნველყოფა, რადგან ეს სპეციფიურ დაკვირვებას, აღჭურვილობასა და ტექნოლოგიას მოითხოვს.

ადრეული შეტყობინების სისტემა გულისხმობს შესაძლებლობების ერთობლიობას, რომელიც საჭიროა შეტყობინებასთან დაკავშირებული დროული და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გენერირებისა და გავრცელებისთვის, რათა საფრთხის წინაშე მდგარმა ადამიანებმა, თემებმა და ორგანიზაციებმა შესაბამისი მომზადება და მოქმედება შეძლონ, ასევე ჰქონდეთ საკმარისი დრო ზიანისა ან დანაკარგის  შემცირებისთვის.

ადრეული შეტყობინების სისტემა აუცილებლად მოიცავს ოთხ მთავარ ელემენტს: რისკის ცოდნა, საფრთხეების მონიტორინგი, ანალიზი და პროგნოზირება, სიგნალებისა და შეტყობინებების კომუნიკაცია და გავრცელება, ადგილობრივი შესაძლებლობების არსებობა მიღებულ შეტყობინებებზე რეაგირებისთვის.

ჩვენი პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა ყველა ამ მიმართულებით. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სისტემური მიდგომების, მათ შორის ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა კომპლექსური და გრძელვადიანი პროცესია, რომელიც მოითხოვს როგორც წინასწარ კვლევასა და მონაცემების შეგროვებას, ისე საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას, უწყებათაშორის ჩართულობასა და კოორდინირებას ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე და ახალი მიდგომების მდგრადობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფას.

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მრავლობითი საფრთხეების მართვა და შესაბამისი სისტემური მიდგომების შემუშავება ახალია როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის. საქართველომ, საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით, საკმაოდ შესამჩნევ პროგრესს მიაღწია ამ მიმართულებით. თუმცა, ახალი სისტემების დანერგვა და ამოქმედება ჯერ კიდევ სამომავლო პერსპექტივაა.

საქართველოში უკვე დაწყებულია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მართვის თანამედროვე სისტემების შემუშავება, როგორიცაა ადრეული შეტყობინება და ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგი. თუმცა, მათ გამართვასა და სრულად ამოქმედებას რამდენიმე წელი და დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ჯერ კიდევ გზის დასაწყისშია კლიმატგონივრული საზოგადოების მშენებლობის საქმეში. ამ გზაზე მას საერთაშორისო პარტნიორები ეხმარებიან, რომლებიც მუდმივად დგანან საქართველოს ხალხის გვერდით, განსაკუთრებით ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხში, როგორიცაა ადამიანების დაცვა კატასტროფებისგან.

  • ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა/მოწყობის ნაწილში რა გაკეთდა ამ 3 წლის განმავლობაში?

საქართველოსა და GCF-ს შორის შეთანხმება 2018 წელს გაფორმდა, ხოლო პროგრამის უშუალო განხორციელება 2019 წლის ბოლოს დაიწყო. ამ დროიდან დღემდე, მიღწეულია შემდეგი შედეგები:

  • 2021 წელს, UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველო გახდა ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ეროვნული ცენტრის (ECMWF) წევრი, რათა გაუმჯობესდეს პროგნოზირების შესაძლებლობები.
  • ამინდის მონიტორინგისა და პროგნოზირების გაუმჯობესების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის ქსელის განახლება და გაფართოება გარემოს ეროვნული სააგენტოსთან თანამშრომლობით. საქართველოში უკვე არსებულ ჰიდრომეტეოროლოგიურ მონიტორინგის სადგურებს დაემატა 51 ახალი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური და საგუშაგო, რის შედეგადაც საგრძნობლად უნდა გაიზარდოს ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის სიზუსტე. პროგრამის დასრულებამდე დამატებით დაგეგმილია 98 სადგურის დამონტაჟება.
  • სასოფლო-სამეურნეო აქტივობების ხელშეწყობის მიზნით, შეძენილია 15 აგრომეტეოროლოგიური სადგური.
  • 11 ადგილზე განთავსდა გეოლოგიური მონიტორინგის სისტემები.
  • მონაცემების ხარისხიანი დამუშავებისა და შენახვის მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის შეძენილ იქნა მაღალი წარმადობის კომპიუტერი და მიმდინარეობს ცენტრალური საინფორმაციო სისტემის განახლება, რაც მონიტორინგის სადგურებიდან ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში მიწოდებას უზრუნველყოფს.
  • შეიქმნა ერთიანი მეთოდოლოგია კლიმატური საფრთხეების (წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი, ქარი, სეტყვა, გვალვა) შეფასებისა და მოდელირებისთვის. UNDP-ის დახმარებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადდა აღნიშნული საფრთხეების რუკები დასავლეთ საქართველოს 7 მთავარი მდინარის აუზისთვის (კინტრიში, ნატანები, სუფსა, ენგური, რიონი, ხობისწყალი, ჭოროხი-აჭარისწყალი). მიმდინარეობს ამ მდინარეებზე რისკების შეფასება შესაბამისი მეთოდოლოგიით, რაც დაფუძნებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე და მორგებულია საქართველოს კონტექსტს.
  • მიმდინარეობს კლიმატური კატასტროფების რისკის საინფორმაციო სისტემის შემუშავება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სხვადასხვა სამთავრობო უწყებასა და მოსახლეობას წვდომა ჰქონდეს ზუსტ და სანდო ინფორმაციაზე, კერძოდ საფრთხეებისა და რისკების რუკებზე. ამ ეტაპზე, სისტემა ტესტირების რეჟიმშია. მისი დანერგვა განხორციელდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად.
  • გარემოს ეროვნულ სააგენტოში შექმნის პროცესშია წყალდიდობის პროგნოზირების პლატფორმა, რომლის ტესტირება ამჟამად მიმდინარეობს.
  • შემუშავდა საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმები 6 მუნიციპალიტეტისთვის (თელავი, ახმეტა, ლაგოდეხი, გორი, სიღნაღი, ქობულეთი). გრძელდება აღნიშნული გეგმების მომზადება თბილისის, აბაშის, სენაკის, სამტრედიისა და ხობის მუნიციპალიტეტებისთვის.
  • საფრთხის რუკებზე დაყრდნობით და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მზადდება ზონირების საკანონმდებლო გზამკვლევი. ამ დოკუმენტში მოცემული სტანდარტების გათვალისწინება სავალდებულო იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმარებისა და განხორციელებისას.
  • კლიმატური საფრთხეების რუკებზე და მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლაზე დაყრდნობით, მიმდინარეობს კლიმატის ცვლილების საფრთხეების მიმართ ყველაზე მოწყვლადი თემების გამოვლენა და შესაბამისი სათემო ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა. პროგრამა ითვალისწინებს 100 თემის გამოვლენას. ამ ეტაპზე გამოვლენილია 15 მოწყვლადი თემი სუფსის, ნატანებისა და კინტრიშის აუზებში, სადაც დაგეგმილია რისკის მართვის გეგმების შემუშავება და პრიორიტეტული ღონისძიების გატარება. მათ შორის სირენების შეძენა და დამონტაჟება, არა-სტრუქტურული ბიო-საინჟინრო ღონისძიებების გატარება (მაგ: აგროსატყეო ღონისძიებები, ჭალის ტყეების განაშენიანება, კალაპოტების გაწმენდა, ა.შ.). მოწყვლადი თემების გამოვლენა და შესაბამისი სამუშაოების გატარება მომავალშიც გაგრძელდება.
  • მთლიანი ქვეყნის მასშტაბით შენდება წყალდიდობისგან დამცავი ინფრასტრუქტურა 15 ლოკაციაზე. 7 ლოკაციაზე სამუშაოები უკვე დასრულებულია. სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან თანამშრომლობით.
  • მიმდინარეობს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის ინსტიტუციური შესაძლებლობების შეფასება და განვითარება. სხვადასხვა უწყების შესაბამისი დეპარტამენტებისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის ხორციელდება ტრენინგების ციკლი პროგნოზირებაში, საფრთხეების შეფასებაში, მოდელირებასა და სხვა საკითხებში.
  • გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრთან ერთად, საინფორმაციო კამპანიები და საგანმანათლებლო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 11 ადგილობრივ მუნიციპალიტეტში . ტრენინგები და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიარა 4,000-ზე მეტმა ადამიანმა, ხოლო 110-ზე მეტი ახლაგაზრდა ჩაერთო მწვანე ბანაკში „ახალგაზრდა კლიმატის ელჩები“. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სათემო ფორუმები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, უმაღლეს სასწავლებლებში ამოქმედდა მწვანე სტიპენდიების პროგრამა გარემოსდაცვითი პროფესიების პოპულარიზაციისთვის, იმართება ყოველწლიური კონკურსები მედიისთვის, სათემო ორგანიზაციებისა და სკოლებისთვის.

 

  • ცნობილია, რომ არსებობს პროექტის სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს პროექტით განსაზღვრული აქტივობების დეტალურ აღწერას. არის თუ არა აღნიშნული გეგმა ხელმისაწვდომი საჯაროდ და მიმდინარეობს თუ არა პროექტი წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით?

პროგრამის განხორციელება მიმდინარეობს პროგრამის დოკუმენტის მიერ განსაზღვრულ ვადებში. საწყის ეტაპებზე მიმდინარეობდა ინფორმაციის შეგროვება, კვლევების ჩატარება, საჭიროებების განსაზღვრა და ახალი მიდგომების დანერგვისთვის საჭირო ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება. ეს საქმიანობა ახლაც გრძელდება, თუმცა პროექტი უკვე შევიდა სისტემების აქტიური შექმნის ფაზაში. პროგრამის დოკუმენტი საჯაროა და ხელმისაწვდომია UNDP-ის ვებგვერდზე.

UNDP დიდი ხანია, საქართველოს მთავრობას კლიმატის ცვლილების გამო შექმნილი რისკების მართვაში ეხმარება. ეს პროექტი პირველია, რომელიც ადრეული სისტემების შემუშავება/დანერგვაში ეხმარება მთავრობას, თუ აქამდეც ყოფილა მსგავსი მიზნების პროგრამა, რომელიც შესაძლოა, ვერ/ან არ განხორციელდა სხვადასხვა ობიექტური/სუბიექტური მიზეზის გამო?

დღეს მიმდინარე ფართომასშტაბიანი პროგრამა ეფუძნება 2012-2017 წლებში რიონის აუზში  განხორციელებულ საპილოტე პროექტს, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამამ  ადაპტაციის ფონდის დაფინანსებითა და საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით  განახორციელა. ამ საპილოტე პროექტის ფარგლებში, შემუშავდა წყალდიდობისა და წყალმოვარდნის შედეგებისგან დაცვის მექანიზმები, რითაც ამჟამად 200,000-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი სარგებლობს.