მივემგზავრები მადრიდს...

დავით ბუხრიკიძე

გაბრიაძე, პუშკინი და ბიტოვი

შესაძლოა ვერც ავხსნათ, რა მისტიკური კავშირია რეზო გაბრიაძესა და ალექსანდრ პუშკინს შორის, მაგრამ ფაქტია, რეზო გაბრიაძე პუშკინის დაბადების დღეს, 6 ივნისს გარდაიცვალა. ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ეთერ ანჯაფარიძემ, რომელიც დიდი ხანია, ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს, საკუთარ ფეისბუკგვერდზე მოსწრებულად აღნიშნა: გაბრიაძე პუშკინის დაბადების დღეზე გაემგზავრაო… ისე კი, მართლა საინტერესო იქნებოდა, როგორ მიულოცავდა 222 წლის პუშკინს 84 წლის რეზო გაბრიაძე, ან როგორი იქნებოდა მათი შეხვედრა.

პუშკინი და გაბრიაძე, ეს ცალკე და განსაკუთრებული ამბავია. ცნობილი რუსი მწერალი, პოეტი და პუბლიცისტი ანდრეი ბიტოვი თავის ერთ-ერთ წიგნში აღწერს პუშკინის წარმოსახვით მოგზაურობას საზღვარგარეთ, რომელიც გაბრიაძემ უამრავი გრაფიკული ნამუშევრით დაასურათა.

ანდრეი ბიტოვისა და რეზო გაბრიაძის ერთობლივი შემოქმედებითი ფანტაზია პოეტის ვირტუალური მოგზაურობის შესახებ საზღვარგარეთ, მხოლოდ პოეტური ტექსტისა და ნახატების სინთეზი არ არის. ეს სრული მისტიფიკაციაა, რადგან პუშკინს არასდროს უმოგზაურია საზღვარგარეთ. შესაბამისად, ტექსტები და ჩანახატები წიგნში იოლად თანაარსებობენ და ერთმანეთს ავსებენ.

ბიტოვი წერს: „გაბრიაძეს განსაკუთრებული პერფექციონიზმის, შრომისმოყვარეობისა და ინტუიციის დახმარებით, შეუძლია კალმის ერთი მოსმით გააცოცხლოს პუშკინის ცხოვრება; ერთ დღეში შექმნას ის, რასაც სხვები წლების განმავლობაში სწავლობენ… მას ნამდვილად ძალუძს, ენდოს საკუთარ ფანტაზიას, რადგან რასაც ეხება, ჭეშმარიტ პოეზიად აქცევს. მისი ნახატების მიღმა სიტყვები იგულისხმება და ისინი პირდაპირ კავშირშია დიდი პოეტის სამყაროსთან“.

ძნელია ბიტოვის სიტყვებში ეჭვი შეიტანო, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა გაბრიაძის კალმით შესრულებულ პუშკინიანას იხილავთ: პუშკინი ქარსა და წვიმაში მოხრილა, პუშკინი ბავშვებთან თამაშობს, პუშკინი ცხენზე ზის და ხელში ხმალი უჭირავს, პუშკინი მატარებლის ვაგონში ზის, პუშკინი დელფინზე შემომჯდარა, პუშკინი მიფრინავს…

პოეტის ყველაზე საიმედო დრამატურგიული ძრავა  – დროა. რასაც რეზო  გაბრიაძე პუშკინისადმი მიძღვნილ ციკლში, ჩანახატებსა და ჩანაწერებში აღწევს. ეს ცალკე კვლევის საგანია და იმედია, წლები არ დაგვჭირდება გაბრიაძის მირ შექმნილი გრაფიკული ჩანახატების სანახავად. სხვათა შორის, 2016 წელს მოსკოვში, პუშკინის სახელობის მუზეუმში მოწყობილ გამოფენას, რომელიც სწორედ გაბრიაძის მიერ შექმნილ პუშკინსა და მის შემოქმედებას მიეძღვნა, დამთვალიერებელთა წარმოუდგნელი რაოდენობა დაესწრო.

გრაფიკულ ჩანახატზე გაბრიაძის ასეთი მინაწერია: „პუშკინის სიცოცხლის ბოლოს მატარებლის სიჩქარემ მიაღწია 80 კმ/ სთ-ს. ეს სიჩქარე მიუღწეველია გონებისთვის“. პუშკინის შეხვედრა

„ინგლისურ რკინის მანქანასთან“, რა თქმა უნდა, პოეტის მარადისობასთან და ტექნიკურ პროგრესთან შეხვედრას აღნიშნავს… და რამდენად მხიარული, ირონიული, ხაზგასმით გულუბრყვილო და ფანტაზიით სავსეა გაბრიაძის მიერ შექმნილი პუშკინის გრაფიკული ხატები. რამდენი ნათელი და გამჭოლი წარმოსახვაა მათში…

ერთ-ერთ ნამუშევარში პოეტს საბავშვო ბაღში ვხვდებით – გაბრიაძე  პატარა პუშკინს ხატავს, რომელსაც ხელში ქურთუკი უჭირავს, მეორეგან  ორთქმავალში ზის. სადღაც ცირკის ელემენტებიც გაიელვებს, რომელშიც წარმოუდგენელი პოეზია და ბავშვური სიხარულია თავმოყრილი. ტექნიკური პროგრესი, ცირკი, ორთქმავალი, ცხენები, ჩიტები, დანგრეული და მიფერდებული სახლები – რა ნაცნობია ეს ყველაფერი გაბრიაძის სპექტაკლებიდან. ამავდროულად რა ნატიფი და ნაივური!

გაბრიაძემ შექმნა მაყურებლის საოცარი სიყვარულით გამთბარი და მსოფლიოში აღიარებული თოჯინების თეატრი, რომლის გარეშეც დღეს  თბილისის წარმოდგენა შეუძლებელია… მაგრამ უპირველეს ყოვლისა, თავს მხატვრად და მოქანდაკედ მიიჩნევდა. როგორც გაბრიაძემ აღნიშნა: „მხატვრობა ჩემი მთავარი პორტია და მე ის სულ მენატრება, განსაკუთრებით როდესაც ზღვაში ვცურავ“… და ერთ მშვენიერ დღეს, როცა ის პუშკინს დაბადების დღეს მიულოცავს, მასთან ერთად მადრიდს გაემგზავრება, რადგან ესპანეთი მისთვისაც და პუშკინისთვისაც საოცნებო ქვეყანა იყო.