მოდით და გაერთიანდით

დავით ბუხრიკიძე

16 თებერვალს სტარტი აიღო ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალმა. 

როგორც იქნა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები მოიხსნა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალიც სრული დატვირთვით და ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე მიმდინარეობს. კინოფესტივალი 2023 წლის 16 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნა „მარლენ დიტრიხპლაცზე“ მდებარე საფესტივალო კინოთეატრში და 26 თებერვალს დაიხურება. ორგანიზატორებმა წელს ბერლინალეს მშვიდობისმოყვარე და შემარიგებელი სლოგანი მოუფიქრეს – „მოდით, გავერთიანდეთ“! შვიდი წევრისგან შემდგარ ჟიურის ამერიკელი მსახიობი, კრისტენ სტიუარტი ხელმძღვანელობს.

წლევანდელი ბერლინალე უკვე რიგით მეოთხეა, რომელიც ფესტივალის დირექტორების, კარლო შატრიანისა და მარიეტა რიზენბეკის ხელმძღვანელობით იმართება. გახსნის ფილმად ორგანიზატორებმა დამოუკიდებელი ამერიკული კინოს წარმომადგენლის, რეჟისორისა და სცენარისტის, რებეკა მილერის ლირიკული კომედია, „ის ჩემთან მოვიდა“ შეარჩიეს. ფილმში, რომელშიც მთავარ როლებს პიტერ დინკლეიჯი და ენ ჰატაუეი ასრულებენ, ნიუ-იორკელი კომპოზიტორის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ახალი ოპერის დასაწერად შთაგონებას ყოფილი მეუღლისგან იღებს.

უკვე ცნობილია, რომ 2023 წელს სახელოვან ამერიკელ რეჟისორსა და სცენარისტს, სტივენ სპილბერგს საპატიო „ოქროს დათვს“ გადასცემენ კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ფესტივალზე, კონკურსგარეშე პროგრამაში აჩვენებენ მის ბოლო ნამუშევარს „ფაბელმანები“, რომელშიც მთავარ როლებს გაბრიელ ლაბელი, მიშელ უილიამსი, პოლ დანო და სეტ როგენი ასრულებენ. ფილმის პრემიერა 2022 წლის სექტემბერში, ტორონტოს კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც მაყურებლისა და ჟიურის სპეციალური პრიზები დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ სპილბერგის ფილმმა „ოქროს გლობუსის“ 80-ე დაჯილდოებაზე გაიმარჯვა საუკეთესო ფილმის, დრამისა და საუკეთესო რეჟისორის ნომინაციებში.

რაც შეეხება საკონკურსო პროგრამას, „ოქროსა და ვერცხლის“ დათვების მოსაპოვებლად 19 ფილმი იბრძოლებს. წლევანდელი ფესტივალის თავისებურება ისიცაა, რომ ფესტივალის სელექციის შედეგად შედარებით უცნობი რეჟისორების ფილმები შეარჩიეს. თუმცა, პრესა იმასაც აღნიშნავს, რომ ეს ფესტივალის დირექტორების წამახალისებელი პოლიტიკის შედეგია, რის გამოც წლევანდელ პროგრამაში რეჟისორების სახელებსა და ტიტულებს ნაკლები ყურადღება დაეთმობათ. შესაბამისად, საკონკურსო პროგრამაში ბევრი ახალი რეჟისორის გვარია. მეორე თავისებურება გერმანული ფილმების მოზღვავებაა, რომელიც ასევე ეროვნული კინოს წახალისებად აღიქმება.

„ოქროს დათვის“ მაძიებელთა შორის შემდეგი რეჟისორები და ფილმები უნდა მივიჩნიოთ: რთული გვარისა და სახელის მქონე ესპანელი რეჟისორის, ესტიბალის ურესოლა სოლაგურენის „20 ათასი ჯიშის ფუტკარი“; ცნობილი ჩინელი რეჟისორის, ცჟან ლუს „კოშკი ჩრდილის გარეშე“; კანადელი რეჟისორის მეტ ჯონსონის დოკუმენტური დრამა „მაყვალი“; ავსტრალიელი რეჟისორის ივან სენის „ლიმბო“ (სადაც მთავარ როლებს საიმონ ბეიკერი და რობ კოლინზი ასრულებენ); ფრანგი რეჟისორის ფილიპ გარელის „დიდი ეტლი“; პორტუგალიელი რეჟისორის ხუან კანიხოს „ცუდი ცხოვრება“; სამხრეთ აფრიკელი რეჟისორის, ჯონ ტრენგოფის „მანოდრომი“, რომელშიც მთავარ როლებს ჯესი აუზენბერგი და ედრიან ბროუდი ასრულებენ.

ამ ფონზე წარმატების დიდი შანსი გაუჩნდა კონკურსში წარმოდგენილ გერმანულ კინოს. მაგალითად, კრისტოფ ჰოხჰოსლერის ფილმს „ღამის ბოლომდე“, ან გერმანული „ახალი ტალღის“ კლასიკოსს, სახელოვან მარგარეტ ფონ ტროტას, რომელმაც ასევე ლიტერატურის კლასიკოსის, ინგებორგ ბახმანის შესახებ ახალი და საინტერესო ფილმი გადაიღო სახელწოდებით „ინგებორგ ბახმანი: მოგზაურობა უდაბნოში“. ასევე უნდა აღინიშნოს, ახალი თაობის გერმანული კინოს წარმომადგენლის, ემილი ატეფის „ერთ დღეს ყველაფერს მოვუყვებით ერეთმანეთს“, რეჟისორ ანგელა შანელეკის „მუსიკა“ ( მთავარ როლებში  ალიოშ შნაიდერი და აგატა ბონიცერი) და უკვე გამოცდილი რეჟისორის კრისტიან პეცოლდის „წითელი ცა“, რომლის ფილმების სხვადასხვა დროს („ბარბარა“, „ტრანზიტი“ და „უნდინე“) უკვე იყო წარმოდგენილი ბერლინის საერთაშორისო ფესტივალის პროგრამაში.

კრიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ წარმატების შანსი ასევე აქვს ფრანგი რეჟისორის, ნიკოლას ფილიბერის ნახევრად მხატვრულ და ნახევრად დოკუმენტური დრამას „ადამანტი“, რომელიც პარიზის ერთ-ერთი ცნობილი ფსიქიატრიული კლინიკის ყოველდღიურობას ასახავს, ავსტრალიელი რეჟისორის როლფ დე ჰეერის ფილმს „სიკეთის გადარჩენა“ და მექსიკელი რეჟისორის, ლილა ავილესის „ტოტემს“.

ბერლინის 73-ე კინოფესტივალი 26 თებერვალს დაიხურება.