მოსახდენი მოხდა - ოთხი უძლიერესი და კიბის ბოლო ორი საფეხური

ეკა ელოშვილი

მიყვარს ეს თამაში.

შეიძლება კარგად თამაშობ, გეგმას ზედმიწევნით მიჰყვები, თითქოს ყველაფერს სწორად აკეთებ, თეორიულად მოწინააღმდეგეზე უკეთესი ხარ, მაგრამ არის რაღაც, რასაც ვერ აკონტროლებ და ეს მეტოქის ინტუიციაა. 

ინგლისელებს სჯეროდათ. აი, ფრანგებმა კი, იცოდნენ და როცა ის საჭირო დრო დადგა, გაიტანეს. 

საფრანგეთმა მომენტების თამაში მოიგო და ეს მათი თამაშია. ჟირუმ თავისი საქმე იდეალურად გააკეთა; კეინმავერა. ჰარი კეინი დიდებული ფეხბურთელია; ჯუდ ბელინგემიერთერთი საუკეთესო ნახევარმცველი, მაგრამ მისი კარიერის უმნიშვნელოვანეს თამაშში ის ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. 

84-ე წუთზე, ინგლისელთა კაპიტანს არაჩვეულებრივი შანსი ჰქონდა, ისტორიის ეს ფურცელი სულ სხვანაირად დაეწერა. არადა, პირველ ტაიმში, ჰარი უფრო იყო პრინცი, ვიდრე კილიანი მეფე. მბაპე არ ჩქარობდა, გუნდზე თამაშობდა, საერთო ორგანიზმის ნაწილი იყო, შეტევაში უკანმოუხედავად არ გარბოდა. მეორე ტაიმში კი, ერთი ისეთი მაგარი გაქცევა ჰქონდა, კაილ უოკერი ლამის ლონდონამდე არბენინა. 

თუმცა, მოედანზე იყო ადამიანი, ვისაც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ უყოყმანოდ დავასახელებდილამაზი ბიჭი ანტუანი! 

გრიზუს მშვენიერი მუნდიალი აქვს. ¼ ფინალში მისი ორი საგოლე პასით, ფრანგთა უკვე ყველა დროის საუკეთესო მეგოლემ და 22 წლის ჩუამენმა გაიტანეს. მადრიდისრეალისსაყრდენმა საჯარიმოს გარედან ისე დაარტყა, გეგონება მთელი ცხოვრება ამ მომენტზე ფიქრობდა. 

გრიზმანი არანორმალურად დიდ სამუშაოს ასრულებს. საფრანგეთის ნაკრების 31 წლის შემტევი ამ ჩემპიონატზემუშამოთამაშედმოგვევლინა. ის ყველგანაა, მოედნის ყველა მონაკვეთში მოკრავთ თვალს. საოცრად მოძრაობს, ათავისუფლებს და ქმნის სივრცეებს, იწყებს შეტევებს, არიგებს საგოლე პასებს. ინგლისთან გრიზუს თამაში ერთი სიტყვით შემიძლია შევაფასოჭკვიანური. იმდენად ჭკვიანური, რომ მისი მოქმედებების შემდეგ, იდეალურად დაბალანსებული ინგლისელების ბალანსი მომენტალურად ირღვეოდა. 

მოქმედი მსოფლიო ჩემპიონების მეტოქე ½ ფინალში მაროკოა. ის მაროკო, სამუნდიალე მენიუში მყოფი ბელგია, ესპანეთი და პორტუგალია რომ შემოეჭამა. 

აფრიკის არაბული ღამეები 

პირველი ტაიმის მიწურულს, ფერნანდო სანტუში ისეთი შეღონებული სახით იდგა, სასტიკ ნაბახუსევზე წვნიანს რომ შეუკვეთავ და 25 წუთში იქნებაო, გეტყვიან. 

მუნდიალის მთავარ სიურპრიზად უკვე თამამად ვასახელებთ მაროკოს. თავისი ახალგაზრდა მწვრთნელითა და ეროვნული სუპერვარსკვლავებითაშრაფ ჰაკიმი, ჰაკიმ ზიეჩი, ბონო, სოფიან ამრაბატი. 

ისტორიაში პირველად, გუნდური მებრძოლი სულითა და დაცვაში გამორჩეულად დისციპლინირებული თამაშით, ვალიდ რეგრაგის გაწვრთნილი გუნდი მუნდიალის ½ ფინალში აფრიკის კონტინენტს წარმოადგენს. მაროკოელები ზეიმობდნენ მსოფლიოს ლამის ყველა ქალაქში და მათ შორის, თბილისშიც. 

პორტუგალიელთა უპირობო ფავორიტობა პირველივე წუთებიდან არ გამართლდა. 42-ე წუთზე, იუსეფ ენ ნესირის გოლის შემდეგ კი, ევროპელთათვის ყველაფერი თავდაყირა დადგა. კრიშტიანუ მოედანზე მხოლოდ 51-ე წუთიდან გამოჩნდა. თუმცა, ამან სურათი მნიშვნელოვნად ვერ შეცვალა. ევროპელები უკანმოუხედავად უტევდნენ, მაროკოელები კი, კონტრშეტევებზე მწარედ იკბინებოდნენ და ხორვატებისგან განსხვავებით, კარში მაინც ურტყამდნენ. 

ის კი, ცრემლიანი წავიდა. თავისი სანაკრებო კარიერის ერთერთ ბოლო და უმნიშვნელოვანეს მატჩში სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მერე შემოვიდა და ვეღარაფერი შეძლო. მისი არანორმალურად მაგარი კარიერა ამას არ იმსახურებდა. უდიდესები ასეთი ცრემლებით არ უნდა მიდიოდნენ. რონალდუს ეპოქა ნელნელა სრულდება. ასეთ დასასრულს თავად კრიშტიანუ კი არა, მისთვის მეც არ ვისურვებდი.

ხუთოსნების დაფადალიჩის სადამრიგებლო 

წესით, მუნდიალზე დარჩენილი გუნდებისთვის ბრაზილიის მარცხი უნდა გახდეს რეცეპტი, როგორ არ უნდა ეთამაშო ხორვატიას. ტიტეს ფრთხილმა ტაქტიკამ არ გაამართლა; მეტიც, წამგებიანი აღმოჩნდა. ხორვატები საკუთარ კარში არ ჩაწვნენ. მოედნის ცენტრის აბსოლუტური ბატონპატრონი მოდრიჩიბროზოვიჩიკოვაჩიჩის ტრიო იყო. გულწრფელი კომპლიმენტები მინდა ვთქვა მატეო კოვაჩიჩზე. ლონდონისჩელსის“ 28 წლის ხორვატი ნახევარმცველი ძალიან დიდ შავ სამუშაოს ასრულებდა და ძირითად დროში, ლუკა მოდრიჩთან ერთად, საუკეთესო იყო. 

105-ე წუთზე, ნეიმარის გატანილი ბრაზილიური გოლით თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, თუმცა, ხორვატები ასე არ ფიქრობდნენ და პეტკოვიჩის გოლის შემდეგ, პენალტების სერია უზადოდ შეასრულეს. 

გულწრფელად რომ გითხრათ, მე ბრაზილიური ფეხბურთის ცქერა მერჩივნა. ფეხბურთი რომ მხოლოდ ტაბლო და შედეგი არ არის, ამაზე ალბათ ვთანხმდებით. და დალიჩის გუნდი რასაც თამაშობს ამ ჩემპიონატზე, ამასაც კარგად ვხედავთ. 

მათ ქვეყანაზე რომ არაფერი ვთქვათ, ხორვატია უკვე კარგა ხანია სტაბილური გუნდიამყარად ნაგები შენობა, რომელსაც მხოლოდ რემონტი სჭირდებახოლმე და არა დანგრევა და თავიდან აშენება. თაობათა ცვლის პროცესიც საკმაოდ ჰარმონიულად მიდის. ამიტომ, ჩვენი სენტიმენტალური აღტყინება პატარა ნაომარი ქვეყნისა და მისი ჩაგრული შვილების შესახებ, უკვე დროა შეიცვალოს დიდი პატივისცემით კარგი საფეხბურთო ქვეყნის მიმართ, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე მშვენიერი მიღწევები აქვს. 

ალბათ, შემედავებით, მაგრამ ჩემთვის ლუკა მოდრიჩი ფეხბურთია, ხორვატიის ნაკრებიარა. 

შეშლილი, შეშლილი, შეშლილი 

ბავშვობაში, უფროსებისგან მალულად, მანქანის ფანჯრიდან გამვლელებს რომვეჭყანებოდით“, ასეთი ჟესტიკულაციით ჩაურბინა ოტამენდიმ ჰოლანდიელებს ლაუტარო მარტინესის გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანის შემდეგ. 

ამ მატჩში ყველაფერი ვნახეთმოვლენების კონტრასტული განვითარება, აღმაფრენა, დაცემა, არეულობა და გარჩევები, მოძველბიჭო, წყობიდან გამოსული მესი, 17 ყვითელი და 1 წითელი ბარათი. 

თუმცა, მანამდე იყო ჭეშმარიტების ერთი წამილეომ ისეთი ბედნიერება აჩუქა ნაუელ მოლინას, რომ მარტო ამ სიხარულისგან შეშლილი კაცის სახის დანახვად ღირდა ის წარმოუდგენლად მაგარი პასი. კაცღმერთა ასეთ საჩუქარს რომ გიკეთებს, უნდა შეირგო და მოლინას ეს სცოდნია. მერე ლეომ თავად გაიტანა თერთმეტმეტრიანი და მუნდიალებზე დაგროვებული 10 გოლით, ლეგენდარულ გაბრიელ ბატისტუტას გაუთანაბრდა. 

მეორე ტაიმში დაძაბულობის მაჩვენებელი ნელნელა პიკს აღწევდა და მატჩის არბიტრიანტონიო ლაოზიც დაუღალავად დარბოდა ხელაწეული, ყვითელი ბარათების ფრიალით. ესპანელმა მსაჯმა გააფრთხილა ყველა, ვინც გვერდით ჩაურბინა, ვისი ხმაც მოესმა, ვისი სახის მიმიკაც არ მოეწონა, ვინც მომავალში მოიქცეოდა ცუდად. მატჩის ექსტრა ტაიმები უკვე დასრულებული იყო, როცა კადრში ყვითელბარათშემართული ლაოზი გაკრთა და კვლავ ვიღაცის დასასჯელად გაემართა.

ჩხუბსა და გარჩევებზე ბევრი დაიწერა და ამაზე დროს აღარ წაგართმევთ. ბევრი თვლის, რომ არგენტინელებისბინძურისაქციელი ფეხბურთს არ შეეფერება, არასპორტული და უღირსი საქციელია. მე კი, მსოფლიოს დანარჩენ ნაწილთან ერთად მგონია, რომ ეს სპორტის ამ სახეობის ნაწილია და ყველა ყოველთვის იდეალური ვერ იქნება. ადამიანებს ძირითადად ემოციები გვმართავს და ლეოც ნახევრად ადამიანია, ზოგჯერ. 

ესეიგი, რა მივიღეთნახევარფინალებში მაინც ევროპა დომინირებს, მსოფლიოს მოქმედი და ვიცე ჩემპიონების სახით. თითო წარმომადგენელი ჰყავს სამხრეთ ამერიკას და აფრიკასღმერთის გუნდი და გაუტეხელი მაროკო. 

რა გველოდება? 

ახალი მსოფლიოს ჩემპიონი?

ტიტულის შენარჩუნება? 

თუ მესის პირველი სამუნდიალო ტიტული?