ნატალია ქუთათელაძის წარმატება კარდიფის საერთაშორისო კონკურსზე

დავით ბუხრიკიძე

მუსიკის მოყვარულები ახალგაზრდა ქართველი მეცო-სოპრანოს, ნატალია ქუთათელაძის კიდევ ერთი დიდი წარმატებისა და აღიარების მოწმენი გახდნენ. გასულ კვირას უელსის დედაქალაქ კარდიფში დასრულდა მომღერალთა საერთაშორისო კონკურსი – BBC Cardiff Singer of the World competition, რომელიც უკვე ოთხი ათეული წელია, იმართება. ამ დროის განმავლობაში კონკურსი ახალგაზრდა და ნიჭიერი საოპერო მომღერლებისთვის ერთგვარ ტრამპლინად იქცა და გარკვეულწილად, მათ სამომავლო და საერთაშორისო კარიერასაც განსაზღვრავს.

19 ივნისს ნატალია ქუთათელაძემ BBC Cardiff Singer of the World competition-ის ფინალურ კონკურსში დიდი წარმატებით შეასრულა კარმენის ხაბანერა ჟორჟ ბიზეს „კარმენიდან“; შარლოტას „წერილების სცენა“ ( „Ва! Laisse couler mes larmes“) ჟიულ მასნეს ოპერიდან „ვერტერი“ და ლეონორას არია Fia dunque vero … O mio Fernando, გაეტანო დონიცეტის ოპერიდან „ფავორიტი ქალი“.

ურთულესი და დაბალანსებული რეპერტუარი, ემოციურად შეფერადებული, მსუყე ხმა და ბრწყინვალე არტისტიზმი საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვებისათვის, თუმცა კრიტიკოსებისა და საოპერო აგენტების აზრით, ნატალიას ძალიან კარგი მონაცემები აქვს და თითქმის გარანტირებული, ხანგრძლივი კონტრაქტები მსოფლიოს ცნობილ საოპერო თეატრებთან. ამას თავად მომღერალიც ამბობს სატელევიზიო ინტერვიუში და პრესტიჟული კონკურსის ფინალურ ხუთეულში მოხვედრა უკვე დიდ წარმატებად მიაჩნია.

„ნებისმიერი კონკურსი ესაა ძიების პროცესი და ჩვეული კომფორტის ზონიდან გამოსვლა, რაც მომავალში ახალი წარმატების საწინდარია“, – ამბობს ნატალია ქუთათელაძე.

გამარჯვება და საუკეთესო მომღერლის პრიზი წილად ხვდა 30 წლის სამხრეთ კორეელ ბარიტონს – გიჰუნ კიმს, რომელმაც ბრწყინვალედ შეასრულა ფიგაროს ცნობილი არია როსინის ოპერიდან „სევილიელი დალაქი“. მანამდე მან სპეციალური პრიზი დაიმსახურა ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსზე და უკვე აქვს საკონცერტო გამოცდილებაც: მონაწილეობდა გლაინდბორნის საერთაშორისო საოპერო ფესტივალსა და ბაიერნის „შტატსოპერის“ სპექტაკლებში.

სხვათა შორის, მიუნჰენის „შტატსოპერის“ თეატრის სოლისტია ნატალია ქუთათელაძეც, თუმცა აქამდე მხოლოდ მეორეხარისხოვან პარტიებს ასრულებდა. იმედია, კარდიფის კონკურსის შემდეგ ვითარება კარდინალურად შეიცვლება. მით უმეტეს, თითქმის მომზადებულია მისი კონტრაქტი ბარსელონის ცნობილ საოპერო თეატრ „ლისეოსათან“, რომლის სცენაზეც დიდი წარმატებით გამოდის ასევე ქართველი მეცო-სოპრანო, ქეთევან ქემოკლიძე.

მუსიკალური აუდიტორიის ჯილდო – ჯოან საზერლენდის სახელობის სპეციალური პრიზი დაიმსახურა ბრიტანელმა მეცო-სოპრანომ კლერ ბარნეტ-ჯონსმა. აღსანიშნავია სამხრეთ აფრიკელი სოპრანოს, მასაბანე სესილია რანგვანაშას გამოსვლაც ფინალურ კონცერტზე, სადაც მან რიჰარდ შტრაუსის „ოთხი უკანასკნელი სიმღერა“ და შუბერტის ციკლიდან – „ზამთრის გზა“ რამდენიმე სიმღერა შეასრულა. კარდიფის კონკურსის  ფინალში მონაწილეობდა, აგრეთვე, ავსტრიელი სოპრანო კრისტინა განში, რომელმაც შეასრულა დონა ელვირას არია Аh! Chi mi dice mai, მოცარტის „დონ ჟუანიდან“.

კარდიფის კონკურსი „მსოფლიოს ხმები“ BBC-ისა და უელსის ნაციონალური ოპერის მხარდაჭერით იმართება, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან. მონაწილეთა ასაკი შეზღუდულია 22-დან 32 წლამდე. კონკურსის გამარჯვებულს 15 ათასი ფუნტი და სამახსოვრო პრიზი გადაეცემა. მაყურებლის სიმპათიის პრიზი, იგივე მუსიკალური აუდიტორიის ჯილდო, 3 ათას ფუნტს შეადგენს, ხოლო ფინალურ ეტაპზე მონაწილე მომღერლებს 2 ათასი ფუნტი გადაეცემათ.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე კარდიფის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები იყვნენ: ცნობილი ფინელი სოპრანო კარიტა მატილა (1983), სახელოვანი რუსი ბარიტონი დიმიტრი ხვოროსტოვსკი (1989), შვედი სოპრანო კატერინა კარნეუსი (1995), გერმანელი სოპრანო ანია ჰარტეროსი (1999).