„ოქროს ძაფის“ იმედად

დავით ბუხრიკიძე

კინოს მოყვარულები ბერლინის 70-ე საიუბილეო კინოფესტივალის მოლოდინში არიან, რომელიც 20 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნება. წინასაფესტივალო ნევროზების შესახებ (კორონა ვირუსი, ფესტივალის ახალი დირექცია, ჭრელი და ცოტა აჭრილი საკონკურსო პროგრამა) „პუბლიკა“ უკვე წერდა. ამჯერად ქართული კინოს ბერლინური „ნევროზების“ შესახებ გვსურს მცირემეტრაჟიანი შეხედულებები გაგიზიაროთ.

სამწუხაროდ, ქართული კინოს წელს არცერთ ოფიციალურ პროგრამაში არ იქნება წარმოდგენილი (საკონკურსო ჩვენება, „ფორუმი“ და „პანორამა“), რაც კინოგამოღვიძებისა თუ აღმავლობის ფონზე, არცთუ კარგი ამბავია. მაგალითად, 2017 წელს ბერლინის კინოფესტივალზე  მაყურებელმა სამი ქართული ფილმი ნახა – ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ („ფორუმი“), თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“ („პანორამა“) და რატი ონელის დოკუმენტური ფილმი „მზის ქალაქი“ („ფორუმი“). ის ფაქტი, რომ 1993 წლის შემდეგ ქართული ფილმი საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილიარ ყოფილა, ცალკე მსჯელობის საგანია.

სამაგიეროდ, 2020 წელს ევროპული კინოს ბაზრობა (EFM) ისევ გვწყალობს და ქართული კინოპავილიონი მეთხუთმეტედ იქნება წარმოდგენილი. ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლები კი შეხვედრებს გამართავენ ბერლინის, კანის, ვენეციის, სან-სებასტიანის, ტორონტოს, ლოკარნოსა და სხვა მნიშვნელოვანი კინოფესტივალების ოფიციალურ პირებთან. ასევე იზრდება საქართველოში ფილმების გადაღებით დაინტერესებული უცხოელი კინომწარმოებლების რიცხვი. აქტიურ ფაზაშია მომგებიანი პროექტიც „გადაიღე საქართველოში“. გარდა ამისა, მოლაპარაკებები გაიმართება ქართული ფილმებით დაინტერესებულ დისტრიბუტორებთან და გაყიდვების აგენტებთან.

ახალგაზრდა მსახიობს, ლევან გელბახიანს (მთავარი როლი ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“) დიდი შანსი აქვს ახალ წარმატებას მიაღწიოს, ის უკვე დაასახელეს ახალგაზრდა მსახიობთა ათეულის („ევროპის ამომავალი ვარსკვლავის“) ფავორიტად და სპეციალურ ჯილდოსაც გადასცემენ.

ბერლინის კინოფესტივალის ტრადიციულ ბაზრობაზე (Market Screenings) ორ ახალ ქართულ ფილმს უჩვენებენ: კლასიკოს ლანა ღოღობერიძის „ოქროს ძაფს“ (22 თებერვალი, „სინემაქსის“ დარბაზი) და ახალგაზრდა რეჟისორის, უტა ბერიას სადებიუტო ფილმს „უარყოფითი რიცხვები“ (14 და 21 თებერვალი, ასევე „სინემაქსის“ დარბაზი).

მშვიდი, მაგრამ ამავე დროს მშფოთვარე; არტ-ისტული, მაგრამ ყოფითი დრამებით სავსე; პოეზიით ზედოზირებული, მაგრამ ეპიკური და ზომიერად პოლიტიკური; საბჭოეთს თავდაღწეული თავისუფლებით გაპოხილი, მაგრამ ასევე გარდასული კომუნისტური აჩრდილებით შეფერადებული… – კიდევ ბევრი მეტაფორა შეიძლება გამოვუძებნოთ  ლანა ღოღობერიძის ახალ ფილმს, რომელიც მან გრძელვადიანი პაუზის შემდგომ გადაიღო და რომლის პრემიერაც თბილისის მეოცე საერთშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

ფილმი „ოქროს ძაფი“ ერთგვარი ხსოვნის „ძაფიცაა“, რომელიც სცენარისტ ზაირა არსენიშვილს (მისი მოთხრობა გამოყენებულია ფილმში, თუმცა სცენარის დაწერა თავად ვერ მოასწრო), კომპოზიტორ გია ყანჩელს (მისი სიმღერა და მუსიკალური თემა ჟღერს კიდეც ფილმში) და მსახიობ გურანდა გაბუნიას (ყოფილი პარტიული ფუნქციონერი, მირანადა მისი ბოლო როლია კინოში) ერთმანეთთან აკავშირებს. სწორედ მათ ხსოვნას მიუძღვნა ფილმი ლანა ღოღობერიძემ, რომელშიც გაცილებით მეტად იკითხება ავტობიოგრაფიული მოტივები ვიდრე წინა ფილმებში.

ლანა ღოღობერიძის ახალ ფილმში განუწყვეტლივ ლაპარაკობენ ანა კალანდაძის, იოსიფ ბროდსკის, გალაკტიონისა თუ ანა ახმატოვას ლექსების შესახებ. მასში ერთდროულად რამდენიმე საინტერესო შრე ცოცხლდება – ცვალებადი დრო, წარმავალი პოლიტიკა და მარადიული ხელოვნება, როგორც მთავარი გმირების (მთავარ როლებში ნანა ჯორჯაძე და ზურა ყიფშიძე) ცხოვრების ყველაზე ემოციური, მაგრამ საბედისწერო და განუყოფელი ნაწილი.

პოლიტიკური, სოციალური და კულტურის მოვლენების ეპიცენტრში მუდმივად მყოფი რეჟისორი კიდევ ერთხელ  გვახსენებს, რომ 91 წლის ასაკშიც ცხოვრება სავსეა და დატვირთული მოვლენებით. „ოქროს ძაფით“ ამოტვიფრული მისი მეხსიერება კი ისევ ინახავს გარდასული დროის კინოს ხატებსაც და მისთვის ძვირფას პოეტურ სახელებსაც – უიტმენიდან ახმატოვამდე.