პანდემიურ-თეატრალური ვნებანი

დავით ბუხრიკიძე

რეგიონული თეატრების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალის მიმოხილვა

შვიდი წლის წინ, 2015 წელს, როდესაც სიტყვა პანდემია საერთოდ არ არსებობდა, ხოლო ივლისის ხვატი და ტრადიციული სინოტივე ფოთის ახლადგახსნილი თეატრის კედლებს უკვე დრამატულად და დამაზიანებლად ერჩოდა, დაარსდა რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი. 

ფესტივალის კულტურული და გარკვეული თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობა დღეს სკეპტიკოსებშიც არ იწვევს ეჭვს. შვიდი წლის განმავლობაში ის თანაბრად ირეკლავდა ჩვენი ქვეყნის სოციალური თუ ესთეტიკური პრობლემებით დახუნძლულ სიმძიმესაც და სიმსუბუქესაც. ამდენად, მუდმივ და სკეპტიკურ შეკითხვას, გვჭირდებოდა თუ არა კიდევ ერთი ფესტივალი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის „საჩუქრის“ ფონზე, დრომ დადებითი პასუხით დაადასტურა.

კრიზისის, შემცირებული დაფინანსებისა და საკმაოდ დაძაბული სოციალური ფონის მიუხედავად, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალმა დაამტკიცა, რომ მისი არსებობა მნიშვნელოვანია პირველ რიგში თავად რეგიონული თეატრების განვითარებისათვის. სწორედ ფესტივალმა გამოაცოცხლა პროცესები, რომლებიც უკავშირდება თეატრების რეპერტუარის განახლებას რეგიონებში, მსახიობთა და რეჟისორთა სამოქალაქო პოზიციის გააქტიურებას, ახალგაზრდა რეჟისორების ჩასვლას რეგიონებში და თავად თეატრების თანამშრომლობასა და კოპროდუქციული სპექტაკლების შექმნას.

რიგით მეშვიდე თეატრალური ფესტივალი (22 – 31ივლისი) სენაკის, აკაკი ხორავას სახელობის თეატრში რეგულაციების დაცვით გაიხსნა. თუმცა, გასაგებია, რომ ვერცერთი რეგულაცია წინასწარ ვერ დაარეგულირებდა ჟურნალისტ ემა გოგოხიასა და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიკროფონით და მის გარეშე „გაბაასებას“, რომელიც მაყურებელთა უმრავლესობამ ვერც დარბაზში აღიქვა სათანადოდ და ვერც მის მიღმა გააცნობიერა. ისიც უნდა ითქვას, რომ ფესტივალი ტრადიციულად კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება, რომელშიც წელს 12 ქართული თეატრი მონაწილეობს საქართველოს რეგიონებიდან და მხოლოდ ერთი – უცხოური, ლიტვის ქალაქ ალიტუსიდან. ცხადია, მიზეზი ისევ პანდემია და მკაცრი საერთაშორისო რეგულაციებია.

მაყურებელმა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ  რეაბილიტირებული და განახლებული სენაკის თეატრის სცენაზე ორი ცნობილი მსახიობი – ნანა ფაჩუაშვილი და მურმან ჯინორია იხილა. ისინი წარმოშობით სწორედ  სენაკიდან არიან, ამიტომ მაყურებელსაც და მოწვეულს სტუმრებსაც განსაკუთრებული რეაქცია ჰქონდათ მათ გადაჭარბებულ და ემოციურ თამაშზე. ერიკ-ემანუელ შმიტის ცნობილი პიესის –  „სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე“ – ფრაგმენტების რეჟისორობა გოგა თავაძემ ითავა, რომელმაც სხვათა შორის, იგივე პიესა რამდენიმე წლის წინ სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში დადგა. 

ფესტივალის პირველივე საღამოს შთამბეჭდავი აღმოჩნდა ახალციხის (მესხეთის) სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი „სტუმარ -მასპინძელი“, რომელსაც რეჟისორმა ვანო ხუციშვილმა ისტორიულ ციხე-ქალაქში, ნოქალაქევში სრულიად განსხვავებული და  არქიტექტურული განზომილება შესძინა. ვაჟას პოეზია, მისი გმირებისა და პოეზიის სამყარო განსაკუთრებული ვნებით, იმპულსებით გააცოცხლეს მსახიობებმა: ლექსო ჩემიამ (ჯოყოლა), ნიკოლოზ გოგიძემ (ზვიადაური), ჯუნა თუმანიშვილმა (აღაზა), ლია სულუაშვილმა (ბედისწერა), ანი ხუბუტიამ, ანდრია ვაჭრიძემ, მალხაზ შაყულაშვილმა (ქორო). 

70-წუთიან წარმოდგენაში ყველაზე საინტერესო მაინც რიტუალური თეატრის ელემენტებისა და ქორეოგრაფიული ენის შერწყმაა, რომელიც მკაცრ რეჟისურას, ტემპო-რიტმსა და გამომსახველობას ემორჩილება. ამოსავალი წერტილი ისევ ვაჟას პოეზიაა, რომელსაც ზუსტად გააზრებული რეჟისურის გარდა, მხატვრისა და სცენოგრაფის, ლელა ფერაძის ნამუშევარი და ნანა ყორანაშვილის ეფექტური კოსტიუმებიც ავსებს. 

წლევანდელი ფესტივალის ერთგვარ აღმოჩენად შეიძლება ჩაითვალოს ახალგაზრდა რეჟისორის, ნინო მაღლაკელიძის მიერ დადგმული სპექტაკლი ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში „ქარი ქრის ვერხვებში“ (თანამედროვე ფრანგი დრამატურგის, ჟერალდ სიბლეირასის პიესა), რომელიც ასევე სენაკის თეატრში იყო წარმოდგენილი.

თეატრალებს ალბათ ემახსოვრებათ ეს პიესა, რომელიც რამდენიმე წლის წინ, თბილისში, საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქარზე“ იყო წარმოდგენილი, ოდნავ განსხვავებული სახელწოდებით – „ალვის ხეებში ქარი შრიალებს“. სპექტაკლი მოსკოვის, ვახტანგოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ცნობილმა ლიტველმა რეჟისორმა, რიმას ტუმინასმა დადგა. თუმცა ქუთაისური წარმოდგენის სახელწოდებაში „ალვის ხის“ შეცვლა „ვერხვების“ უფრო პოეტური ჟღერადობით შეიძლება აიხსნას. 

ასეა თუ ისე, ნინო მაღლაკელიძის რეჟისურა და მისი ძიებანი მსახიობებთან – დათო როინიშვილთან (გუსტავი), ზვიად სვანაძესთან (ფერნანი) და სულხან გოგოლაშვილთან (რენე) ერთად – ბევრად შთამბეჭდავია, ვიდრე ხანდაზმული მამაკაცების სენტიმენტებითა და დაგეგმილი სიფაქიზით გაჯერებული ცხოვრება მოხუცებულთა თავშესაფარში.

გარკვეული თვალსაზრისით, ეს ღმერთების დაისის მეტაფორაცაა და ომის ვეტერანების სევდიანი ამბავიც. ყოფილი ჯარისკაცები და ოფიცრები ცდილობენ, თანაგრძნობისგან დაცლილ სამყაროში შეინარჩუნონ გულთბილი ურთიერთობები, იუმორი და ერთმანეთისადმი მეგობრული ურთიერთობანი. თუმცა თავიდანვე გასაგებია, რომ ეს ყველაფერი მიუღწეველი სიამოვნებაა. 

მოხუცთა თავშესაფრიდან დანახულ მათ ცხოვრებას რეჟისორი  ცვალებადი ამინდივით ასახავს მონიტორზე (მხატვარი თამარ გურგენიძე), რაც ფინალში იქცევა გრანდიოზული ბრძოლის მეტაფორად თავისუფლებასთან და სიკვდილთან. სინამდვილეში კი გუსტავის, ფერნანისა და რენეს გაქცევა ნანატრი ვერხვებისკენ უფრო ახირებას, თამაშსა და სიკვდილის როკვას ჰგავს. ილუზია ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოხუცთა თავშესაფრის პროზაული ღამის ქოთნები…

სრულიად სხვა სენტიმენტებს აღვიძებს თელავის, ვაჟა ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სპექტაკლი „როცა ძალიან მოგენატრები“ (რეჟისორი ავთანდილ ვარსმაშვილი), რომელიც დრამატურგმა ირაკლი სამსონაძემ სპეციალურად თელავის  თეატრისთვის დაწერა. მოულოდნელი, ტრაგიკული და თანამედროვე გზავნილები იკითხებოდა გორის, გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სპექტაკლში „ვაჟიშვილი“ (ფრანგი დრამატურგის, ფლორიან ზელერის პიესა), რომელიც დავით ჩხარტიშვილმა დადგა. თუმცა ამ და სხვა საფესტივალო სპექტაკლების შესახებ შემდგომში მოგითხრობთ.