პენსიონერი მასწავლებლების ნაწილმა სკოლა დატოვა - რა გამოწვევები რჩება საკადრო პოლიტიკაში

სალომე გორგოძე

მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისიდან პრაქტიკოსის სტატუსის მქონე 6 365 პენსიონერმა პედაგოგმა სკოლა დატოვა. ამავე პერიოდისთვის ბოლო წლების განმავლობაში სკოლებში ყველაზე მეტი – 4080 – ვაკანტური ადგილი გაჩნდა. დარგის სპეციალისტების შეფასებით განათლების სისტემაში, სადაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი საკადრო ბრუნვა არ მომხდარა, ეს ინიციატივა ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც სამინისტროს მხრიდან მასწავლებლის პროფესიიდან გასვლის მექანიზმზე დაიწყო საუბარი. თუმცა, მათივე შეფასებით, მნიშვნელოვანია სისტემიდან გასვლის მექანიზმის გარდა, არსებობდეს ერთი მხრივ, როგორც მასწავლებლის პროფესიაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვის გააზრებული პოლიტიკა, მეორე მხრივ კი – კვალიფიციური კადრების შენარჩუნების მექანიზმები.

პროექტის პირველმა ეტაპმა აჩვენა, რომ ქალაქის სკოლებში ვაკანტური ადგილების შევსება უფრო მარტივად მოხდა, კონკურენციაც მაღალი იყო, სოფლებში კი, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში კადრების შევსება გაჭირდა.

სამინისტროს ინიციატივით იმ პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პენსიონერ პედაგოგებს, რომლებსაც სურვილი არ აქვთ გამოცდაზე გასვლით დაადასტურონ კომპეტენცია ან ორჯერ მცდელობის მიუხედევად, ის ვერ დაადასტურეს, მიეცათ პრივილეგია, სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი, სადაზღვეო პაკეტი  და შეწყვიტონ პროფესიული საქმიანობა.

ამ ინიციატივის მეორე ეტაპი მიმდინარე წელს სრულდება. შესაბამისად, იანვარში ცნობილი გახდება, დამატებით კიდევ რამდენი პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პენსიონერი პედაგოგი მიიღებს ჯილდოს და დატოვებს სკოლას.

საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ინიციატივა ასცდა მიზანს“

„მიზანი საბოლოო ჯამში არის ის, რომ კვალიფიციური კადრი შევიდეს სისტემაში და არა ის, რომ პენსიონერმა პედაგოგმა დატოვოს სისტემა“, – ამბობს განათლების საკითხების მკვლევარი შალვა ტაბატაძე და განმარტავს, რომ ეს პროგრამა უნდა ყოფილიყო ერთგვარი ინსტრუმენტი იმისა, რომ სკოლაში ახალი კადრების მოზიდვა მოხდარიყო, რაც ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური ნაბიჯია. თუმცა მისი შეფასებით, საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ინიციატივა ასცდა ამ მიზანს.

მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ისინი არიან პრაქტიკოსები, გამოცდას არ აბარებენ, მაგრამ არავის შეუსწავლია, რატომ არ აბარებენ პენსიონერი მასწავლებლები გამოცდას. ბევრ კვალიფიციურ მასწავლებელს, მათ შორის პენსიონერს არ სურს გამოცდაზე გასვლა. არავის შეუსწავლია, რა არის ამის მიზეზი, დაბალი კვალიფიკაცია თუ გარკვეული პროტესტი სისტემისადმი. სრული მარაზმია – როცა მასწავლებლების 21% პენსიონერია, 26% 5 წელიწადში გახდება პენსიონერი – მათ შესთავაზო პროფესიული განვითარების სქემა, სადაც მან უნდა ჩააბაროს გამოცდები სტატუსის მოსაპოვებლად, გაიაროს რამდენიმეწლიანი საფეხური, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ეს პედაგოგი არ შემოვიდოდა.

ამიტომ მაინცდამაინც პენსიონერებს თუ გავუშვებთ, არ ნიშნავს, რომ უხარისხო მასწავლებელები გავუშვით და კვალიფიციურები მივიღეთ მათ ნაცვლად, ეს ცალსახაა. ამას უნდოდა მეტი კვლევა და ანალიზი, მათ შორის პენსიონერებთან დაკავშირებით, რატომ ხდებოდა ისე, რომ პენსიონერი მასწავლებელი არ გადიოდა გამოცდაზე, ხომ არ იყო ეს თავად სისტემის ბრალი?“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

შალვა ტაბატაძე მიიჩნევს, რომ, ზოგადად, მიდგომა დისკრიმინაციული იყო, იმიტომ, რომ ვრცელდებოდა მხოლოდ პრაქტიკოს მასწავლებლებზე, ვინაიდან შესაძლებელია უფროს და წამყვან მასწავლებლებსაც ჰქონოდათ ორწლიანი ბონუსის აღების სურვილი და სკოლიდან წასვლა, სულ მცირე მათთვის ამის შესაძლებლობა უნდა მიეცათ. მათ არჩევნის საშუალება უნდა ჰქონოდათ.

შალვა ტაბატაძის თქმით, პროცესმა აჩვენა, რომ დიდ ქალაქებში რეფორმა იყო პოზიტიური, რადგან გაჩენილ ვაკანტურ ადგილებზე იყო მაღალი კონკურენცია, რაც ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მექანიზმია და სკოლებს მიეცათ შესაძლებლობა, შეერჩიათ კვალიფიციური კადრები. რეგიონებში კი შეიქმნა კადრების დეფიციტი. ამან კი, ტაბატაძის შეფასებით, ორი მნიშვნელოვანი პრობლემა წარმოქმნა:

პირველი – პენსიონერი მასწავლებლებისგან გამოთავისუფლებული საათობრივი ბადე, დაახლოებით ნახევარი გადაინაწილეს დასაქმებულმა მასწავლებლებმა: შეიძლება მასწავლებელს ჰქონდეს 30-საათიანი დატვირთვა კვირაში და ველოდოთ, რომ კარგ გაკვეთილს ჩაატარებს? ეს გამოიწვია იმან, რომ სკოლებს სხვა შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ახალი კადრები არ იყვნენ, პენსიონერები წავიდნენ და იქ უკვე ჩაკეტილი სისტემა შეიქმნა. არავინ იცის ახლა ის მასწავლებლები, რომლებიც ამდენ საათს მუშაობენ, რამდენად ხარისხიანად მუშაობენ“.

მეორე – მაქსიმალურად მიიღეს ახალი კადრები, რომელთა კვალიფიკაცია, ტაბატაძის შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას: ამას არც დავამტკიცებ და ვერც დავამტკიცებ, მაგრამ საუბარი იყო, რომ გარკვეულ ადგილებში კორუფციის ნიშნებიც გაჩნდა, ანუ დირექტორებს მიეცათ შესაძლებლობა, მიეყვანათ მათთვის სასურველი ახალი კადრები, რომლებიც შესაბამის კვალიფიკაციას ვერ ადასტურებენ“.

შალვა ტაბატაძე არაქართულენოვან სკოლებში არსებულ მდგომარეობაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ამ სკოლებში პედაგოგთა დაახლოებით 30-35% საპენსიო ასაკისაა და ამის პარალელურად უმაღლეს სასწავლებლებს ამ სკოლებში პოტენციურად დასასაქმებელი კადრები არ მოუმზადებია, გრძელვადიან პერსპექტივაში იქ მასწავლებლების დეფიციტი გაჩნდება.

არაქართულენოვან სკოლებში სწორედ ეს ვითარება შეიქმნა: გამოთავისუფლდა საათები, რომლებიც არსებულ მასწავლებლებზე მაქსიმალურად გადანაწილდა და თუ ვინმე სადმე დაკავშირებული იყო პროფესიასთან, ისიც აიყვანეს. შედეგად მივიღეთ, რომ პენსიონერი მასწავლებლების ნაცვლად მაინცდამაინც უფრო ხარისხიანი საკადრო რესურსი სისტემაში არ შესულა და სწავლების ხარისხი ამ სკოლებში არ გაუმჯობესებულა. სადაც ყველაზე მეტად გვიჭირს (ქალაქის სკოლებში ისე ძალიან არ გვიჭირს, ამას სკოლა განაპირობებს, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა თუ მშობელი – ცალკე საკითხია, მაგრამ ეს რომ ასეა, ამას ადასტურებს ყველა კვლევა), იქ უფრო ცუდი სურათი მივიღეთ“, – განმარტავს შალვა ტაბატაძე.

შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, ცალკე აღებული და ამოგლეჯილი, რაც უნდა იდეურად სწორი იყოს, ვერ იქნება ეფექტიანი, თუ ის არ იქნება გააზრებული რეფორმის ნაწილი: ეს პრობლემები რომ შეიქმნებოდა, ამაზე წინასწარვე იყო საუბარი. ეს იცოდა სამინისტრომ, იცოდა მასწავლებლის სახლმაც, თუმცა მაინც წავიდა ამ ტიპის რეფორმაზე. არ ვამბობ, რომ არ უნდა წასულიყო, თუმცა შესაძლებელი იყო, ეს რისკფაქტორები მეტწილად დაზღვეულიყო. ეტაპობრივად გადაწყვეტილიყო, მაგალითად, პირველ ეტაპზე ქალაქში, შემდგომ – რეგიონებში“.

რა იგეგმება სკოლებში კვალიფიციური კადრების მოსაზიდად და მხარდასაჭერად

„პროექტის პირველმა ეტაპმა აჩვენა, რომ ქალაქში მასწავლებლობის ბევრი მსურველი აღმოჩნდა. შესაბამისად, კონკურენციაც მაღალი იყო, თუმცა სოფლებში და განსაკუთრებით მაღალმთიან დასახლებებში უფრო რთულად იყო საქმე“, – ამბობს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანი და განმარტავს, რომ ამ გამოწვევების გათვალისწინებით, პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პენსიონერების სისტემიდან გასვლის მეორე ეტაპისთვის მასწავლებლის სახლმა გარკვეული პროგრამები მოამზადა, რომ უფრო ადვილად ყოფილიყო შესაძლებელი პრობლემებთან გამკლავება.

უფრო კონკრეტულად კი რატიანი საუბრობს ორი პრევენციული ხასიათის პროგრამის შესახებ: მაძიებლობა – ეს არის გზა, როდესაც ახალგაზრდები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ დადასტურებული კვალიფიკაცია, შედიან სკოლაში და სკოლაშივე გადიან პროფესიულ განვითარებას და შემდეგ მოიპოვებენ სტატუსს, მათთვის აუცილებელი არის საგნის გამოცდის ჩაბარება. ამჟამად სისტემაში 2000 მაძიებელია.

მეორე – დისტანციური სწავლება. კვალიფიციური პედაგოგები დედაქალაქიდან ან სხვა რომელიმე რეგიონიდან დისტანციურად, ონლაინ ასწავლის იმ საგანს, რომლის მასწავლებელიც სკოლამ ვერ მოიძია. მეტწილად საუბარია სოფლის მცირეკონტინგენტიან სკოლებზე, სადაც კლასში არაუმეტეს 8 ბავშვია, რომ მასწავლებელმა მოსწავლეებთან საგაკვეთილო პროცესი სრულყოფილად წარმართოს. ამჟამად დაახლოებით 40 სკოლაში მიმდინარეობს სხვადასხვა საგნის დისტანციური სწავლება. რატიანი ამბობს, რომ დისტანციურმა სწავლებამ ზოგიერთი სკოლისთვის გადაჭრა წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გარკვეული საგნის მასწავლებლების დეფიციტთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს ამოქმედდა „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“, რომელიც მანანა რატიანის განმარტებით, იმ ძირითად გამოწვევებს პასუხობს, რომლებიც პროფესიაში შეიქმნა. კერძოდ, სკოლა მასწავლებლობის მსურველებსა და მოქმედ პრაქტიკოს მასწავლებლებს საგნობრივ ჯგუფში ან მომიჯნავე საგნებში მოამზადებს, რომ მათ მცირეკონტინგენტიან სკოლებში ერთზე მეტი საგნის სწავლება შეძლონ.

საგნობრივი ჯგუფის ფარგლებში შემავალ ყველა საგანზე ტარდება ტრენინგი. რატიანის თქმით, ცხადია, ეს ტრენინგები საკმარისი არ არის საიმისოდ, რომ კადრი პროფესიონალად ჩამოყალიბდეს, მაგრამ ის მნიშვნელოვანია პირველი ეტაპისთვის, სანამ მასწავლებელი მაძიებლობის პროგრამამდე მივა. მერე კი, როგორც მაძიებელი, სკოლის ბაზაზევე გააგრძელებს პროფესიულ განვითარებას. რატიანის თქმით, მასწავლებლობის 1700-მა მსურველმა უკვე გაიარა ტრენინგები და ისინი მზად არიან იანვარში გამოცხადებულ ვაკანსიებზე განცხადებების შესატანად.

რაც შეეხება სისტემაში კვალიფიციური კადრების შესვლის საკითხს, რატიანი ამბობს, რომ ნაწილი იმ კადრებისა, რომლებიც სასწავლო წლის დასაწყისში გამოცხადებულ ვაკანსიებზე მიიღეს, იყო კვალიფიციური პედაგოგი, რომელთაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული ჰქონდათ. რაც შეეხება მაძიებელ მასწავლებლებს, რომლებიც ასევე აღმოჩნდნენ სისტემაში, მათ ვალდებულება აქვთ, უმოკლეს ვადაში დაადასტურონ  კვალიფიკაცია.

მაძიებელი არ არის კადრი, რომელიც მუდმივად სკოლაში იქნება და მათ არავინ მოსთხოვს კვალიფიკაციის დადასტურებას. ეს არის სპეციალური პროგრამა, რომელიც მაქსიმუმ 2 წლით გრძელდება. ანუ 2 წლის ვადაში ამ ადამიანებს თუ არ ექნებათ დადასტურებული კომპეტენციები და მასწავლებლობის კვალიფიკაცია, დატოვებენ სკოლას. დღეს მაძიებლები ინტენსიურ კურსში არიან ჩართულნი და ყველა გეგმავს, რომ 4-თვე-ნახევრის შემდეგ მათ  კვალიფიკაცია დადასტურებული ჰქონდეთ. ზაფხულში ველით, რომ ისინი გავლენ გამოცდაზე და შეძლებენ კვალიფიკაციის დადასტურებას“, – ამბობს რატიანი.

მანანა რატიანი საუბრობს გამოწვევებზეც, რომლებიც სკოლებში კვალიფიციური კადრების შესვლას ახლავს თან. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მაძიებელი პედაგოგებისთვის, კვალიფიკაციის დადასტურების შემდგომ გაგრძელდეს გრძელვადიანი, მიზანმიმართული მხარდამჭერი პროგრამა, იმისათვის, რომ სკოლასთან შეგუების კრიტიკული 2-3 წელი, ნაკლები პრობლემებით გადალახონ. მისი თქმით, ამ ეტაპზე რეფორმა მიმართულია იმისკენ, რომ სკოლამ ახალი, კომპეტენტური კადრები მოამზადოს და პროფესიულ განვითარებაში მხარდაჭერა აღმოუჩინოს მათ. მას შემდგომ კი, რაც ეს „ცხელი პერიოდი დაიხურება“, ცენტრი გადაერთვება მასწავლებლების მხარდაჭერაზე.

სკოლიდან წასული პენსიონერი პედაგოგები და ვაკანტური ადგილები – რეგიონების მიხედვით

განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პროექტის პირველი ეტაპის  მონაცემებით რეგიონულ ჭრილში, სკოლა საპენსიო ასაკის ყველაზე მეტმა პედაგოგმა იმერეთში დატოვა. უფრო კონკრეტულად კი სამი რეგიონი, სადაც ყველაზე მეტმა პენსიონერმა პედაგოგმა დატოვა სკოლა, ასეთია: იმერეთი – 1090 პედაგოგი, თბილისი – 858 და ქვემო ქართლი – 832 პედაგოგი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისისთვის საჯარო სკოლებში გაჩენილი 4080 ვაკანტური ადგილიდან 4006 ადგილი შეივსო. რეგიონების ჭრილში კი ეს მონაცემები ამგვარად გამოიყურება, ყველაზე მეტი ვაკანტური ადგილი გაჩნდა თბილისის (637), იმერეთისა (575) და ქვემო ქართლში (549).

იქამდე, სანამ პენსიონერი პედაგოგები სკოლას დატოვებდნენ, ივნისში არსებული მონაცემებით, სკოლაში დასაქმებული პრაქტიკოსი პედაგოგების საერთო რაოდენობა 35 346 იყო, მათ შორის 12 111 პენსიონერი.