პლანეტა ღმერთის ფერებში

ეკა ელოშვილი

დასრულდა. 

მოგზაურობიდან დაბრუნებულს უსახელო სევდა რომ დაგყვება და არც სახლში გიშვებს და აღარც თვითმფრინავის ბორტზე, ისე დავრჩით. ბევრი ვიდავეთ თუ ცოტა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი შედგა. ვსვით მურაბიანი ჩაი, ტაიმებს შორის მეზობლებთან ხეირიანი წაჭორავება ვერ მოვახერხეთ, რადგან ამასობაში ჩვენთან გვარიანად აცივდა და ვერც მოფრიალებული კარფანჯრებიდან გამოსული ღრიანცელით დავტკბით, მაგრამ დავტკბით ფეხბურთით, რომელიც ყოველთვის ახერხებს ჩვენი გულების მოგებას. 

ფეხბურთიის ისევ ჩვენი უპირობო, მარადიული სიყვარულია. ჯადოსნური, იდუმალი, დრამატული. ისევ თვალებანთებულები ვუცქერთ თავმომწონე ბიჭებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. დაჯილდოებისას ისევ ერთ ხაზზე მწკრივდებიან ფულიანი და გავლენიანი ძიები. კვლავ გაბეზრებულები შევყურებთ გახსნისა და დახურვის ცერემონიალს და კბილები გვიკაწკაწებს, ისე გვინდა, ჩასტვინოს მსაჯმა და დაიწყოს. დაიწყოს და აღარასდროს დამთავრდეს. 

კატარის მუნდიალის ფინალური მატჩი კიდევ რამდენიმე საათს რომ გაგრძელებულიყო, ამაზე, ალბათ, ხელს ძალიან ბევრი მოაწერდა. მეც, მათ შორის. 

კი, მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ფინალი ვნახეთ. 

პირადად მე, დახურვის ცერემონიალმა ვერანაირი გრძნობა და ემოცია ვერ აღმიძრა. სიმართლე გითხრათ, ვერც ქვიჯების თანხლებით შესრულებული What a wonderful life გავიგე. ამ საღამოს ეს ნაწილი, ალბათ, აღარასდროს გამახსენდება, რადგან გასახსენებელი და არასდროს დასავიწყებელი, სწორედ, ამის შემდეგ დაიწყო. 

სკალონის გუნდის ბრწყინვალება და დეშამის გუნდის სიღატაკე

რა თქმა უნდა, დიდიე დეშამის გარდა ვერავინ ახსნის, რატომ გადაწყვიტა ფინალში ასეთი ფეხბურთის თამაში, როცა მანამდე, მისი ამ ყბადაღებული პრაგმატიზმის გარეშე ყველაფერი კარგად მიდიოდა. 

ტაქტიკური და ფსიქოლოგიური ჩავარდნა, ქაოსი, შოკიპირველ ტაიმში ფრანგებმა უცნაური კაპიტულაცია გამოაცხადეს. საფრანგეთი თავის თავს არ ჰგავდა. სრულიად მორღვეული იყო ნახევარდაცვის ბალანსი. არგენტინელებმა, უბრალოდ, გადაყლაპეს გრიზმანი, რომელიც ფინალშიც თავისი გუნდის საკვანძო მოთამაშე უნდა ყოფილიყო. სკალონის დაგეშილი ფეხბურთელები მეტოქეს ბურთის მიღების საშუალებას არ აძლევდნენ, არათუ სხვა ქმედების. 

ვერაფრით ვხვდები, როგორ დაუშვა დეშამმა, რომ ის, რაც აქამდე საკმარისი ჩანდა (მაგალითად, ინგლისსა და მაროკოსთან მატჩებში), ფინალშიც სრულიად დამაკმაყოფილებელი იქნებოდა. ეს იყო შეცდომა და ამისთვის დაისაჯნენ. 

რანდალ კოლო მუანი, ალბათ, მთელი ცხოვრება კოშმარულ სიზმრებში ნახავს იმ წამს, როცა ყველაფრის დასრულება შეეძლო, მაგრამ შლეგმა დიბუ მარტინესმა აჯობა. დიბუმ იმ საღამოს ბევრს აჯობა. პენალტების სერიაში კომანის დარტყმული აიღო, მაგრამ ბოლოს, უკვე გაჩემპიონებულმა თავს ვეღარ აჯობა და იმ რაღაცპენისფლეშმობითსაყოველთაო საზეიმო განწყობაში ცოტა არ იყოს და ჩაგვისვარა. 

კილიანი? 80 წუთი მგონი წესიერად ვერც გახურდა და მერე, 97 წამში ყველაფერი ამოაყირავა. ჩვენს თვალწინ იზრდება მარად მღვიძარე, უკვე 24 წლის მონსტრი, რომელიც არასდროს ნებდება; რომელიც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ბევრ რამეს შეცვლის და თავდაყირა დააყენებს. დღეს მბაპეს დაბადების დღეა. 

მასთან ერთად, საფრანგეთი პლანეტის ერთერთი საუკეთესო გუნდია და მათ 2 წელიწადში შევხვდებით, ევროპის ჩემპიონატზე. 

ზღაპრის ბოლო კეთილია 

შეხედეთ ამ თასს, რა ლამაზია! შეხედეთ ამ კაცს, როგორ უხდება ეს ლამაზი თასი. უკვე მეორედ, ღმერთი კაცთა შორის მუნდიალის საუკეთესოდ დასახელდა და ისტორიაში პირველია, ვინც ეს შეძლო. 

ხათრიანი კაცია ლეო. როცა კატარის ამირამ ბიშტი (ტრადიციული კატარული სამოსი) შემოაცვა, წინააღმდეგობა არ გაუწევია, მორჩილად იდგა და ელოდა, როდის მორჩებოდნენფიფას კარის თამაშებისპერსონაჟები მის შემოსვას, თუმცა აშკარად ეტყობოდა, რომ ამხალათშიგამოწყობილს არ უნდოდა თავისი ცხოვრების ყველაზე სანუკვარი მომენტის განცდა. 

მონტიელის გადამწყვეტი დარტყმის შემდეგ, ყველა მოედნის ცენტრს ვუყურებდით, სადაც სუნთქვაშეკრული ღმერთკაცი იდგა, მაგრად მოკუმული ტუჩებით. მონტიელიმ გაიტანა და ის მუხლებზე დაეცა. ნეტავ, რა შეგრძნებაა, როცა ღმერთს ოცნება უსრულდება? 

ეს იყო წამი, როცა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. კარიერის მიწურულს, თავზე დამსახურებული გვირგვინი დაიდგა. იმიტომ, რომ ის არის ფეხბურთელი, რომლის არაამქვეყნიური ტალანტი თავისუფლების, სიყვარულის, სილამაზის, ოცნებებისა და ადამიანური შესაძლებლობების უსაზღვროობის გამოხატულებაა. თუ 1986 წლის მსოფლიო თასი გვახსოვს, როგორც მარადონას მუნდიალი, 2022 წლის ჩემპიონატი ისტორიაში შევიდა, როგორც მესის მუნდიალი და ამას ვერაფერი შეცვლის. 

როცა ვერ ხედავს, გრძნობს. თავთან საოცარ ჰარმონიაშია. მისი შინაგანი წესრიგი და წესიერება ყველაფერს მარტივად ხსნის. ამ მუნდიალზე ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი გვიძღვნა, თუმცა, ჩემთვის პირველ ადგილზეა ¼ ფინალში მისი წარმოუდგენლად მაგარი პასი, რომელიც გადასარევად ხსნის ამ კაცის სათამაშო ფილოსოფიას და, ზოგადად, „მესიანიზმისარსს. 

ისე კი, ტყუილად გვატირა და ამოგვგლიჯა გულები. არსად წავალო, თქვა ფინალის შემდეგ. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით მინდა ვითამაშო ჩემი ნაკრების მაისურითო. ხომ ხვდებით, ეს რას ნიშნავს? 

არგენტინაში კი, თავის გმირებს ელიან. ბუენოს აირესის ქუჩებში საოცრებები ხდება. მთელი ქვეყანა გარეთაა. 

და სულ მშურსხოლმე ამ გამარჯვებული ქალაქების. წლებია, იმის წარმოდგენაში ვარ, რა კაკაფონიას მოვაწყობთ ჩვენს ბებერ დედაქალაქში. როგორ დაგვამუნათებს ადამიანთა მცირე, მაგრამ მაინც ჯგუფი, მთელი ღამე არ დაგვაძინესო. როგორ უპირობოდ გავერთიანდებით ერთი გუნდის, ერთი სიხარულისა და ბედნიერების გარშემო და ვერაფერი ვერაფერს ვეღარ გამიჯნავს. ეს, უბრალოდ, მშვენიერი თავდავიწყება იქნება.