ქართული ღვინო ბოლო 4 თვის დაძველებით

მალხაზ ხარბედია

წლის ნახევარზე მეტი უკვე მიილია და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წელი ქართული ღვინისთვის, ისევე, როგორც მთელი მსოფლიოს მევენახეობა-მეღვინეობისთვის განსაკუთრებული იქნება. განსაკუთრებული თავისი სირთულით, პრობლემებით, უიმედობასთან ბრძოლითა თუ ოპტიმიზმით.

ამ წელმა  დიდი მსხვერპლი მოიტანა, სრულიად შეიცვალა მსოფლიოში ჯანდაცვის, პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრიორიტეტები, ფასეულობები, ურთიერთობები.

წერილი, რა თქმა უნდა, არ ისახავს მიზნად, სრულად მიმოიხილოს შექმნილი კატასტროფული ვითარება. უბრალოდ, მინდოდა, ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს (ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით) თემას შევხებოდი და შეძლებისდაგვარად შემეჯამებინა გასული პერიოდი, თვეები, რომლის განმავლობაშიც დაუჯერებელი ამბები მოხდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ბევრმა ადამიანმა ახლიდან აღმოაჩინა თავი, შესაძლებლობები და საქმიანობის პერსპექტივები.

მარტი-ივლისი უმრავლესობამ მარტოობაში გავატარეთ. ალბათ, ხანდახან ვაზსაც და ღვინოსაც მოაკლდა მზრუნველი ხელი, თუმცა პირიქითაც ხდებოდა – მევენახე-მეღვინეებმა უფრო მეტად მოიცალეს ვენახისთვის, მარნისთვის და ფიქრის დროც მეტი მიეცათ. თითქმის მთლიანად გაჩერდა ღვინის ტურიზმი. სტუმრებისთვის დაიკეტა მარნების უმრავლესობა. სიცარიელეა ცნობილ ტურისტულ ქუჩებსა და უბნებში – საქართველოს ხვადასხვა ქალაქში. ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ უმცირესი მოძრაობა შეინიშნება. ძალზე დიდია უმუშევართა წილი, სატელევიზიო მედიაში კი სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობენ „გამოწვევებზე“, იმდენად ხშირად იყენებენ ამ გაცვეთილ ტერმინს, რომ მგონი, საბოლოოდ შეგვაძულებენ მას. ამ წერილშიც ვეცდები, არც ერთხელ არ გამოვიყენო ეს გამომწვევი და ბევრისთვის მაცდური ცნება.

როგორც გვახსოვს, საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. ამ დროისთვის ღვინის ბარების უმრავლესობა უკვე დაკეტილი იყო. რამდენიმემ საკმაოდ მალე გააცნობიერა ვითარება და ონლაინგაყიდვაზე გადავიდა ან მანამდე ჰქონდა გამართული ეს ქსელი: მაგ. „8000 მოსავალი“, „ღვინის ბიბლიოთეკა“ და „ღვინო ანდერგრაუნდი“. იყვნენ მცირე ღვინის მაღაზიებიც, როგორც მაგ. Wine Boutique, რომელიც Glovo–თან თანამშრომლობის გარდა, თავადაც ემსახურებოდა დამკვეთებს. ზოგიერთმა სკუტერი შეიძინა ან ითხოვა და ხანდახან ველოსიპედითაც დაჰქონდათ ღვინო.

მთავარი პრობლემა მარტშივე ჩამოყალიბდა. ეს გახლდათ კრიზისული პერიოდის დაძლევა. თავის და შესაბამისად, სფეროს გადარჩენა. მაგ. „8000 მოსავლის“ 60 თანამშრომლიდან 46 უფუნქციოდ დარჩა, რადგან ვებგვერდზე მხოლოდ 14 მუშაობდა, ამიტომ ქვეყნის ყველაზე მსხვილ ქსელს საკმაოდ დიდხანს მოუწია თანამშრომლების შენარჩუნებაზე ზრუნვა. ასე იყო სხვაგანაც, სანამ ივნისში ბარები არ გაიხსნა და მომხმარებელი კვლავ არ დაუბრუნდა ნაცნობ ადგილებს.

3-თვიანმა პაუზამ მძიმედ იმოქმედა მცირე მარნებზეც, რომლებიც, უკვე ტრადიციულად, დიდ იმედს ამყარებენ ხოლმე აპრილ-მაის-ივნისის პერიოდზე, როგორც ტურიზმის თვალსაზრისით ყველაზე აქტიურ თვეებზე. უნდა ითქვას, რომ ეს პერიოდი მთლიანად ჩავარდა. გაჩერდა გაყიდვები და ჩარიცხვები, შეკვეთების უმრავლესობა გაუქმდა. მხოლოდ ივლისის თვის მეორე ნახევარში დაიძრა მეტ–ნაკლებად შეკვეთების თემა.

ისინი, ვინც ონლაინრეჟიმში ამუშავდნენ, იძულებულნი გახდნენ, სასწრაფოდ აეტვირთათ ყველა ის ღვინო ვებგვერდზე, რომელიც მაღაზიაში იყიდებოდა. ეს მაღაზიები მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ფიზიკური ემოციები, რომელიც მომხმარებელს ჰქონდა ბარებსა თუ მაღაზიებთან დაკავშირებით, ონლაინაც გავრცელებულიყო. ამიტომაც გააქტიურდა ღვინის ჩატი, ხოლო ლექცია-სემინარები ონლაინსივრცეში გადავიდა. იყო შემთხვევები, როდესაც 150-მეტი ადამიანი გროვდებოდა ამა თუ იმ ონლაინკლასზე.

მანქანით გადაადგილების აკრძალვამ მეტი პრობლემა გააჩინა და დიდი ხნის განმავლობაში ღვინისა და სარესტორნო ეკონომიკა მთლიანად სკუტერებისა და კურიერების ამარა დარჩა. ბევრი ღვინით მოვაჭრე თუ მევენახე მეღვინე ფიქრობს, რომ გარკვეულ პერიოდში სწორედ მათი საშუალებით გადაურჩა ეს სფერო სრულ ჩავარდნას. ამავე დროს დაიკეტა რეგიონები და ღვინო, ფაქტობრივად, ვეღარ მიეწოდებოდა დედაქალაქს.

ღვინის სფეროში ამ თვეების განმავლობაში სრული შეჩერება არ ყოფილა. მაგ. საქართველოში რეგისტრირებულ დაცულ გეოგრაფიულ ადგილწარმოშობის დასახელებებს 4 ახალი დასახელება დაემატა მაისში – „სალხინოს ოჯალეში“, „ახმეტა“, „წარაფი“ და „ახოები“ (ორივე კარდანახში).

ჩატარდა არაერთი ვებინარი, რომელიც კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლას მიეძღვნა და რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ სახელმწიფო ორგანიზაციები, ბიზნესის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც. წელს ბევრი ღონისძიება იყო დაგეგმილი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. რა თქმა უნდა, თითქმის ყველა ღონისძიება გაუქმდა ან გადაიდო, გადავდეთ წლის უმთავრესი ღვინის დღესასწაულიც – „ახალი ღვინის ფესტივალი 2020“, რომელიც 9 მაისს უნდა გამართულიყო. ამის მიუხედავად, რამდენიმე ღონისძიების გამართვა მაინც მოხერხდა, მათ შორის, მეოთხეჯერ მოეწყო ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი.

ივლისში ღვინის კლუბმა „USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროექტი, მცირე მარნებისა და რეგიონული ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. პროექტს სახელად ღვინის სოფელი ჰქვია.

თავად კომპანიებს და მარნებს რაც შეეხებათ, ბევრი იყო ისეთი, ვინც ეს კრიზისი საქმისთვის გამოიყენა – დანაზოგით მარანი მოაწყო ან ახალი ვენახები გააშენა. თუმცა სავაჭრო წერტილების დაკეტვის გამო, გარკვეულ პერიოდში შეუძლებელი გახდა საშენი მასალის, ბოთლის, საცობის შეძენა და მხოლოდ არსებული მარაგით სრულდებოდა სამუშაოები.

2020 წლისთვის დიდი გეგმები ჰქონდათ მარნებს – ვენახების გაშენება, ახალი ტურისტული აქტივობები, ახალი დიდი სადეგუსტაციო დარბაზები და ა.შ. თუმცა პროცესები გაჩერდა, რადგან სამშენებლო მასალა არ იყო ხელმისაწვდომი და ტურისტების მიმოსვლაც მთლიანად შეწყდა. ივნისის შუა რიცხვებიდან, რაც ბარები და რესტორნები გაიხსნა, სურათი ცოტათი შეიცვალა. შუა კორონაში ახალი დამკვეთებიც კი გამოჩნდნენ.

თებერვლის ბოლოდან და მარტის დასაწყისიდან მოყოლებული მცირე მარნები იძულებულნი გახდნენ, გაეჩერებინათ ექსპორტი, თუმცა მსხვილი კომპანიები აპრილშიც აქტიურად აგზავნიდნენ ღვინოებს, დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად – სამუშაო დღის ხანგრძლივობა, მშრომელთა რაოდენობის შემცირება, სტამბების გაჩერება (ეტიკეტი), თანამშრომლების ტრანსპორტირება, ცვლები. შესაბამისად, შეიქმნა სიტუაცია, როდესაც მსხვილი კომპანიებიც ვეღარ აკმაყოფილებდნენ შეკვეთებს. ივლისში ამ მხრივ სიტუაცია შეიცვალა.

ცალკე საუბრის თემაა ნატურალური მეღვინეების მხარდაჭერა უცხოელი დისტრიბუტორებისგან. მაგ. როგორც ზოგიერთი ნატურალური მეღვინე ამბობს, იაპონელი, ამერიკელი და ევროპელი ღვინის დისტრიბუტორები ყველანაირად ცდილობენ, რომ კრიზისი ძალიან არ შეეხოს მათ სეგმენტს.

ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე მეტად, ალბათ, დიდი კომპანიები დაზარალდნენ. მაგ. „თბილღვინოს“ 25%-იანი ვარდნა ჰქონდა და ეს მაშინ, როცა მთლიან გაყიდვაში შიდა ბაზარს 40-45% წილი აქვს. ზრდა შეინიშნებოდა ექსპორტის მიმართულებით. როგორც გაირკვა, შარშანდელ სამ თვესთან შედარებით (თებერვალი-აპრილი) 20%-ით გაიზარდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ღვინის გაყიდვა, ივლისის მონაცემებით კი, კომპანიამ 18%-იანი ზრდა აჩვენა ექსპორტზე. კიდევ ერთი დაკვირვება, ქართული ღვინის გაყიდვა ადგილობრივ თუ უცხოურ ბაზარზე საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა ინერციით, რადგან საგანგებო მდგომარეობის საწყის ეტაპზე ხალხი იმპულსურად ყიდულობდა ღვინოს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს პროცესი შეწყდა და უკვე რეალური მდგომარეობისა და შესაძლებლობების შეფასება გახდა საჭირო. ახლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც კომპანიები ახალი სეზონის დაწყებას ელიან, სექტემბრიდან და დასასვენებლად რეგიონებში წასული ღვინის მომხმარებლის დაბრუნებას.

მაგ. „8000 მოსავლის“ მფლობელის, ირაკლი ჩხაიძის დაკვირვებით, ახლა ისეთი ღვინოები იყიდება, რომლებიც მანამდე, რეალურ გაყიდვაში არ იყო და, შესაბამისად, განსხვავებული სეგმენტი გამოაჩინა კორონამ. ონლაინშესყიდვაში, შეკვეთის მომზადებისას, სქროლვა-სქროლვაში როგორც ჩანს ღვინის მოყვარულები ნაკლებად ცნობილი სახელებითაც დაინტერესდნენ, რაც საინტერესო სიახლე აღმოჩნდა. როცა მაღაზიები და ბარები გაიხსნა, ვებგვერდს დაეტყო კლება და ძველი ღვინოებიც დაუბრუნდნენ ასპარეზს – ძირითადად, 25-30 ლარის სეგმენტი, მაშინ, როცა კოვიდისა და საგანგებო მდგომარეობის ბობოქრობისას ონლაინ ძირითადად 35-40-ლარიანი ღვინოები იყიდებოდა. კიდევ ერთი უცნაურობა – ბარებში ღვინის მოყვარულები შუა კვირაში უფრო ჭარბობს ვიდრე შაბათ~კვირას, როგორც ჩანს, ამ დროს ქალაქიდან გადიან.

ძალიან იკლო ნახევრადტკბილი ღვინოების გაყიდვამაც, რომლის მომხმარებელიც ძირითადად რუსი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები იყვნენ.

ზემოთ ვთქვი, რომ ყველაზე მეტად ტურისტულ ადგილებს გაუჭირდა, სადაც 90% ტურისტი იყო, ხოლო ქართველები, უმრავლეს შემთხვევაში ამ ტურისტების მასპინძლებად გვევლინებოდნენ. ერეკლეს ქუჩაზე ერთთვიანი დაკვირვების შემდეგ (ივნისის შუა რიცხვებიდან ივლისის შუა რიცხვებამდე) გაირკვა, რომ, რეალურად, ეს ქუჩა მხოლოდ ტურისტებისაა. რა უნდა გაკეთებულიყო, რომ ასე არ ყოფილიყო? ამაზე, ალბათ, უფრო მეტი უნდა იფიქრონ ადგილობრივი ობიექტების მფლობელებმა. მე კი დავძენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში გაცილებით აქტიურად შეიძლებოდა ამ ე.წ. ტურისტული ადგილების შიდა მომხმარებლისთვის შეთავაზება. დიდი წვლილი შეეძლო შეეტანა ამ მიმართულებით თბილისის მერიას, ტურიზმის ადმინისტრაციას და ა.შ. საამისოდ საჭირო იყო გარკვეული ერთიანი ესთეტიკა, გნებავთ, ერთიანი ღირებულებები შემუშავებულიყო, სადაც, მაგ. ადგილს ვერ იპოვიდნენ საბჭოთა სიმბოლოები და რეალურად ქართული, ავთენტური პროდუქტი და კულტურა იქცეოდა წამყვან თემად. თბილისი, მოგეხსენებათ, მულტიკულტურული ქალაქია, ჩაიხანებითა და ყავახანებით, ჩილიმ ბარებითა და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოებით. ეს მრავალფეროვნება ძალზე მიმზიდველს ხდის ჩვენს ქალაქს, თუმცა როდესაც საქმე ღვინოს ეხება, ამ შემთხვევაში აუცილებელია პირველ რიგში ადგილობრივ, გადამხდელუნარიან მომხმარებელზეც გვქონდეს აქცენტი. უნდა ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში სტუმრებმა გაცილებით მეტი იციან ქართულ ღვინოზე, ვიდრე ადგილობრივმა ღვინის მოყვარულებმა, მით უმეტეს ე.წ. მსმელებმა.

ქართულ ღვინოს შევეხეთ. მეტ ნაკლებად 4-თვიან მონაკვეთსაც გადავავლეთ თვალი. დაგვრჩა სათაურში გამოტანილი თემა, დაძველება. ღვინო აღარ იყიდება, დიდხანს იცდის მარანში, სარდაფში, თაროებზე, ქვევრებში, ცისტერნებში. და ვიწყებთ ფიქრს, თავს ვეუბნებით, არ გაიყიდება და ნუ გაიყიდება, შევინახავ, დავაძველებ, მეტი დამრჩება, 10-ის ნაცვლად იქნებ 20 ყუთიც გადავდო. როცა იქნება, უფრო დამწიფებულ ღვინოს ჩამოვასხამ. დარწმუნებული ვარ, ბევრი დაფიქრდა ამაზე. არაერთმა ჩემმა მეგობარმა მევენახემ და მეღვინემ მითხრა ეს, თითქოს თავსაც იმშვიდებდნენ ამით. ბევრმა აღიარა, რომ დიდი ხანია, ასე არ ამოუსუნთქიათ. მართალია, ვენახს და მარანს ადრეც არასდროს მოცილებიან, მაგრამ ახლა სხვანაირად შეხედეს თავიანთ საქმიანობას, ხოლო ფიქრი, დაფიქრება ყველგან ფასობს, ყველა საქმეში.

ახლა ერთ-ერთი ასეთი საფიქრალით მინდა წერილი დავასრულო – „ახალი ღვინის ფესტივალით“. მას შემდეგ, რაც გავაცნობიერეთ, რომ ჩვენი ფესტივალი უნდა გადადებულიყო, დაიწყო უმძიმესი დაძაბული თვეები, გამოსავლის ძიება. ახლაც ვცდილობთ, სასწაული მოვიფიქროთ, წელიწადი არ ჩავაგდოთ, თან ისე, რომ საშიშროება არავის შეექმნას. ზეიმიც იყოს და უსაფრთხოებაც, დღესასწაულიც და ჯანმრთელობაც. ფიქრს აუცილებლად გავაგრძელებთ და იმედი გვაქვს, წელს რამე განსაკუთრებულსაც მოვიფიქრებთ.

მანამდე კი დავიმახსოვროთ, რომ 2020 წლის ღვინოებიც შესანახია, დასაძველებელი, მსოფლიოს უახლესი ისტორიის ყველაზე უცნაური წლის მოსავალი. წელი, რომელიც სჯობს მომავალში ჭიქა ღვინოსთან ერთად გავიხსენოთ.