რას უნდა ველოდეთ მიშელისა და დანიელსონის ვიზიტისგან

კრისტიან დანიელსონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დავალებით თბილისში ჩამოვიდა, მეოთხე დღეა, პოლიტიკოსებთან აქტიურ შეხვედრებს მართავს. დანიელსონს ვიზიტი 14 მარტს უნდა დაესრულებინა, მაგრამ მისი მიზანი ჯერ კიდევ მიღწეული არაა. მიშელისა და დანიელსონის ვიზიტებს მოლაპარაკებაში ერთი შეხედვით პოზიტიური დინამიკა მოჰყვა, მაგრამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, ჯერჯერობით, ვერ შედგა.

ევროპელი დიპლომატიც თბილისში დარჩა, სავარაუდოდ, იმ იმედით, რომ საბოლოოდ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება. კრიზისი, რომელიც უკვე 4 თვეზე მეტია, გრძელდება და დიპლომატიური კორპუსის, აშშ-ის იმდროინდელი სახელმწიფო მდივნისა თუ ევროპარლამენტარების ძალისხმევის მიუხედავად, აქამდე ვერ გადაიჭრა.

რას უნდა ველოდოთ დანიელსონის ვიზიტისგან, რას გვეუბნება ევროპელი დიპლომატებისა და პოლიტიკოსების ჩართულობა ბრიუსელის პოზიციაზე, რა გავლენა აქვს პოლიტიკურ კრიზისს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე და უნდა მოველოდეთ თუ არა ნეგატიურ შედეგებს 16 მარტს დაგეგმილ ასოცირების საბჭოზე? ამ საკითხებზე „პუბლიკა“ ლუვენის უნივერსიტეტში ევროკავშირის პარტიების მონიტორინგის პროგრამის ხელმძღვანელს თეონა ლავრელაშვილს ესაუბრა.

რას გვეუბნება მიშელისა და დანიელსონის ვიზიტები ბრიუსელის დამოკიდებულებაზე? ევროპარლამენტარები ხშირად ეხმაურებიან ხოლმე თბილისში მიმდინარე პროცესებს. თუმცა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ მედიატორის როლის მორგება ნიშნავს, რომ კრიზისიდან 4 თვის თავზე ბრიუსელში უფრო დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს მას?

მიშელის ვიზიტი ევროკავშირის მყარი პოზიციის გამოხატულებაა, რომ საქართველოში უნდა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი, რადგან ევროკავშირი საქართველოს განიხილავს, როგორც მნიშვნელოვან ასოცირებულ  წევრს აღმოსავლეთ  პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში და სურს, რომ რეგიონში მისი სახით  ჰყავდეს ძლიერი და სტაბილური პარტნიორი.

თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ შეცდომაა დასავლეთის დამოკიდებულების ჰომოგენურად /ერთგვაროვნად შეფასება, თითქოს დასავლეთსა (ფართო გაგებით) თუ ევროკავშირში საქართველოზე ერთი აზრია ჩამოყალიბებული, ან რომ ერთი სტრატეგიით მოქმედებენ. ეს ასე არაა.

ევროკავშირში საქართველოს ირგვლივ აზრი სხვადასხვა არხიდან ყალიბდება. მაგალითად, ევროპარლამენტარების რომელიმე ჯგუფის მიერ აზრის გამოხატვა არ შეიძლება ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციად შეფასდეს. ევროპარლამენტში არიან განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის პარლამენტარები. ზოგიერთმა მათგანმა კარგად იცის საქართველოს პოლიტიკური სიტუაცია არა მხოლოდ ზედაპირულად, არამედ  საკმაოდ ღრმად (აქ მათი მრჩევლების როლიც არის აღსანიშნავი).

მაგრამ, არის ბევრი სხვა ევროპარლამენტარი, რომელთა პოლიტიკურ თუ პროფესიულ ისტორიას თუ გადაამოწმებთ, ნახავთ, რომ მათ არ აქვთ საკმარისი კომპეტენცია საქართველოს შესახებ. თუმცა, მაინც აფიქსირებენ მოსაზრებას განცხადებებითა თუ ინტერვიუებით, რაც ხშირად მათი პოლიტიკური სტატუსის ასამაღლებლად ან/და თავიანთი პოზიციების განსამტკიცებლად გამოიყენება.

ჩვენ უფრო მეტად ყურადღება უნდა გავამახვილოთ ევროკომისიასა და სწორედ ევროპულ საბჭოზე, ამ უკანასკნელს კი შარლ მიშელი ხელმძღვანელობს. ეს არის საბჭო, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს აერთიანებს და მთავარი პოლიტიკური ორგანოა. ის განსაზღვრავს ევროკავშირის მისიას და ხედვას.

ამიტომ იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შარლ მიშელის ვიზიტი. ეს იყო სიგნალი, რომ დროულად გადაგვეჭრა ეს კრიზისი. თუმცა, როგორც ჩანს, მიშელი ფიქრობდა, რომ ჩამოსვლითა და პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრით მალევე იპოვიდა გამოსავალს. ვნახეთ, რომ ასე არ მოხდა. რთული იყო კონსენსუსის მიღწევა და თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მიშელმა გააანალიზა, რომ მის ვიზიტს ლოგიკური გაგრძელება  უნდა ჰქონოდა – ამიტომაც ჩამოვიდა  დანიელსონი.

რას ფიქრობთ შარლ მიშელისა და კრისტიან დანიელსონის პოლიტიკურ ფიგურებზე, მათ გამოცდილებასა და უნარებზე?

შარლ მიშელი  ძლიერი პოლიტიკოსების ოჯახიდან მოდის, მამამისი იკავებდა უმაღლეს თანამდებობებს, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, პრემიერ-მინისტრის მოადგილისა და ევროკომისრის პოზიციებს. აქვს კონსენსუსის მიღწევის  კარგი უნარი (ბელგია არის ქვეყანა, რომელსაც ძალიან კომპლექსური პოლიტიკური სისტემა აქვს და ხშირად სჭირდებათ სწორედ კონსენსუსი). დიალოგის წარმართვაც ძალიან კარგად ეხერხება მიშელს. მაგალითად, ევროკავშირის 2021-2017 ბიუჯეტის მიღება ძალიან გართულდა და სწორედ მიშელმა მოახერხა ამ უთანხმოების გადაჭრა.

ის საკმაოდ ქარიზმატული პოლიტიკოსია, მაგრამ ამავდროულად პრაგმატული. ცდილობს თავისი მიზნების მიღწევას როგორც თავისი კომპეტენციის, ისე პირადი ურთიერთობების გამოყენებით. მას შეუძლია კარგად ლავირება, ამის მაგალითია ისიც, რომ დაუახლოვდა მაკრონს და მისი დახმარებით მოიპოვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაც.

ასევე, მიშელის შესახებ შეიძლება ისიც ითქვას, რომ ის საერთაშორისო დონეზე შედარებით ნაკლებად გამოცდილია, ამიტომ, აქტიურია და სურს, რომ წინამორბედი პოლიტიკოსების ფონზე დატოვოს თავისი კვალიც. შესაბამისად, ძალიან უნდა ამ კრიზისის მოგვარებაში საკუთარი  როლის შესრულებაც.

რაც შეეხება კრისტიან დანიელსონს. ის არის ძალიან კარგი დიპლომატი, მენეჯერი და ბიუროკრატი. აქვს ძალიან მრავალმხრივი დიპლომატიური გამოცდილება, თუმცა ნაკლებად  – პოლიტიკური გამოცდილება. ის უფრო მეტად ცნობილია, როგორც დიპლომატი, რომელიც პატივს სცემს სუბორდინაციას, იერარქიას. შარლ მიშელი კი პირიქით, მას უყვარს და შეუძლია ახალი ინიციატივების წამოჭრა, გზიდან გადახვევა.

ამიტომ დანიელსონს მედიატორის როლი უფრო აქვს. ვფიქრობ, რომ მის მიერ შემუშავებული მოლაპარაკების სტრატეგია არის საკმაოდ მოქნილი. ამისი მიზანი შეიძლება ისიცაა, რომ ქართველ პოლიტიკოსებსა და ზოგადად საზოგადოებას არ შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ევროკავშირი ჩვენ რაიმეს გვახვევს თავს.

ვნახოთ, რამდენად გაამართლებს ეს მიდგომა. დანიელსონს აუცილებლად დასჭირდება კრიზისის ინოვაციური მეთოდით მოგვარება, მხოლოდ მედიაცია არ იქნება საკმარისი. ქართველი პოლიტიკოსები ხომ „ძალას“ მეტად სცემენ პატივს.

და რა შეიძლება მოჰყვეს კრიზისის გადაუჭრელობას? დადგება თუ არა ნეგატიური შედეგი ასოცირების საბჭოს შეხვედრაზევე?

დასაწყისისთვის მინდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მაგალითი მოვიშველიო, რომლებიც უფრო წინ არიან ევროკავშირში გაწევრების გზაზე. მათ მიღებული აქვთ ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა. გაცხადებულია, რომ ისინი ერთ დღეს იქნებიან ევროკავშირში. საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას კი, ჯერჯერობით, ეს პერსპექტივა არ აქვს.

საინტერესოა, რომ ბალკანეთის ქვეყნების ნაწილი პოლიტიკური სისტემით, კულტურით  და რეფორმების ეფექტიანობითაც კი უფრო უკანაც კია, ვიდრე საქართველო. მაგალითად, ალბანეთში ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიცია მუდმივად ბოიკოტს აცხადებდა და უარს ამბობდა პარლამენტში შესვლაზე. ევროკავშირი იქაც არაერთხელ ჩაერია და  ითამაშა მედიატორის ფუნქცია.

ასე რომ, მსგავსი კრიზისები ევროკავშირისთვის ახალი არაა და ამიტომ, ერთი მხრივ, გვაქვს ეს არგუმენტიც, რომ აი, ნახეთ, ბალკანეთის ქვეყნებში რა სიტუაციაა. სხვადასხვა კვლევის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ გარკვეულ სექტორებში, საქართველო უსწრებს კიდეც ბალკანეთის ქვეყნებს.

რა თქმა უნდა, შექმნილი კრიზისი ახდენს ნეგატიურ გავლენას ჩვენი ქვეყნის იმიჯზე, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენ მიერ მიღწეული დიდი შედეგები, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია ან ასოცირების ხელშეკრულება, დადგება საფრთხის ქვეშ.

მაგრამ ამან არ უნდა მოგვცეს თვითდამშვიდების საშუალება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოს მეტი შეუძლია და დავისახოთ უფრო დიდი მიზნები.

საქართველოს შეიძლება ბალკანეთის ქვეყნებზე ორჯერ მეტის გაკეთებაც კი დასჭირდეს, რომ ევროკავშირმა სერიოზულად აღიქვას ჩვენი ევროკავშირში წევრობის განაცხადი, თუნდაც ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. ამ კრიზისით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს გაცილებით მყარი საფუძველი ექნებათ, ნეგატიურად შეაფასონ საქართველოს განაცხადი.

რაც მთავარია, ჩვენ გვჭირდება და უნდა დავაჩქაროთ სექტორული ინტეგრაცია. ჩვენი საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს უფრო ინოვაციური. უნდა მოვიფიქროთ გზები, რომ ვიპოვოთ გარდამავალი ეტაპი ევროკავშირის წევრობისა. ნაკლებად უნდა გავამახვილოთ ყურადღება „წევრობის“ სენსიტიურ ფორმულირებაზე. ბრიუსელში ჯერჯერობით არ არის  მომწიფებული აზრი, რომ საქართველო დააკმაყოფილებს წევრი ქვეყნის სტატუსის აპლიკაციას. ევროინტეგრაციის გაღრმავება უნდა ვეცადოთ, მაგრამ ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა მინიმალურია.

ამიტომ ჩვენ ალტერნატიული გზა უნდა მოვნახოთ – ეს არის მეტი სექტორული და ინსტიტუციური ინტეგრაცია. შეგვიძლია ძალიან ბევრი მექანიზმის გამოყენება და ისეთი ინტეგრაცია, რომ ფაქტობრივად ოფიციალური სტატუსის გარეშე მივიღოთ ევროკავშირის წევრობის ბენეფიტები.

აი, ამაში ხელს გვიშლის ეს პოლიტიკური კრიზისი. ზიანდება ქვეყნის იმიჯი და იკარგება დრო რეფორმების განხორციელებისთვის. მოველი, რომ 16 მარტს დაგეგმილ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება სწორედ რეფორმების ტემპზე და იტყვიან, რომ ამ ტემპს ჩამოვრჩებით, პოლიტიკური კრიზისი კი ამ ჩამორჩენას უფრო აღრმავებს.

ამ დაუსრულებელი პოლიტიკური კინკლაობით ჩვენ გვერდით ვტოვებთ ეკონომიკურ, სოციალურ საკითხებს. არადა, ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, ბევრი რეფორმაა საჭირო. რაც თავისთავადაა მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციისთვის. ამიტომ მხოლოდ დემოკრატიაზე, საგარეო იმიჯზე თეორიული საუბარი ვერ გვიშველის, თუკი პრაქტიკული ნაბიჯები არ გადაიდგა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური  ვითარების გასაუმჯობესებლად.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. ამ დროის განმავლობაში არაერთხელ აქტიურად ჩაერივნენ დასავლელი პოლიტიკოსებიც. აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც იყო ვიზიტით ჩამოსული, ბოლოს კი შარლ მიშელმა თავადაც იტვირთა მედიატორის როლი. ვისაუბრეთ დანიელსონის ვიზიტზეც, რომელსაც თითქოს პოზიტიური დინამიკა მოჰყვა. შეჯამებისთვის – როგორია თქვენი მოლოდინი, რეალურია თუ არა კრიზისიდან გამოსვლის პერსპექტივა?

ევროკავშირის პოლიტიკურ წრეებში გარკვევით ამბობენ, რომ ან მათი დახმარებით გადაიჭრება კრიზისი, ან საქართველოს საკითხი ძალიან გართულდება. დასავლეთს სურს, რომ გადაიჭრას ეს კრიზისი და გამოიყენებს თავის ბერკეტს. ამიტომ, ვფიქრობ, გამოინახება ის მექანიზმებიც, რომ საქართველომ დაიწყოს ნორმალური ფუნქციონირება. ეს თუ ასე არ მოხდა, ეს არ იქნება მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს იქნება დასავლეთის პოლიტიკური კრახიც და შესაძლებლობის გახსნა რუსული გავლენის ზრდისთვის.

ევროკავშირმა ძალიან ბევრი პოლიტიკური თუ ფინანსური ინვესტიცია ჩადო საქართველოში. ამიტომ აქტიურად ადევნებს თვალს აქაურ სიტუაციას. ის არ არის უბრალო პარტნიორი. ჩვენ ადრე თუ გვიან დავუახლოვდებით მათ, შეიძლება წევრები არ ვიყოთ, მაგრამ გვექნება მჭიდრო ურთიერთობა. ამიტომ ბრიუსელის დამოკიდებულებაც აჩვენებს, რომ ყველაფერს იღონებენ ამ კრიზისის განსამუხტავად.

თუმცა, ჩვენ ვერ გვიშველის მოკლევადიანი გამოსავალი. ქვეყანას სჭირდება სტრატეგიული ხედვა. რომც გადაიჭრას დღეს ეს პოლიტიკური კრიზისი, დიდი ალბათობით, ხვალ იგივე გამეორდება. ვიქნებით პოლიტიკური კრიზისების ციკლში და იქნება ეს მასწავლებელ-მოსწავლის მიდგომა, რომ დასავლეთის გარეშე არ შეგვიძლია ჩვენი პრობლემების მოგვარება. აი, ეს ეჭვქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგრადობას, მათ შორის, დასავლეთის თვალში.

ევროკავშირის ლიდერებიც მიიჩნევენ, იციან, რომ საჭიროა პრობლემის გადაჭრის გრძელვადიანი გრძელვადიანი ხედვა. რაც აისახა შარლ მიშელის მიერ დასახელებულ ჩარჩო ინიციატივებში.

და ვფიქრობ, გამოსავალიც გამოინახება. სიტუაცია საბოლოო ჯამში მაინც განიმუხტება. რეალურად, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას ხომ სხვა გზა არ აქვს. ამ კრიზისის გაგრძელება დააზიანებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, ან ოპოზიციას, არამედ ყველა პოლიტიკურ ძალას და პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას. ევროკავშირის პოლიტიკურ წრეებში ამაზე პასუხისმგებლობას არ დააკისრებენ მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსს ან ჯგუფს ხელისუფლებიდან თუ ოპოზიციიდან, დააკისრებენ მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს. ვფიქრობ, ამ დამოკიდებულებას მიშელსა და დანიელსონთან შეხვედრების დროს ყველა იგრძნობდა.