რას უნდა ველოდოთ უკრაინაში? | ინტერვიუ

რუსეთსა და უკრაინას შორის პოლიტიკური ურთიერთობა ბოლო წლებია უფრო და უფრო უარესდება. იზრდება აგრესიული რიტორიკა და მოქმედებები მოსკოვის მხრიდან.

რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან ჯარის თავმოყრა ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში დაიწყო. პირველად მაშინ გამოითქვა შეშფოთება, რომ რუსეთი შეიარაღებულ დაპირისპირებას გეგმავდა. მაშინ მოსკოვში ამტკიცებდნენ, რომ ეს უბრალო, მშვიდობიანი მანევრი იყო და წვრთნების დასრულების შემდეგ ჯარს უკრაინის საზღვრებიდან გაიყვანდნენ.

თუმცა, შემოდგომით უკრაინის საზღვრებთან რუსეთმა სამხედრო აქტივობა განაახლა და მას შემდეგ სიტუაცია სულ უფრო მძიმდება. დასავლეთში პოლიტიკოსები დღეს უკვე, ფაქტობრივად, დაბეჯითებით ამბობენ, რომ ომი გარდაუვალია.

რამდენად რთულია ვითარება უკრაინის საზღვრებთან, რატომ გააქტიურდა ახლა რუსეთი, რა მიზნები აქვთ მოსკოვში და ასეთ ვითარებაში როგორი პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ? რეგიონში განვითარებული პროცესების შესახებ „პუბლიკა“ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ასოცირებულ მკვლევარს, ნათია სესკურიას ესაუბრა.

პირველ რიგში, დავიწყოთ იმ სიტუაციის აღწერით, რაც უკრაინის საზღვრებთანაა. რამდენად რთულია ვითარება?

უკრაინის საზღვრებთან სიტუაცია ძალიან დაძაბულია, ვინაიდან 2021 წლის ოქტომბრის ბოლოდან იქ რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ტექნიკის უპრეცედენტო მობილიზება ხდება. უკრაინის სადაზვერვო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად ქვეყნის საზღვართან დაახლოებით 130 000-მდე რუსი სამხედროა მობილიზებული.

ამასთანავე, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია სამედიცინო აღჭურვილობისა და სისხლის მარაგის ადგილზე მიწოდებასაც ახდენს, რაც სამხედრო ესკალაციისთვის მზადებაზე მიანიშნებს. შესაბამისად, ეს ყველაფერი დღეს ბევრად მასშტაბურია, ვიდრე თუნდაც 2021 წლის აპრილში, როცა რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან ასევე მოუყარა თავი დიდი რაოდენობით ჯარსა და სამხედრო ტექნიკას.

აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, თებერვალში შეიჭრეს და თუ ეს მოხდა, მათი ვარაუდით, დღეს შეჭრა ბევრად მასშტაბური იქნება, ვიდრე 2014 წელს იყო.

გარდა ამისა, თებერვალში რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარებასაც გეგმავს, რისთვისაც უკვე დაიწყო ბელარუსის ტერიტორიაზე სამხედრო კონტინგენტის მობილიზება. ეს ბადებს ეჭვს, რომ შესაძლებელია რუსეთი ბელარუსის მხრიდან შეჭრის სცენარსაც განიხილავდეს.

ამ ყველაფერს თან ახლავს ისიც, რომ უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე უკვე განხორციელდა მასშტაბური კიბერშეტევა.

პარალელურად რუსეთის ხელისუფლება მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანიასაც აწარმოებს. ოფიციალური წყაროები და სამთავრობო მედია ღიად საუბრობს იმის შესახებ, რომ სწორედ უკრაინული მხარე გეგმავს სამხედრო აგრესიას.

არსებული საინფორმაციო კამპანია შესაძლებელია ემსახურებოდეს რუსეთის განზრახვას, რომ სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში საკუთარი ქმედებები კიევის მხრიდან „აგრესიაზე“ საპასუხო ქმედებად წარმოაჩინოს.

აღსანიშნავია, რომ ახლა სამხედრო მუქარას თან ახლავს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კონტექსტიც და უპრეცედენტოდ მწვავე რიტორიკა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, რომელიც მკაფიოდ აფიქსირებს, რომ სურს წითელი ხაზების გავლება და ეს წითელი ხაზები NATO-ს გაფართოებაზე გადის.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი, როგორც მაღალ პოლიტიკურ ისე პუტინის რეჟიმთან დაახლოებულ საექსპერტო დონეზე მუდმივად აჟღერებდა, რომ რეგიონში NATO-ს გაფართოება მისთვის მიუღებელია და რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ამჯერად რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დასავლეთს ულტიმატუმისა და შანტაჟის ენით ესაუბროს.

რუსეთი ცდილობს, რომ ამ სამხედრო დაძაბულობის შექმნითა და შემდეგ ულტიმატუმების წამოყენებით, მაქსიმალურად გაიმყაროს თავისი პოზიცია. ეს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, NATO-ს გაფართოებასა და საკუთარი გავლენის სფეროების შენარჩუნებაზე გადის.

გარდა ამისა, რუსეთს სურს, ალიანსმა დამატებითი ძალები და შეიარაღება არ განათავსოს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე, იმ ქვეყნებში, რომლებიც ალიანსში 1997 წლის შემდეგ გაწევრდნენ.

ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს  არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან თუნდაც რეგიონისთვის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვისაც. ვლადიმერ პუტინს სურს, შეცვალოს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა და დღის წესრიგში გავლენის სფეროების გადანაწილების საკითხი დააბრუნოს.

გარდა ამისა, რუსეთისთვის უკრაინის შემდგომი დემოკრატიზაცია და დასავლეთთან დაახლოება კატეგორიულად მიუღებელია. გასული წლის ივლისში, პუტინმა გამოაქვეყნა 5 000-სიტყვიანი სტატია უკრაინისა და რუსეთის ისტორიულ ერთობაზე. იქ პუტინი პირდაპირ ამბობს, რომ უკრაინის სუვერენიტეტი რუსეთის გარეშე წარმოუდგენელია, ხოლო უკრაინელები და რუსები ერთი ხალხი არიან.

შესაბამისად, რუსეთისთვის არსებითია, რომ უკრაინა არ დაუახლოვდეს დასავლეთს. ბოლო წლებში კი აღნიშნული ტენდენცია შეინიშნება როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თანამშრომლობის კუთხით. ამიტომ რუსეთი ცდილობს, მაქსიმალური გარანტიები მიიღოს, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციისგან, ისე NATO-ს წევრი ქვეყნებისგან.

ჩემი აზრით, აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებს რუსეთთან მიმართებაში ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული ერთიანი მიდგომა, რასაც, ჩვენდა სამწუხაროდ, რუსეთი თავის სასარგებლოდ იყენებს.

კონსენსუსის არარსებობა კარგად ჩანდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ პროექტის შემთხვევაშიც, რაც ასევე ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ევროპის ნაწილი, მათ შორის, ბალტიის ქვეყნები, მხარს უჭერენ რუსეთის მიმართ მკაცრ პოლიტიკას. თუმცა, მაგალითად, გერმანია ცდილობს, იყოს მაქსიმალურად დაბალანსებული და თავი შეიკავოს მკაცრი სანქციებისგან და ეკონომიკური კავშირების გაწყვეტისგან.

ეს კარგად აისახა იმაში, რომ გაზრდილი სამხედრო აგრესიის საფრთხის მიუხედავად, გერმანიის მთავრობა დღემდე უარს ამბობს უკრაინისთვის თუნდაც თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე.

რატომ წამოაყენა ახლა რუსეთმა ულტიმატუმი? შეიცვალა თუ არა ძალთა ბალანსი დასავლეთსა და რუსეთს შორის?

რუსეთის რიტორიკა ბოლო დროს ძალიან აგრესიულია და ეს გამოწვეულია, ერთი მხრივ, უკრაინაში მიმდინარე შიდა პროცესებითაც. მაგალითად, მოსკოვში ძალიან მწვავედ აღიქვეს პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივით მიღებული დეოლიგარქიზაციის კანონი და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია და მისი დაკავება; მეორე მხრივ, უკრაინა უფრო და უფრო უახლოვდება დასავლეთს, ესეც, რა თქმა უნდა, საფრთხედ არის აღქმული.

გარდა ამისა, უკრაინაში იზრდება მოსახლეობის მხარდაჭერა პროდასავლური კურსისადმი და ქვეყნის NATO-ში გაწევრებას მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს. აღნიშნული დინამიკა, რომელიც რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგია, მაღალი ალბათობით როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში შენარჩუნდება და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

ზოგადად, არ მგონია, ეს მოულოდნელად შექმნილი სიტუაცია იყოს. ეს არის რუსეთის დიდი სტრატეგიის ნაწილი. რუსეთი დასავლეთის სისუსტეებს თავის სასიკეთოდ იყენებს.

ეს რომ ასეა, მკაფიოდ გამოჩნდა ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე ხელოვნურად შექმნილი მიგრანტთა კრიზისიდანაც. ეს, რა თქმა უნდა, იყო ლუკაშენკოს ერთგვარი შურისძიებაც დასავლეთის წინააღმდეგ, პასუხი მკაცრ სანქციებზე.

თუმცა, რუსეთმა კარგად გამოიყენა და ხელი შეუწყო ამ კრიზისის გაღვივებას, რაც, ვფიქრობ, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მკაფიო გამოვლინებაა. რეალურად ამ კრიზისმაც დასავლეთს ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთი არ არის მხოლოდ საქართველოს ან მხოლოდ უკრაინის პრობლემა, ის მთლიანად დასავლეთის პრობლემაა.

ცხადია, რუსეთის ინტერესებსა და ტაქტიკაშიც შედის, რომ სხვადასხვა ფლანგიდან დაასუსტოს დასავლეთი. ამ ჭრილში შეიძლება განვიხილოთ, კავკასიის რეგიონისთვის ახალი, ეგრეთ წოდებული, თანამშრომლობის ფორმატის მოფიქრებაც. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, რუსეთმა კიდევ უფრო გაზარდა სამხრეთ კავკასიაში საკუთარი სამხედრო წარმომადგენლობა.

რეგიონში რუსეთის გააქტიურება და მის მიერ „მედიატორის“ მანტიის მორგება, გარკვეულწილად დონალდ ტრამპის მმართველობის დროს რეგიონში აშშ-ის პასიურობამაც განაპირობა. შესაბამისად, 3+3 ფორმატის წამოწვევა რუსეთისთვის იყო ძალიან დროული. ის კარგად ჯდება რუსეთის სტრატეგიულ მიზანში, შეამციროს რეგიონში დასავლეთის გავლენა.

გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ დღეს აშშ-ის მთავარი ფოკუსი მიმართულია ჩინეთზე. რაც რუსეთს აძლევს იმის საშუალებას, რომ, ერთი მხრივ, უფრო თავისუფლად მიმართოს აგრესია მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ და მეორე – ჰიბრიდული ომის სხვადასხვა მეთოდით შეასუსტოს დასავლური დემოკრატია.

რუსეთის აგრესია მატულობს, ისე ჩანს, რომ იზრდება მისი გავლენაც რეგიონში. თუმცა ამასთან ერთად უკრაინა დიდი ქვეყანაა. რამდენად გონივრული იქნება რუსეთისთვის მასზე თავდასხმა? ხომ არ არის ეს უბრალო მუქარა დასავლეთის დასაშინებლად?

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აცხადებს, რომ ომი მის გეგმებში არ შედის, დასავლეთში შესაძლო სამხედრო ესკალაციის რამდენიმე, მათ შორის სრულმასშტაბიანი ომის სცენარიც განიხილება. ამასთან, დასავლეთი აქტიურად განაგრძობს რუსეთთან მოლაპარაკებებს. თუმცა, მცდელობების მიუხედავად, ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, ვინაიდან დასავლეთის ქვეყნები და რუსეთი ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებზე არიან.

ამ შემთხვევაში შიდაპოლიტიკური კონტექსტიც მნიშვნელოვანია. 2021 წლის სახელმწიფო დუმის არჩევნების წინ, რუსეთში უპრეცედენტო ზომები იქნა მიღებული იმისთვის, რომ პუტინის რეჟიმს მთლიანად ჩაეხშო თავისუფალი მედია და ოპოზიციური ძალები, რასაც ფაქტობრივად მიაღწია კიდეც. თუმცა, მიუხედავად ამისა, პუტინის რეიტინგი გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა.

რუსეთში არის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. ამას ერთვის კორონავირუსის პანდემიაც და დასავლეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შედეგად დაწესებული სანქციების ეფექტი.

ვიცით, რომ კოვიდთან მიმართებაში რუსეთის ხელისუფლების მიდგომა აბსოლუტურად კატასტროფული იყო. დღეს რუსეთის მოსახლეობაში ბევრად უფრო ნაკლებია მხარდაჭერა ქვეყნის კიდევ ერთ სამხედრო კონფლიქტში ჩართვისა, ვიდრე ეს მოხდა 2008 და 2014 წლებში, როდესაც საქართველოსა და უკრაინასთან ომების შემდეგ, პუტინის რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინის შეიარაღება უკვე დაიწყეს, მათ შორის გაერთიანებული სამეფო და აშშ განსაკუთრებით აქტიურად აწვდიან უკრაინას თავდაცვით სისტემებს, რუსეთი სამხედრო უპირატესობას ცალსახად  ფლობს.

თუმცა, ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში, რუსეთს ექნება დიდი ადამიანური დანაკარგი, ვინაიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობა დღეს ბევრად მაღალია, ვიდრე ეს იყო 2014 წელს. გარდა ამისა, უკრაინისთვის თავდაცვითი სისტემების მიწოდება, შეჭრის ხარჯებს რუსეთისთვის საგრძნობლად გაზრდის.

შესაბამისად, აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით შიდაპოლიტიკურ ასპარეზზეც პუტინი ვერ შეძლებს იმავე შედეგის განმეორებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის ომისა და 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ. გარდა ამისა, ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, მაღალი ალბათობით, რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტოდ მკაცრი სანქციები დაწესდება.

აქედან გამომდინარე, სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის სცენარი რუსეთისთვის ძალიან სარისკოა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრემლმა აღნიშნული სტრატეგია აირჩიოს. თუმცა შესაძლებელია რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში, ე.წ „მცირე შეჭრის“ სცენარი აირჩიოს, რისთვისაც რუსეთი ნიადაგს უკვე ამზადებს.

დასავლეთს აქვს რეალური ბერკეტები, რომ რუსული აგრესია შეაკავოს. მთავარი გამოწვევაა კი ისაა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ქვეყნებმა ამ საკითხთან მიმართებაში მიაღწიონ კონსენსუსს. რუსეთთან დათმობებზე წასვლა დასავლეთს წარსულში ძვირად დაუჯდა.

აუცილებელია, დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გააგრძელონ. მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფა, სანაპირო თავდაცვის გაძლიერება, სადაზვერვო ინფორმაციის მეტად გაზიარება. ამ მიმართულებით გარკვეული პოზიტიური ნიშნები ჩანს.

მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდან პუტინი ცდილობს, სანქციების მიმართ რუსეთის ეკონომიკა უფრო მედეგი გახადოს, სანქციების სახით დასავლეთს ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს.

აუცილებელია ტარგეტირებული სანქციებიც, რომლებიც შესაძლოა, დაუწესდეთ რუსულ ბანკებს, ნავთობისა და გაზის კომპანიებს და ასევე კრემლთან დაახლოებულ კონკრეტულ პირებს. აღნიშნული საკითხის განხილვა უკვე აქტიურად მიმდინარეობს აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში.

გარდა ამისა, აუცილებელია გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ შეჩერება, ვინაიდან არაერთი მაგალითი არსებობს იმისა, როგორ იყენებს რუსეთი საკუთარ რესურსებს გეოპოლიტიკურ იარაღად. საუბარია ასევე რუსეთის საერთაშორისო საფინანსო სისტემის SWIFT-დან გათიშვის საკითხზე, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთს მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის.

ბერკეტები არსებობს, მაგრამ მხოლოდ რიტორიკით ძალიან ძნელია კრემლს პოზიცია შეაცვლევინო. ამის მწარე გამოცდილება უკვე გვაქვს, როდესაც რიტორიკას არ მოსდევდა მკაცრი ნაბიჯები, რუსეთი კი უკან დახევის ნაცვლად უფრო და უფრო აქტიურად აგრძელებდა საკუთარ აგრესიულ ქმედებებს.

დღეს კარგია ის, რომ დასავლეთი უფრო ერთიანია, ვიდრე აქამდე. თუმცა, ფაქტია, საქართველოსა და უკრაინის გამოცდილებიდან დასკვნები ჯერ კიდევ გამოსატანია.

ფიქრობთ, რომ შესაძლებელია სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილება?

სამხედრო ესკალაციას გრძელვადიანი დამაზიანებელი შედეგები მოჰყვება როგორც უკრაინისთვის, ისე ევროპის უსაფრთხოებისთვის. აქედან გამომდინარე, ამ ჩამოთვლილი ბერკეტებითა და სხვა მეთოდების გამოყენებით, მისი თავიდან არიდება და რუსეთის შეკავება ვფიქრობ, შესაძლებელია.

მიუხედავად არცთუ ისე წარმატებული დასაწყისისა, დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება და, სავარაუდოდ, ვითარების დეესკალაციის მიზნით, დასავლეთი შეეცდება რუსეთი გრძელვადიან მოლაპარაკებებზე დაითანხმოს.

მაგრამ, მნიშვნელოვანია, რა დათმობებზე წავა დასავლეთი და რაზე – რუსეთი. დასავლეთიდან გაკეთდა გარკვეული მინიშნებები, რომ შესაძლებელია ისეთ საკითხებზე როგორიც არის საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განლაგება, გარკვეული მოლაპარაკებები შედგეს.

თუმცა, რუსეთის ულტიმატუმი NATO-ს გაფართოების შეწყვეტაზე სრულიად მიუღებელია. არცერთ სახელმწიფოს არ აქვს იმის უფლება, რომ განუსაზღვროს მეორეს სახელმწიფოს საკუთარი არჩევანი, საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი. ამიტომ, ვფიქრობ და იმედი მაქვს, დასავლეთი აღნიშნულ საკითხს, მოლაპარაკებების საგნად არ აქცევს. ამას მოწმობს განცხადებები ბრიუსელსა და ვაშინგტონშიც.

არსებობს ბევრი მაგალითი იმისა, რომ რუსეთი არ არის კეთილსინდისიერი პარტნიორი. ერთი ულტიმატუმის შესრულებას, აუცილებლად მოჰყვება სხვა ბევრად უფრო დიდი, უფრო მწვავე ულტიმატუმი. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებითაც, ჩემი აზრით, აუცილებელია, რომ დასავლეთს ჰქონდეს ძალიან პრინციპული, შეჯერებული და მკაფიო პოზიცია.

საქართველო ვახსენეთ და ჩვენ რის გაკეთება შეგვიძლია? როგორი პოზიციის დაკავება იქნებოდა საქართველოსთვის უმჯობესი?

პირველ რიგში, სამწუხაროდ, საქართველო დღეს საერთაშორისო დისკუსიაში ნაკლებად ფიგურირებს. თუნდაც, საერთაშორისო მედიაში სულ უფრო ნაკლებად ვრცელდება ინფორმაცია იმ რეალურ გამოწვევებსა და საფრთხეებზე, რასაც რუსეთი ჩვენს ქვეყანაში დღემდე ქმნის.

2008 წელს ომი იმ ხუთი დღით არ დასრულებულა, აგრესია გრძელდება. ჩვენ გვაქვს რეალური მიმდინარე საფრთხეები, იქნება ეს ბორდერიზაცია, კიბერთავდასხმები, გავლენის აგენტების გაძლიერება, დეზინფორმაციის გავრცელება თუ სხვა.

რუსეთისთვის ვხედავთ, რომ საქართველო ისევ დღის წესრიგშია. ჩვენც ვართ რუსეთის მიერ დასავლეთისადმი წაყენებული ულტიმატუმის ნაწილი. კრემლი საქართველოზეც მოითხოვს დოკუმენტურ გარანტიებს, რომ ის ვერასდროს გახდეს ალიანსის წევრი. ასე რომ, უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენები პირდაპირ კავშირშია საქართველოსთანაც.

მიმაჩნია, რომ საქართველომ უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს დასავლელ პარტნიორებთან. უნდა ეცადოს, რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ მუდმივად იყოს დღის წესრიგში.

მიმდინარე მოვლენებმა, დასავლეთის ქვეყნებს უკრაინის რეალური მექანიზმებით უზრუნველყოფის აუცილებლობა დაანახვა, რათა უკრაინა გაუმკლავდეს რუსულ საფრთხეს და უფრო მედეგი იყოს, საქართველოც აუცილებლად უნდა იყოს ამის ნაწილი.

მანამ, სანამ მთელი ყურადღება უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენებზეა მიმართული, რუსული ზეწოლა საქართველოს მიმართ იზრდება და ჩვენ მეტი აქტიურობა გვმართებს.

გახსოვთ, დეკემბერში იყო 3+3 ფორმატის შეხვედრა, რომელში მონაწილეობაზეც საქართველომ უარი განაცხადა. ჩვენი დროშა კი მაინც იყო ამ შეხვედრაზე გამოფენილი და საქართველოს იქ არყოფნის მიუხედავად, აღნიშნული შეხვედრა ისე გაშუქდა, თითქოს ეს 3+3 ფორმატის შეხვედრა იყო.

ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთი კვლავ შეეცდება, მოახდინოს სხვადასხვა სახის ზეწოლა იმისთვის, რომ საქართველო იყოს ამ ფორმატის ნაწილი, ფორმატის, რომელიც თავისი არსით არის ანტიდასავლური.

2020 წლიდან რუსეთმა კავკასიაში გაზარდა სამხედრო წარმომადგენლობაც და გავლენაც. განსაკუთრებით იმით ისარგებლა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტებში არ იყო კავკასიის რეგიონი. ჩვენთვის საფრთხე რეალურია და ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ ჩვენი ქვეყნის  ევროატლანტიკური მომავალი ეჭვქვეშ არ დადგეს.