რატომ არის ყალბი ხელისუფლების მცდელობა, შეუერთდნენ მოწოდებას - „ევროპისკენ"

მას შემდეგ, რაც საზოგადოების პრაქტიკულად ყველა სფეროს წარმომადგენელმა გამოხატა კრიტიკული დამოკიდებულება იმ რუსული კანონის მიმართ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” გუშინ პირველი  მოსმენით მიიღო, და დააფიქსირა მხარდაჭერა ევროპული კურსის მიმართ, ხელისუფლების პროპაგანდამ ლავირება სცადა.

ხელისუფლების მაღალჩინოსნები და მათი მხარდამჭერები ფეისბუქზე მასობრივად იყენებენ ფრეიმს – „ღირსებით ევროპისკენ”.

მესიჯბოქსის ცვლილება ხელისუფლებას მას შემდეგ დასჭირდა, რაც დაინახეს, რომ საქართველოს ისტორიული არჩევანის მომხრე არა მხოლოდ დამოუკიდებელი  მედია და NGO-სექტორი, არამედ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობაა.

ეს საკუთარი გამოხმაურებებით დაადასტურეს ქართული სპორტის ვარსკვლავებმა, მეცნიერებმა, მწერლებმა, ლექტორებმა, სტუდენტებმა, ფერმერებმა, მსახიობებმა, პედაგოგებმა და ა.შ.

თუმცა საკმარისია, გადავხედოთ მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განცხადებებსა თუ ქმედებებს და დავრწმუნდებით, რომ ხელისუფლების მესიჯბოქსის ცვლილება პროპაგანდისტული ხრიკი და მოჩვენებით ნაბიჯია.

„ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი არ არის” – მიხეილ ყაველაშვილი, უმრავლესობის წევრი, რუსული კანონპროექტის ავტორი.

„ევროპარლამენტმა სამარცხვინო რეზოლუციით გვითხრა, რომ მათ არ აინტერესებთ ქართველი ხალხის აზრი“ – ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 

„თუ ვიღაც გვეუბნება, რომ ევროინტეგრაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვცემს, თუ საქართველოში უარს ვიტყვით სამართლის უზენაესობაზე, დემოკრატიაზე, თავისუფალ მედიაზე და ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობას“ დავაბრუნებთ, ეს მსჯელობა მიუღებელია” – ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების” თავმჯდომარე.

„თუ მათი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული კანდიდატის სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით, არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ” – კახი კალაძე, თბილისის მერი.

„თვითმიზანი არ არის ევროპა, რომ შევიდეთ იქ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ და სიცრუის მთელი კასკადი სახეზე ააფარონ მოსახლეობას“ – ალუდა ღუდუშაური, ქართული ოცნების დეპუტატი.

ეს მხოლოდ მცირე რაოდენობაა იმ განცხადებებისა, რასაც საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ტირაჟირებს და ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ცდილობს. რომ აღარაფერი ვთქვათ, მათ მიერ კონტროლირებადი ტელეკომპანიებისა და სოცქსელების მეშვეობით წარმოებულ რუსული ტიპის პროპაგანდაზე.

როგორც ვხედავთ, ხელისუფლებას დაუფარავი ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკა ჰქონდა გაჩაღებული, თუმცა როგორც კი ნათელი გახდა, რომ წლების განმავლობაში დახარჯულ ფულს და გაწეულ ძალისხმევას ხელშესახები შედეგი არ ჰქონია და საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილის არჩევანი ევროპული ოჯახია, ხელისუფლება ცდილობს, მიეწებოს ამ ნარატივს, და ოდნავ მაინც შეამციროს ის უზარმაზარი ელექტორალური ზიანი, რაც რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიიღეს.