როცა ვირტუოზი დადუმდება

დავით ბუხრიკიძე

69 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი პიანისტი, ალექსანდრე (ლექსო) თორაძე.  

ყველა გამორჩეულ მუსიკოსს საკუთარი ადგილი აქვს მუსიკის ისტორიაში; თუმცა მე ისტორიას ვერ შევეჯიბრები. მინდა მუსიკის საშუალებით რაც შეიძლება უკეთ შევიცნო საკუთარი თავი და შესაძლებლობანი. არა იმიტომ, რომ საუკეთესო ვიყო, არამედ საკუთარი სტილისა და ენის უკეთ გასაგებად. შესაძლოა მსმენელისთვის ეს ძიება საინტერესო სულაც არ იყოს, მაგრამ ის უთუოდ იგრძნობს და გაიგებს, რომ ეს ჩემი ენაა, ჩემი ინტერპეტაცია 

ჩემთვის კონცერტი საკუთარ თავთან შეჯიბრს ჰგავს. ყოველი კონცერტისას თითქოს ხელახლავთარგმნიმუსიკას, რადგან ჩემი ცნობიერი თუ არაცნობიერი მეხსიერება ინახავს იმ მონახაზს, რაც ამ კონკრეტულ ნაწარმოებთან დაკავშირებით მქონდა წინა კონცერტებზე. არ მინდა გავიმეორო, რაც უკვე ბევრჯერ დავუკარი, ან თუნდაც ერთხელ. არც იმას ვფიქრობ, რომ არსებობს რაღაც ჭეშმარიტი და უკვე მოძებნილი ინტერპრეტაცია, რომელიც თუნდაც ყველაზე გამორჩეულ პიანისტებს ეკუთვნით. იმიტომ რომ, დიდ მუსიკას სიმართლის ბევრი ასპექტი გააჩნია. ის უბრალოდ უნდა მოიძიოსაათობით ნაწვალები ნოტებით, შრომით, ფანტაზიით. შეიძლება გაცილებით იოლად, ან რთულად, მაგრამ უნდა მოძებნო“.

ეს არის ფრაგმენტი 90-იანი წლების ინტერვიუდან, რომელიც გამოჩენილმა ქართველმა პიანისტმა ლექსო თორაძემ ამერიკელ; პროდიუსერთან და მუსიკის კრიტიკოსთან, ბრიუს დიუფთან ჩაწერა. ქართველი მუსიკოსი გულის შეტევის შემდგომი გართულებით 12 მაისს, ინდიანას შტატის ქალაქ საუზ ბენდში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ის მუსიკალური ცენტრის საფორტეპიანო ფაკულტეტის კათედრას ხელმძღვანელობდა. 30 მაისს ლექსო თორაძეს 70 წელი შეუსრულდებოდა.

ორიოდე კვირის წინ, 23 აპრილს პიანისტმა კონცერტი გამართა ვანკუვერის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ვაშინგტონში. თუმცა, თითქმის ყველამ იცოდა, რომ თავს კარგად ვერ გრძნობდა. კონცერტის დღეს თორაძეს დამოუკიდებლად სიარული უჭირდა, ამიტომ მას სცენაზე ახლდა ექიმი მაიკლ ლიუ, ექიმი და ვანკუვერის სიმფონიური ორკესტრის გამგეობის წევრი. მსმენელი წინასწარ გააფრთხილეს, რომ არსებობდა შესაძლებლობა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო მუსიკოსი საკონცერტო დარბაზში საერთოდ ვერ მისულიყო.

ყველაფრის მიუხედავად, ქართველმა პიანისტმა არა ერთი, არამედ ორი კონცერტი დაუკრა! ჯერ სტრავინსკის ფორტეპიანო კონცერტი, შემდეგ კი მთავარი მოვლენადიმიტრი შოსტაკოვიჩის მეორე საფორტეპიანო კონცერტი, რომლის შესრულებას დარბაზში წარმოუდგენელი ოვაციები მოჰყვა. თუმცა სწორედ ამ კონცერტის შესრულებისას გულის მწვავე უკმარისობა განუვითარდა.

იმავე საღამოს, მისმა ექიმმა მანქანით სამედიცინო ცენტრში მიიყვანა, სადაც შედარებით სტაბილურ მდგომარეობამდე იმყოფებოდა. 12 მაისს კი ამერიკულ მედიაში მოულოდნელად გავრცელდა ინფორმაცია მუსიკოსის გარდაცვალების შეახებ, რაც ოჯახის წევრებმა და მისმა მეგობრებმაც დაადასტურეს.

ლექსო თორაძე აღიარებულია, როგორც მსოფლიოს ერთერთი გამორჩეული და ვირტუოზი პიანისტი. განსაკუთრებით მეოცე საუკუნის რუსი კომპოზიტორების (სტრავინსკი, პროკოფიევი, შოსტაკოვიჩი) არაორდინალური და ვირტუოზული ინტერპრეტაციით. რომელთა კონცეფციების ცოდნა, ღრმად პოეტური ლირიკულობა და ემოციური მღელვარება, მართლაც შეუდარებელია.

ლექსო თორაძე დაიბადა 1952 წლის 30 მაისს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და მსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში. 1978 წელს დაამთავრა მოსკოვის ჩაიკოვსკის კონსერვატორია და მალე პროფესორი გახდა. 

1983 წელს ესპანეთში გასტროლების დროს, მან მადრიდში, ამერიკის საელჩოს შენობაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. რამდენიმე კვირაში კი სამუდამოდ გადავიდა შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად. ამის შემდეგ იწყება მისი წარმატებული კარიერა ამერიკასა და ევროპაში. სოლო კონცერტები თუ საფორტეპიანო კონცერტები მრავალ ორკესტრთან და გამორჩეულ დირიჟორებთან. 

უნდა აღინიშნოს, რომ მისმა გაქცევამ დასავლეთში ლამის რუდოლფ ნურიევის ემიგრაციის მასშტაბის მღელვარება და რეზონანსი გამოიწვია საბჭოეთში. ამასთან, ლექსო თორაძის ოჯახმა უშიშროების სამსახურისგან უდიდესი ფსიქოლოგიური და მორალური ტრავმა გადაიტანა, რასაც მამამისი, დავით თორაძე შეეწირა კიდეც.

თორაძის ჩანაწერებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროკოფიევის ხუთივე საფორტეპიანო კონცერტიდან ვალერი გერგიევთან და მარინის თეატრის ორკესტრთან ერთად, Philips-ის ლეიბლისთვის. კრიტიკოსების მიერ მესამე საფორტეპიანიო კონცერტი აღიარებულია, როგორცისტორიულად საუკეთესო ჩანაწერი” (70-ზე მეტი ჩანაწერიდან). სხვა უაღრესად წარმატებულ დისკებში შედის მუსორგსკის, სტრავინსკის, რაველის და პროკოფიევის ნამუშევრების რეციტალირების ალბომები Angel/EMI ლეიბლისთვის.

დიდი დროს უთმობდა პიანისტთა მომავალ თაობის აღზრდასაც. 1991 წელს იგი დაინიშნა პროფესორად ინდიანას უნივერსიტეტის სამხრეთ ბენდში და შექმნა სასწავლო გარემო, რომელიც გამორჩეულია თავისი უნიკალური პედაგოგიური კონცეფციით. ლექსო თორაძის საფორტეპიანო სტუდიის წევრები მაღალი კლასის პიანისტებად ჩამოყალიბდნენ, რომელმაც საერთაშორისო დონეზე კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურეს.