საქართველოს მუზეუმების ნაწილში საერთაშორისო, პროფესიული ბარათით უფასოდ შესვლა შეიზღუდა

ქრისტინე მუჯირი

ეროვნულ გალერეასა და ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმში ICOM-ის წევრის ბარათით უფასოდ აღარ უშვებენ.

ICOM არის მუზეუმების საერთაშორისო საბჭო, რომლის მთავარი ოფისი მდებარეობს პარიზში. მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს 140-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობა,  მათ შორის საქართველოშიც. ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი 2007 წლიდან მოქმედებს და წარმართავს სხვადასხვა პროექტს. ამ პროფესიულ ორგანიზაციაში გაწევრიანებული არიან სამუზეუმო სფეროს სპეციალისტები, რომლებსაც წევრობის ბარათით მსოფლიოს მუზეუმების დაახლოებით 95%-ში უფასოდ შეუძლიათ სტუმრობა.

რატომ დაიბლოკა საქართველოს მთავარ მუზეუმებში საერთაშორისოდ აღიარებული ბარათი და რას აპირებს ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, ამის შესახებ  „პუბლიკას“ ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლანა ქარაია ესაუბრა.

მისი თქმით, ბოლო თვეებში საქართველოში ჩამოვიდა სამუზეუმო სფეროს წარმომადგენელი ბევრი უცხოელი, რომლებიც ICOM-ის წევრები არიან და, შესაბამისად, დამადასტურებელი ბარათიც ჰქონდათ, თუმცა ისინი ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმსა და ეროვნულ გალერეაში უფასოდ არ შეუშვეს.

როგორც ლანა ქარაია ამბობს, ICOM-ის საქართველოს კომიტეტს ეროვნულ მუზეუმში გაგზავნილი აქვს ოფიციალური წერილი განმარტებისთვის, თუ რატომ აღარ მოქმედებს ბარათები, თუმცა ჯერ პასუხი არ მიუღიათ.

„როგორც წესი, მუზეუმს არ აქვს ვალდებულება დოკუმენტურად, რომ აღნიშნული ბარათით უფასოდ შეუშვას ვიზიტორი, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად მისი პროფესიული ვალდებულება. მსოფლიოს 95%-მდე მუზეუმისთვის არის პრესტიჟი, რომ ICOM მათთან მუშაობს. როდესაც ადამიანი მოდის ICOM-ის ბარათით,  ეს ნიშნავს, რომ არის სამუზეუმო საქმის პროფესიონალი, მუზეუმის წარმომადგენელი და მუზეუმი პროფესიულად მისთვის უზრუნველყოფს ამ უფასო შესვლას და სხვა პრიორიტეტებს“, – ამბობს ქარაია.

მისივე თქმით, ICOM არის ერთადერთი პროფესიული გლობალური ორგანიზაცია სამუზეუმო სფეროში და საქართველოში მისი არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაში სამუზეუმო სფეროს გასავითარებლად.

რატომ აღარ მუშაობს ICOM-ის ბარათები?

ეს შეკითხვა „პუბლიკამ“ ICOM-ის თავმჯდომარეს, ლანა ქარაიასა და მუზეუმთმცოდნე სალომე ცისკარიშვილს დაუსვა.

ლანა ქარაიამ გაიხსენა მიმდინარე წლის აპრილის მოვლენები, როდესაც ორგანიზაციას ახალი ბორდი და თავმჯდომარე უნდა აერჩია. მისი თქმით, ICOM-ს ჰყავს 400-მდე წევრი და არჩევნებისთვის შეიკრიბა 250-ზე მეტი წევრი. დღის წესრიგის მიხედვით, არჩევნებთან ერთად უნდა წარედგინათ ორგანიზაციის საქმიანობის ანგარიში და საჭირო იყო წესდების შეცვლაც. შეხვედრაზე იმყოფებოდა ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია, რომელიც ბოლო პერიოდში ხშირად ჩნდება კულტურის მინისტრ თეა წულუკიანსა და მის მოადგილე ნიკა ახალბედაშვილთან ერთად.

ლანა ქარაიამ დაადასტურა, რომ გიორგი კალანდიას სურდა ბორდის წევრობა და, სავარაუდოდ, თავმჯდომარეობაც. ის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. როგორც ქარაია იხსენებს, კალანდიასა და თანმხლები პირებისგან იყო ხელის შეშლის მცდელობა, მწვავე საუბრები, თუმცა საბოლოოდ არჩევნები ჩატარდა,  ICOM-ის წევრებმა აირჩიეს ბორდის წევრები და თავმჯდომარე, რომელთა შორის არ იყვნენ სამინისტროს ინტერესების გამტარი პირები.

მუზეუმთმცოდნე სალომე ცისკარიშვილიც ამბობს, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი და გავლენიანი პროფესიული ორგანიზაციის წევრობის ბარათით კოლეგების უფასოდ შეშვება ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი მუზეუმისთვის პრესტიჟისა და კოლეგიალობის საკითხია.

სალომე ცისკარიშვილის თქმით, კულტურის სამინისტროს მხრიდან, ჯერ კიდევ ზამთარში, იყო უშედეგო მცდელობა უკანონო ზეწოლა მოეხდინათ ICOM-ის საქართველოს ეროვნულ კომიტეტზე. მისივე განმარტებით, სამინისტროს ამგვარი ინტერესი ორგანიზაციის მიმართ გაჩნდა მას შემდეგ, რაც ICOM-მა საჯაროდ გამოთქვა პროფესიული აზრი ეროვნულ მუზეუმთან, კერძოდ – ხელოვნების მუზეუმის შენობასთან, კოლექციებთან და თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც ეწინააღმდეგებოდა სამინისტროს პოზიციას.

„შემდეგი ეტაპი დადგა აპრილში, როდესაც ჩატარდა ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის საერთო კრება, სადაც თვალსაჩინო გახდა, რომ სამინისტროს ინტერესების გამტარებელი რამდენიმე წევრისა და სხვა მონაწილეების აზრი მკვეთრად განსხვავებულია. ერთი სიტყვით, მცდელობების მიუხედავად, სამინისტრომ ვერ მოახერხა ამ არასამთავრობო ორგანიზაციაზე კონტროლის მოპოვება.

შესაბამისად, ვვარაუდობ, რომ ICOM-ის წევრის ბარათით საქართველოში სარგებლობის შეზღუდვით „იძიეს შური“. სხვა მიზეზი ვერ წარმომიდგენია – გავიმეორებ, ზოგადად მსოფლიოში ეს წესი მუზეუმის პრესტიჟის და კოლეგიალობის გამოვლინებაა, ერთგვარი ზრდილობაც კი. ვერც იმას იფიქრებ, რომ გადაწყვეტილება შემოსავლის გაზრდის სურვილის გამო შეიძლებოდა მიეღოთ – უცხოელების ჩათვლით, არც იმდენი ადამიანი სარგებლობს ამ ბარათით საქართველოს მუზეუმებში შესასვლელად, რომ მათ მიერ ბილეთში გადახდილმა ფულმა საგრძნობლად გაზარდოს რომელიმე მუზეუმის ბიუჯეტი“, – ამბობს ცისკარიშვილი.

მისი ინფორმაციით, გარდა ამისა, ბილეთის ფასიც გაიზარდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ამის დადასტურება არ შეუძლია, რადგან ვებსაიტზე ინფორმაცია როგორც ბილეთების ფასის, ასევე უფასოდ დაშვებული მნახველების კატეგორიების შესახებ წაშლილია.

სალომე ცისკარიშვილმა დეტალურად გაიხსენა აპრილში ორგანიზაციის წევრების საერთო კრება, რომელზეც მიიღეს ახალი წესდება, აირჩიეს ახალი საბჭო და თავმჯდომარე.

„გიორგი კალანდია ესწრებოდა კრებას და საბჭოს წევრადაც წარადგინა თავისი კანდიდატურა. ის მეტად ემოციურად და არაერთხელ გამოვიდა მრავალრიცხოვანი ბრალდებებით. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ კრების თავმჯდომარეს რეგლამენტის დარღვევაც კი მოუწია იმისათვის, რომ არ შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს გიორგი კალანდიას ხელს უშლიდნენ აზრის მრავალგზის გამოხატვაში.

კრების დამოკიდებულებაზე ამ ბრალდებებისადმი საუკეთესოდ მეტყველებს საბჭოს არჩევნების შედეგები და ამიტომ ციფრებს მოვიყვან. 19 კანდიდატურიდან საბჭოში არჩეულთა მიერ მიღებული ხმები მერყეობს 211-103 შორის. საბჭოში ვერ მოხვედრილმა რვა კანდიდატმა მიიღო 95-24 ხმა. ოღონდ აქაც დიდია სხვაობაა თავისუფალ და სამინისტროს პოზიციის გამტარებელ ორ კანდიდატურას შორის. სხვა კანდიდატებთან 63 ხმა იყო მინიმალური, ხოლო თეონა ჯაყელმა და გიორგი კალანდიამ მიიღეს შესაბამისად – 27 და 24 ხმა. ასეთ შედეგს კომენტირებაც არ სჭირდება.

მე შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ გიორგი კალანდიას სურდა არა მხოლოდ საბჭოს წევრობა, არამედ თავმჯდომარეობაც. რადგან თავმჯდომარეს საბჭო თავისი წევრებიდან ირჩევს, ეს საკითხი ავტომატურად მოიხსნა 24 ხმის მიღების შემდეგ“ – თქვა მან.

 

„მუზეუმელთა ალიანსი“ – გიორგი კალანდიას ახალი ორგანიზაცია

ს. ცისკარიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ICOM-ის კრებაზე ჩატარებული არჩევნების შედეგად სამინისტროს ინტერესების გამტარებელი პირები ვერ გახდნენ საბჭოს წევრები, სექტემბრში მათ, სამინისტროს მხარდაჭერით, შექმნეს ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია – „მუზეუმელთა ალიანსი“.

„ალიანსი“ მეტად სპეციფიკური პროფესიული არასამთავრობო ორგანიზაციაა. სპეციფიკური იმის გამო ვუწოდე, რომ თუმცა ის არასამთავრობოა იურიდიულად, დე-ფაქტო ეს არის სამინისტროს მიერ, მისი პოლიტიკის გატარების ხელშესაწყობად შექმნილი ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებლებიც არიან გიორგი  კალანდია, თეონა ჯაყელი, ნიკა ახალბედაშვილი და ნინო ჭიპაშვილი“, – ამბობს ცისკარიშვილი.

მისი თქმით, „ალიანსის“ ყრილობა 12 სექტემბერს შედგა, ხოლო საქართველოს მუზეუმებს წინასწარ დაეგზავნათ წერილი „ალიანსის“ სახელით, რომლითაც მკაფიოდ ჩანდა, რომ ახლად შექმნილი ორგანიზაცია უშუალოდ არის დაკავშირებული სამინისტროსთან.

„მუზეუმების დირექტორებს მოსთხოვეს დელეგატების სიების წარდგენა და სამინისტროს მიერ წელს შექმნილი ჯილდოს კანდიდატურების დასახელება. უზრუნველყოფილი იყო ტრანსპორტი რეგიონებიდან დელეგატების ჩამოსაყვანად. ყოველივე ამის შედეგად შეაგროვეს 400-მდე მონაწილე.

„ალიანსის“ შესახებ წარმოდგენის შესავსებად, მხოლოდ სამ დეტალს დავამატებ:  1. ყრილობაზე შესრულდა საქართველოს და „ქართული ოცნების“ ჰიმნები.  2. ამ ორგანიზაციის სახელწოდება სხვადასხვა შინაარსისაა ქართულად და ინგლისურად: მუზეუმელთა ალიანსი – Alliance of Museums. ეს რას უნდა ნიშნავდეს, ვერაფრით მესმის. 3. მონაწილეებს დაურიგეს ალიანსის წევრის ბარათები, დაპირდნენ, რომ ნოემბრიდან ამ ბარათით მათ უფასოდ შეეძლებათ საქართველოს მუზეუმებში შესვლა. როგორც ჩანს, თვლიან, რომ ICOM-ის საერთაშორისო მოქმედების ბარათის საპირწონედ გამოდგება ეს ანონიმური, მფლობელის სახელის აღნიშვნის არმქონე, ბარათი“, – ამბობს ს. ცისკარიშვილი.

მისივე აზრით, ამ ახალი ორგანიზაციის შექმნა საჭიროდ ჩაითვალა, რადგან სამინისტრომ ვერ მოახერხა ICOM-ის საქართველოს ეროვნულ კომიტეტზე სრული კონტროლის დამყარება. ამავდროულად, ისიც გამოჩნდა, რომ გიორგი კალანდიამ ვერ მოიპოვა კოლეგების მხარდაჭერა. ამიტომაც შექმნეს თავისი ორგანიზაცია, რისი მეშვეობითაც შეძლებენ, არასამთავრობო სექტორის სახელითაც გაამყარონ სამინისტროს პოლიტიკა და ქმედებები.

სალომე ცისკარიშვილი ამბობს, რომ „პრობლემა ის კი არაა, რომ ICOM-ის ბარათების მფლობელ კოლეგებს ბილეთის ყიდვა მოუწევთ, თუმცა ესეც ერთგვარი ფაქტორია. პრობლემა ისაა, რომ ეს ერთგვარი ინდიკატორია ქვეყნის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად. ამით საქართველო თავს მონიშნავს, როგორც მსოფლიო პროცესებისგან და პრაქტიკებისგან იზოლირებული სახელმწიფო. არც მეტი, არც ნაკლები. მუზეუმი ქვეყნის სახეა, მით უფრო – ეროვნული მუზეუმი. ამას ვერ გავექცევით“, – თქვა მან.

ICOM-ის თავმჯდომარე ლანა ქარაიამ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ისინი გარკვეული დროის განმავლობაში დაელოდებიან ეროვნული მუზეუმიდან განმარტებას, რის შემდეგაც ეროვნული კომიტეტი შეატობინებს ICOM-ის სათავო ოფისს და ეროვნული კომიტეტის შემდეგი ნაბიჯები მთავარ ოფისთან ერთად დაიგეგმება.

როგორც ის აღნიშნავს, ICOM-ის სათავო ოფისი ინფორმირებულია ბოლო პერიოდში მუზეუმებში სხვა მიმდინარე პროცესების შესახებ.


მას შემდეგ რაც თეა წულუკიანმა დაიკავა კულტურის მინისტრის თანამდებობა „პუბლიკა“ პერმანენტულად ცდილობს დაუკავშირდეს კულტურის სამინისტროს, ეროვნული მუზეუმის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს პრესსამსახურებს, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მათ ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებზე არ უპასუხიათ.